საფეხბურთო კლუბმა „გაგრა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში, მცხეთაში 2:1 დაამარცხა ვიტ ჯორჯია 2 და დამსახურებულად მოიპოვა ჩვენი ქვეყნის თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდა.
გაგრელებმა 15 სექტემბერს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „ცხინვალი“ დაამარცხეს, დღეს სათასო შეხვედრა იყო, ხოლო 24 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ. 9 დღეში 3 თამაშის გამართვა იოლი საქმე არ არის, ამიტომ გაგრელთა მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა როტაციას მიმართა. გუნდის 4 წამყვანი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამან ბუნებრივია, რომ გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეასუსტა.
მართალია გაგრელები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ მინდორზე, მაგრამ ძალიან უჭირდათ საგოლე მომენტების შექმნა. „ვიტ ჯორჯია 2“ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, – 5 მცველით და 4 ნახევარმცველით ჯორჯიელებმა, 2 დაცვითი ზღუდე შექმნეს. ასეთი მობილური დაცვის გარღვევა კი ნებისმიერი გუნდისთვის რთული ამოცანაა. პირველ ტაიმში გაგრელებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ. ერთადერთი სახიფათო დარტყმა 26-ე წუთზე თავით ვაჟა მათიაშვილმა შეასრულა, როცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა მასპინძელთა კარს. მანამდე კი „ვიტ ჯორჯია 2-მა“ ერთადერთი კონტრშეტევა განახორციელა, რამაც არეულობა გამოიწვია გაგრელთა საჯარიმო მოედანში და გიორგი ამაშუკელმა მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში. ამის მეტი საინტერესო პირველ ნახევარში არაფერი მომხდარა.
აშკარა იყო, რომ „გაგრას“ ცვლილებები სჭირდებოდა. მეორე ტაიმში მინდორზე შემოვიდნენ შემტევი ფეხბურთელები – თორნიკე გაფრინდაშვილი და ლევან პაპავა. დენის ხომუტოვის გუნდმა მკვიდრად მოიკიდა ფეხი მასპინძელთა საჯარიმო მოედნის მისადგომებთან და 3 წუთის ინტერვალში ორჯერ დალაშქრა ჯორჯიელთა კარი. ორივეჯერ თავი გაგრელთა საუკეთესო ბომბარდირმა რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა. მან ჯერ პენალტით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო სამიოდე წუთში, მარცხენა ფრთიდან წამოწყებული იერიში გოლით დააგვირგვინა. აღსანიშნავია ვაჟა მათიაშვილის საგოლე პასი ქუსლით, რომელმაც ცაცკრიალაშვილი მეკარის წინ დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა.
„ვიტ ჯორჯია 2-მა“ სცადა მდგომარეობის გამოსწორება, რამდენიმე სწრაფი იერიში განახორციელა, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად ოსტატობა აღარ ეყო. თასის მეოთხედფინალში „გაგრას“ მეტოქე კენჭისყრის შედეგად, ხვალ გამოვლინდება.
დენის ხომუტოვი („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი):
– ჩვენი დღევანდელი გამარჯვება ხასიათის სიმტკიცემ განაპირობა. მეორე ტაიმში გუნდი ჩვეულ რეჟიმში ათამაშდა, რამაც შედეგი გამოიღო. მართალია გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ ეს ბარიერი გადავლახეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა მეთექვსმეტედფინალიდან „საბურთალო“ გამოაგდო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ჩვენ ბალახზე ვვარჯიშობთ და ადრეც ვთქვი, რომ ხელოვნურ საფარზე თამაში გვიჭირს.
– მომდევნო შეხვედრა ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გაქვთ. რას იტყვით ამ მატჩის შესახებ. იმ ფონზე, რომ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ცენტრალური მცველი ერეკლე კილაძე და საყრდენი ნახევარმცველი რატი კაკიაშვილი?
– რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, მართლაც დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ავთანდილ ბრაჭულიც დამტვრეულია და ვერც ის დაგვეხმარება. კარგად დავფიქრდებით და შევეცდებით ოპტიმალური გამოსავალი მოვძებნოთ. ვიცით, რომ ქობულეთელები ყოველი ქულისთვის გააფთრებით იბრძოლებენ და ჩვენ მაქსიმალურად მზად ვიქნებით ამისთვის.
ვიტ ჯორჯია 2 – გაგრა 1:2
გაგრა: ვადიმ შევჩუკი, ერეკლე კილაძე, ჯაბა კასრელიშვილი (ლევან პაპავა), გიგა სამხარაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, რატი კაკიაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, თამაზ ლომსაძე, ვაჟა მათიაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე (თორნიკე გაფრინდაშვილი).
გოლები: 1:0 – გიორგი ამაშუკელი (19’), 1:1, 1:2 – რატი ცაცკრიალაშვილი (56’ პენ, 59’)
ავტორი: კახა ფაჩუაშვილი