წლევანდელ სეზონში „გაგრა“ მესამედ შეხვდა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ და 4 ქულა აართვა. ეს კი, არცთუ ისე იოლი საქმეა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ მატჩს გაგრელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხების შემდეგ, გუნდს რეაბილიტაცია სჭირდებოდა.
ბათუმის „დინამო“ ყველაზე უფრო ახლოს არის ეროვნულ ლიგაში აღზევებასთან. გია გეგუჩაძის გუნდი ორგანიზებულ და შემტევ ფეხბურთს ქადაგებს. ამიტომ მის წინააღმდეგ გაგრელთა მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა კონტრიერიშებზე აგებული ტაქტიკა აირჩია. მობილური დაცვისა და სწრაფი შეტევების აქცენტირებით.
„გაგრას“ სხვადასხვა სუბიექტური, თუ ობიექტური პრობლემის გათვალისწინებით მცირე ექსპერიმენტის ჩატარება მოუხდა. ცენტრალური მცველის, ავთანდილ ბრაჭულის არყოფნაში, ერეკლე კილაძეს, დაცვის ცენტრში, მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე შეუწყვილდა, ხოლო მარცხენა მცველის პოზიცია შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლოზ მაგრაქველიძემ დაიკავა. მარჯვენა ფრთაზე გიორგი და თორნიკე გაფრინდაშვილები განლაგდნენ, ცენტრალურ ზონაში კაკიაშვილი და მის წინ რატი ცაცკრიალაშვილი, შეტევაში კი ნუგზარ სპანდერაშვილმა დაიკავა ადგილი. მივიღეთ კონფიგურაცია, სადაც როლებს 4 მცველი, 2 საყრდენი, 3 შემტევი და ერთი ფორვარდი ასრულებდა.
ამ სისტემაში მთავარი დამრტყმელი ძალა გაგრელთა მარჯვენა ფრთა გამოდგა. მასპინძელთა ყველა სახიფათო იერიში სწორედ ამ ფრთიდან ვითარდებოდა. თორნიკე გაფრინდაშვილი რამდენჯერმე შეიჭრა ბათუმელთა საჯარიმო მოედანში, მაგრამ მისი გამჭოლი პასები დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდა. ამიტომ მასპინძლებმა ორიენტირი შეცვალეს და ტაიმის შუაგულში რატი ცაცკრიალაშვილმა ორჯერ სცადა შორი მანძილიდან დარტყმა. ჩანაფიქრი კარგი გამოდგა. რატის დარტყმული ერთხელ ბათუმელთა მეკარე ალავიძემ მოიგერია, მეორედ კი ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა სტუმართა კარს.
პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარი კი ბევრად უფრო საინტერესოდ განვითარდა, ვიდრე პირველი. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ გაგრელთა სისტემა ოდნავ მოიშალა. გია გეგუჩაძის გუნდმა მარწუხებში მოაქცია მასპინძლები და მათ სულ უფრო უჭირდათ საკუთარი ნახევრიდან ბურთის გამოტანა. ამ წნეხმა, საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო და 68-ე წუთზე ბათუმის „დინამომ“ შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1.
„გაგრას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მასპინძლებმა გამონახეს ძალა შესატევად და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. კვლავ გააქტიურდა გაგრელთა მარჯვენა ფრთა, სადაც გაფრინდაშვილები ბატონობდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშის შემდეგ თორნიკე გაფრინდაშვილმა, მარჯვენა ფრთიდან ბათუმელთა საჯარიმო მოედანში ჩააწოდა, მცველმა პოზიციური შეცდომა დაუშვა და ბურთი ლომსაძემ მიიღო, რომელმაც ზუსტი გადაცემით რატი ცაცკრიალაშვილი მოძებნა. „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირმა გონებამახვილური მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა ბურთი. 1:1 – ეს რატის მე-12 გოლი იყო მიმდინარე სეზონში და „გაგრას“ ლიდერი ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაახლოებით იგივე კომბინაციის შედეგად, საჯარიმო მოედანში გიორგი ივანიაძე დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მოედნის საფარის გამო, მის წინ ბურთი მოულოდნელად ახტა და ბათუმელებმაც შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. საბოლოოდ, თამაში ფრედ – 1:1 დასრულდა და სათასო მატჩის წინ, „გაგრამ“ თავის აქტივს მნიშვნელოვანი ქულა შესძინა.
დენის ხომუტოვი („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ქულის მოპოვება. ბათუმის „დინამო“ უაღრესად ორგანიზებული და კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მასთან თამაშის შემოტრიალება სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ეს ქულა მნიშვნელოვანია არა მარტო სატურნირო თვალსაზრისით. ის რწმენას შეჰმატებს ჩვენს ფეხბურთელებს. ისინი ირწმუნებენ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში და ეს გუნდისთვის დამატებითი მუხტი იქნება.“
რატი ცაცკრიალაშვილი („გაგრას“ კაპიტანი): „ჩემი გოლი ლამაზი გამოვიდა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, მაგრამ უფრო ის მახარებს, რომ ამ გოლმა ქულა მოგვიტანა. საერთო საქმეს წაადგა და გუნდი აგრძელებს ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლას. დაძაბული თამაში იყო. ბათუმის „დინამოსთან“ სხვა თამაშს არც მოველოდი. კონტრშეტევები ჩვენი გეგმის ნაწილი იყო და როგორც ხედავთ გაამართლა. მეორე ტაიმში მეტოქემ, გარკვეული დროით საკუთარ საჯარიმოს მიგვაჯაჭვა. ეს ნამდვილად არ ყოფილა გეგმის ნაწილი. უბრალოდ ბათუმელები სწრაფად ათამაშდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეგვიქმნეს, რასაც გოლიც მოჰყვა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ქულა მოვიპოვეთ.“
გაგრა – დინამო (ბთ) 1:1
„გაგრამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ვადიმ შევჩუკი, გიგა სამხარაძე, ერეკლე კილაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ მაგრაქველიძე (ვასილ ხოსიტაშვილი), რატი კაკიაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, თამაზ ლომსაძე (ვაჟა მათიაშვილი), თორნიკე გაფრინდაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი (გიორგი ივანიაძე)
ავტორი კახა ფაჩუაშვილი