9 მარტს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა. გაგრამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და რატი ცაცკრიალაშვილის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მეტოქე, ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

შეხვედრის საწყის წუთებში წყალტუბოელები აქტიურობდნენ და გაგრელთა კარის დარაჯმა, ვადიმ შევჩუკმა ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა ამის შემდეგ გაგრელები გააქტიურდნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 49-ე წუთზე გავიდა, როდესაც სამგურალის მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და წყალტუბოელთა კარში პენალტი დაინიშნა. რატი ცაცკრიალაშვილმა უშეცდომოდ შეასრულა თერთმეტმეტრიანი და მიმდინარე სეზონში როგორც გუნდის, ასევე პირად აქტივში პირველი გოლი ჩაიწერა. ამის შემდეგ გაგრა სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ორი რეალური საგოლე მომენტიც შეექმნა, ორივე შემთხვევაში ტრავმირებული ერეკლე სულთანიშვილის ნაცვლად, მე-14 წუთზე შემოსულმა ლუკა ვარძელაშვილმა გაისროლა წყალტუბოელთა კარისკენ, თუმცა ორივე შემთხვევაში ანდრე ნონოსმა ბრწყინვალე ნახტომებით მოახერხა ბურთის მოგერიება.

გაგრა: შევჩუკი, ზახარჩენკო, კილაძე, სოფრომაძე, სამხარაძე, სულთანიშვილი (ვარძელაშვილი), ხაბელაშვილი, კაკიაშვილი, ცაცკრიალაშვილი (გაბრიჩიძე), გოგატიშვილი (ლომსაძე), პაპავა

სათადარიგო: ისიანი, ბრაჭული, გაბრიჩიძე, ლომსაძე, ვარძელაშვილი, მაგრაქველიძე, ცირდავა

მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

 

სამგურალი: ნონოსი, ბიბილაშვილი, კილაძე, ხარაბაძე, საღრიშვილი (ბრეგვაძე), კაკუშაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, გოგუაძე (ჩხეტიანი), ღონღაძე (ლაღაძე)

სათადარიგო: ნუცუბიძე, ჩხეტიანი, ბრეგვაძე, ლაღაძე, ხელაძე, მანაგაძე, ფანცხავა

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

ამ გამარჯვების შემდეგ გაგრელები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მარტვილის მერანთან 1-2 ადგილებს იყოფენ. ტურის ბოლო მატჩი ხვალ, 10 მარტს, ქუთაისში გაიმართება, სადაც ბათუმის დინამო ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს.

რაც შეეხება მომდევნო ტურს, გაგრელები კახეთს ეწვევიან და ადგილობრივ თელავს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.