ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. 9 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 11 ქულა მოაგროვა. 3 თამაში მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება. კლუბმა დაამარცხა „ლოკომოტივი“, „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ეროვნული ლიგიდან წელს ამოსული გუნდისთვის, შთამბეჭდავი შედეგია.
ეს წარმატება „გაგრას“ ახალგაზრდა მწვრთნელს გაგა კირკიტაძეს უკავშირდება. ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდს სულ რამდენიმე წლის წინათ ჩაუდგა სათავეში და ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის თასის მოგება მოახერხა, ითამაშა ევროტურნირზე და გუნდი ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. მსგავსი შედეგით ბევრი გამოცდილი სპეციალისტი ვერ დაიკვეხნის. მით უფრო იმ მწირი რესურსის გათვალისწინებით, რაც „გაგრას“ აქვს.
ეროვნული ლიგის პირველი წრის შეფასებით ჩვენი ვებ-გვერდის სტუმარია „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.
– ვფიქრობ, პირველი წრის შეხვედრები ურიგოდ არ ჩაგვიტარებია. ჩემპიონატის დაწყებამდე სიმართლე გითხრათ, ხმამაღალი ამბიციები არ გვქონია. წლევანდელ სეზონში ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. მიიღებს საჭირო გამოცდილებას და შემდეგ შევხედავთ, რა შესაძლებლობები გვექნება კლუბის უფრო მეტად განვითარებისთვის.
– გუნდმა სეზონი აქტიურად დაიწყო. პირველ 4 ტურში 7 ქულა მოაგროვა. მომდევნო 5 შეხვედრაში კი 4. რა არის ამის მიზეზი?
– მართალია. პირველ ტურებში, თამაშის რიტმში კარგად ჩავსხედით. ბევრი რამ გამოგვდიოდა. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, უამინდობით გამოწვეული გადადებული თამაში და ამან ერთობლიობაში რიტმიდან ამოგვაგდო.
– თამაშის ხარისხზე იმოქმედა?
– ამთავითვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვცდილობთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ხან გამოგვდის, ხან არა. ეს ფეხბურთია. თამაში ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს. ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ.
– წაგებულ თამაშებსაც გულისხმობთ?
– კი, ბატონო. მაგალითად ქუთაისის „ტორპედოსთან“ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ – 2:0 წავაგეთ. იმ შეხვედრაში იყო მომენტი, როცა მინდორზე აბსოლუტურად ვდომინირებდით. სამწუთიანი მონაკვეთი გვქონდა, როცა რამდენჯერმე შეგვეძლო კარის აღება, მაგრამ მეტოქემ კონტრიერიში წამოიღო და გოლი გაგვიტანა. ფეხბურთი პატარა დეტალებისგან შედგება. ეს დეტალები იმ მატჩში ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებდა.
– „თელავთან“ თამაშიც შეგვიძლია გავიხსენოთ?
– „თელავთან“ დასანანი მატჩი (2:2), სადაც ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ბევრი გასატანი გოლი კი ვერ გავიტანეთ. ჩავარდნა ყველა გუნდს ემართება. მთავარია ამ ჩავარდნის პერიოდიდან უფრო ძლიერი გამოვიდეთ. ჩვენი სისტემა მუშაობს. ყველა მეტოქე ნანახი გვყავს. ვიცით მათი შესაძლებლობები და მეორე წრიდან შევეცდებით მათ წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ვითამაშოთ. საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი გავაუმჯობესოთ.
– ეროვნული ლიგის ყველა გუნდი უშუალოდ გამოვცადეთ. რომელმა გუნდმა დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?
– რამდენიმე გუნდია, ვინც წელს მედლებისთვის იბრძოლებს, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ ბათუმის „დინამო“ სულ სხვა საფეხურზე დგას.
– სეზონის წინ „გაგრამ“ სოლიდური შევსება მიიღო. რამდენად მოერგნენ ეს ფეხბურთელები გუნდის სათამაშო სტილს?
– გუნდში მოვიდნენ გამოცდილი ფეხბურთელები. მათი ნაწილი „გაგრაში“ ადრეც თამაშობდა. მაგალითად, ბექა ქურდაძე, შეიძლება ითქვას, დავიბრუნეთ. ვიცით მისი შესაძლებლობები და გვეიმედება. ყველა ფეხბურთელს, ვინც დაგვემატა თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მათი მოსვლით გუნდის თამაში დაბალანსდა. გაჩნდა კონკურენცია, რაც დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, ისინი თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოში. ამას მინდორზე ამტკიცებენ და დაამტკიცებენ მომავალშიც.
– „გაგრას“ გულშემატკივარს რას ეტყოდით?
– პირველ რიგში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავ ყველას და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას ვუსურვებ. მე ბევრი გაგრელი მეგობარი მყავს, ვისაც ძალიან სურს ჩვენი გუნდის თამაშებზე დასწრება, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ამას ვერ ახერხებს. დიდ წუხილს გამოთქვამენ. სინამდვილეში, ჩვენ გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს. სამწუხაროდ, ვინაიდან ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვერ ვთამაშობთ და მუდმივად სტუმრად გვიწევს მატჩების გამართვა. ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს მოცემულობა შეიცვლება და ქალაქი გაგრა დაიბრუნებს თავის საფეხბურთო კლუბს.