ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების 24-ე ტურის შეხვედრაში „გაგრამ“ „ცხინვალი“ დაამარცხა და რაკი ბათუმში „დინამომ“ „ნორჩ დინამოელს“ 4:0 მოუგო, გაგრელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ.
ცხინვალელებთან თამაში იოლი არ იყო. შიდა ქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ამიტომ მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. შესაბამისად, „ცხინვალმა“ თამაში აქტიურად დაიწყო, ბევრს მოძრაობდა, მაგრამ „გაგრას“ კარის დასალაშქრად ოსტატობა არ ეყო. გაგრელები ზონებს საიმედოდ კეტავდნენ და მეთოდურად მოიპოვეს უპირატესობა. უკვე თამაშის მე-9 წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი საჯარიმო მოედანში კილაძემ მიიღო და ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიში გაათანაბრეს 1:1. ტაიმის ბოლომდე გაგრას მრავალი მომენტი ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში „გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა აშკარად შეაგულიანა თავისი ფეხბურთელები. გაგრელები ისე ათამაშდნენ, რომ მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. მათ 4 უპასუხო გოლი გაიტანეს ცხინვალელთა კარში. დუბლი შეასრულა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა რატი ცაცკრიალაშვილმა. ამას გარდა, რატიმ საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამჟამად, ცაცკრიალაშვილის ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე პასია, რითიც ის გუნდის აშკარა ლიდერია.
მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ ჩვენი ქვეყნის თასის გათამაშების ეგიდით „ვიტ ჯორჯის 2-ის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ მერვედფინალური ეტაპის შემდეგ კი 25-ე ტურის შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ შეეჯიბრება.
გაგრა – ცხინვალი 5:1
გაგრა: ისიანი, კილაძე, სულთანიშვილი, ხოსიტაშვილი (სამხარაძე), გაფრინდაშვილი გიორგი, გაფრინდაშვილი თორნიკე, კაკიაშვილი, ცაცკრიალაშვილი (გაბრიჩიძე), ხაბელაშვილი, პაპავა, ლომსაძე (სპანდერაშვილი).
გაგრელთა მხრიდან გოლები გაიტანეს: 1:0 – კილაძე 9’, 2:1 – ცაცკრიალაშვილი 49’, 3:1 – სპანდერაშვილი 69’, 4:1 – ცაცკრიალაშვილი 81’, 5:1 – ლომსაძე 82’.
ავტორი: კახა ფაჩუაშვილი