დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის მატჩები. ტური უხვგოლიანობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ოთხ შეხვედრაში თითო-თითო გოლი გავიდა, სულ კი ხუთ თამაშში 8 გოლი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გოლების ნაკლებობისა, ტურის არც ერთი შეხვედრა დასრულებულა მშრალი ანგარიშით.

ტური 29 მარტს, გაგრასა და ნორჩი დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ნუგო სპანდერაშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი იყო. ამ გამარჯვებით გაგრელები ერთი დღით გალიდერდნენ და ლიდერობა დღევანდელ დღემდეც შეინარჩუნეს, ვინაიდან სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც მცხეთა პარკზე გაიმართა, ცხინვალმა, იმ მომეტისთვის გაგრას ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, წყალტუბოს სამგურალი, ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ცხინვალელთაგან ერთადერთი და გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე, კობა შალამბერიძემ გაიტანა.

ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა დღეს, 30 მარტს გაიმართა. სათამაშო დღე თელავისა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებით გაიხსნა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. თელაველთა კარი 21-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ აიღო, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ბარათებზეც აისახა და ირაკლი კვირიკაშვილმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა.

თელავის პარალელურად მიმდინარეობდა მატჩი მარტვილშიც, რომლის ბედიც ასევე ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მერანმა, ნიკა მგელაძის 53-ე წუთზე გატანილი გოლით ქობულეთის შუქურა დაამარცხა.

ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ბათუმის დინამო თბილისის შევარდენი 1906-ს მასპინძლობდა. პირველი ნახევარი ბათუმელებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 მოიგეს. გოლები მე-5 და 25-ე წუთებზე, შესაბამისად გიორგი ქავთარაძემ და ფლამარიონ ჟოვინომ გაიტანეს, თუმცა ბათუმელებმა შეხვედრა ფინალამდე ნერვიულობის გარეშე მაინც ვერ მიიყვანეს. 67-ე წუთზე, ფარიდ ნაფიევის გადაცემის შემდეგ სხვაობა გიორგი როსტიაშვილმა შეამცირა და თბილისელები თამაშში დააბრუნა. ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა 93-ე წუთზე, ვალერიან თევდორაძემ შევარდენის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.

ეროვნული ლიგა 2 | IV ტურის შედეგები

 

სატურნირო ცხრილი

 

მე-5 ტურის მატჩები 3-4 აპრილს გაიმართება:

3 აპრილი
ნორჩი დინამო – ცხინვალი | 14:00, შატილი-თბილისი
ვიტ ჯორჯია – გაგრა | 16:30, მცხეთა პარკი-მცხეთა

4 აპრილი
სამგურალი – დინამო ბთ | 14:00, მურთაზ ხურცილავა-მარტვილი
შევარდენი – მერანი | 16:00, ტექნიკური ცენტრი “ბასა”-თბილისი
შუქურა – თელავი | 19:00, რამაზ შენგელია-ქუთაისი