მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა თორნიკე გაფრინდაშვილმა (ცაცი) მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ოსტატურად ჩამოიშორა მცველი და „შევარდენის“ მეკარე გიორგი ნადირაძისგან დაუცველ კუთხეში ჩასვა ბურთი – 0:2. „გაგრამ“ სანაკრებო შესვენებაზე წასვლის წინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „ვიტ ჯორჯიასთან“. „გაგრას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა უნარიანად გაართვა თავი ამ მომქანცველ სპურტს, 8 დღეში 3 თამაში გამართა, 2 მოიგო, ერთი კი ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ (1:1) დაასრულა და მთელი ამ მარათონიდან, გამარჯვებული გამოვიდა.

„შევარდენთან“ შეხვედრას უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეტოქესთან 8-ქულიან ჰანდიკაპს მოიპოვებდა და შესაბამისად, ერთ-ერთ კონკურენტს თავიდან ჩამოიშორებდა, მარცხი კი ამ გუნდებს 2 ქულის ინტერვალით დააახლოვებდა. ამის დაშვება კი დენის ხომუტოვის გეგმებში არ შედიოდა.  ამიტომ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „გაგრას“ ქომაგთა დიდმა კოჰორტამ მოიყარა თავი. მთავარი გულშემატკივარი ჩვენი მწვრთნელის დენის ხომუტოვის მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა იყო, რომლებიც უკრაინიდან გვეწვივნენ. გუნდები საბრძოლველად დაიმუხტნენ და თამაშიც დაიწყო.

შეხვედრა მეტისმეტად ნერვულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საკმარისია ითქვას, რომ შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა, პირველ ტაიმში 3 ყვითელი ბარათი აღმართა. ჩვენებმა თამაში კონტრშეტევებზე ააწყვეს. ბურთს თითქოს „შევარდენი“ ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტები მის კართან იქმნებოდა. კაკიაშვილს ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე. მისი თავური დარტყმა გიორგი ნადირაძემ ცხრიანიდან გამოაძრო. მარჯვენა ფრთაზე ტრადიციულად თორნიკე გაფრინდაშვილი აქტიურობდა. მან აშკარად დაჩაგრა თავისი ვიზავი რევაზ სალუქვაძე და რამდენიმე სახიფათო გარღვევა განახორციელა, მაგრამ ხან ბოლო პასი ვეღარ კეთდებოდა, ხან პარტნიორები ვერ ასწრებდნენ მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას.

უგოლო ტაიმის შემდეგ ჩვენების ტაქტიკური მონახაზი არ შეცვლილა, მაგრამ „გაგრას“ შეტევები უფრო მწვავე გახდა. გოლი 64-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ისევ თორნიკე გაფრინდაშვილის აქტიურობას მოჰყვა. მან კვლავ აჯობა რევაზ სალკუქვაძეს, მეტოქის საჯარიმო მოედანში შეაღწია და გამოზომილი პასი უბოძა ვაჟა მათიაშვილს. აბა ვაჟა ამაზე უკეთესს რას ინატრებდა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1.

თამაში იგივე რიტმში გაგრძელდა, როგორც აქამდე. „შევარდენი“ მოჩვენებით უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტები მის კართან იქმნებოდა. „გაგრამ“ კარგად დაიცვა თავი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წერტილიც დაუსვა ამ დაძაბულ შეხვედრას.

„გაგრას“ პატარა უკრაინელი ქომაგი მამის გამარჯვებით კმაყოფილი ჩანდა. მას არც შეძახილები დაუშურებია და არც ოვაციები. ბედნიერმა „ცაციმ“ კი რიტუალური ცეკვა შეასრულა. „გაგრა“ ლიდერთა სამეულში დამკვიდრდა.

თორნიკე გაფრინდაშვილი (ცაცი): „ცეკვა ჩვენთვის ერთგვარი რიტუალია. ყოველთვის ვასრულებთ, როცა თამაშებს ვიგებთ. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლით და საგოლე პასით გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და იოლი არ იყო, მაგრამ ტაქტიკამ გაამართლა. მეორე გოლის ეპიზოდში ფრთაზე მივიღე ბურთი. დავინახე, რომ მარტო ვიყავი და წინ ერთი მცველი მყავდა. გადავწყვიტე კონტაქტზე წავსულიყავი, შევძელი მცველის მოტყუება და გოლის გატანა. ეს ჩემი მე-5 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას.“

დენის ხომუტოვი („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „პატიოსნად გეტყვი: ბოლო 8 დღეში მესამე თამაში გადავაგორეთ. ეს ურთულესი საქმეა არა მარტო „გაგრასთვის“, არამედ დიდი გუნდებისთვისაც. თამაში კონტრშეტევებზე დავგეგმეთ, რადგან ძალები თანაბრად გადაგვენაწილებინა. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ გუნდს დაღლილობა არ ეტყობოდა. სწორედ ამის მიღწევა გვსურდა. ბურთი მეტოქის იყო, მაგრამ სახიფათო მომენტები მის კართან იმქნებოდა. ეს ჩვენი გამართული ტაქტიკის შედეგია. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ დაღლილობისთვის გაეძლოთ, ცოტაც კიდევ მოეთმინათ და მეტოქე შეცდომებს აუცილებლად დაუშვებდა. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენი სცენარის მიხედვით წარიმართა.“

შევარდენი – გაგრა 0:2

გაგრამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ვადიმ შევჩუკი, გიგა სამხარაძე, ერეკლე კილაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, რატი კაკიაშვილი, ნიკა მაგრაქველიძე (ვასილ ხოსიტაშვილი), ერეკლე სულთანიშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, თამაზ ლომსაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი), თორნიკე გაფრინდაშვილი, ვაჟა მათიაშვილი (ნიკოლოზ გაბრიჩიძე).

გოლები: 0:1 – ვაჟა მათიაშვილი (64’), 0:2 – თორნიკე გაფრინდაშვილი (90+4’)

ავტორი კახა ფაჩუაშვილი