ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა გაგრამ თელავში, ადგილობრივ “თელავთან” გამართა და მეტოქეს ფრეზე დაშორდა.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, თელაველთა არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ გონსალესმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა ვადიმ შევჩუკმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია მეტოქის გასროლა.
გაგრელებმა მალევე, მე-10 წუთზე უპასუხეს მეტოქეს, როდესაც ივანე ხაბელაშვილმა გამჭოლი პასით ერთი-ერთზე დატოვა ლევან პაპავა, თუმცა ამ უკანასკნელს ლაზარე კუპატაძემ არ მისცა გატანის საშუალება.
თელაველებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან მირიან ჯიქიას ჩაწოდებულს გიორგი ნიქაბაძე თავური დარტყმით გამოეხმაურა და თელაველები დააწინაურა.
მეორე ნახევარშიც პირველი მომენტი თელაველებმა შექმნეს. 52-ე წუთზე კვლავ არგენტინელმა ლეგიონერმა იაქტიურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი მოძრაობით აუარა გვერდი გაგრელ მცველს და გიორგი ნიქაბაძეზე კარგი გადაცემაც გააკეთა, რომელმაც დარტყმა მოახერხა, თუმცა ვადიმ შევჩუკმა შესანიშნავად დატოვა ფეხი და დაახლოებით ორი მეტრიდან გატანის საშუალება არ მისცა თელაველ ფორვარდს.
ამის შემდეგ უკვე გაგრელები გააქტიურდნენ. მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი გაგრელებს მე-60 წუთზე შეექმნათ, როდესაც თელაველთა საჯარიმოში შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და გოგიტა გოგატიშვილი ძალიან კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს. ამ უკანასკნელმა გამოზომილი დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა რამდენიმე სანტიმეტრით ააცილა მიზანს.
ამ მომენტიდან ზუსტად 10 წუთში კიდევ ერთხელ მიეცა გოგატიშვილს გატანის საშუალება. ევჰენი ზახარჩენკომ საკუთარი საჯარიმოდან უზუსტესი გადაცემა გაუკეთა გოგატიშვილს და მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა თელაველ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და ანგარიში გაათანაბრა.
თელავს 74-ე წუთზე კიდევ ერთხელ ჰქონდა წინ გასვლის ძალიან კარგი შანსი, როდესაც გიორგი ნიქაბაძემ შორიდან გაისროლა, თუმცა გაგრელები ხარიხამ იხსნა.
79-ე წუთზე უკვე რატი ცაცკრიალაშვილს მიეცა გოლის გატანის შანსი, როდესაც კარის ხაზიდან დაახლოებით 25-30 მეტრში მასზე დაჯარიმდნენ და საჯარიმო დარტყმა რა თქმა უნდა თავად შეასრულა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.
საბოლოოდ გუნდებმა თითო ქულა აიღეს. სამი ტურის შემდეგ გაგრა 5 ქულით მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო თელავს, მარტვილის მერანს და შევარდენს 4-4 ქულა დაუგროვდათ და 4-6 პოზიციებზე განლაგდნენ.
გაგრა მომდევნო ტურის მატჩს ნორჩი დინამოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 29 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ გაგრელები სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დინამოს ბაზაზე, 14:00 საათზე დაიწყება.