გაგრამ 5:1 დაამარცხა მარტვილის მერანი და თავის აქტივში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა. დღეისთვის გაგრა 46 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პლეოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

არადა მარტვილის მერანი ჩვენი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. საკმარისია ითქვას, რომ წლევანდელ სეზონში ოთხი შეხვედრიდან გაგრელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს.

დღევანდელი მატჩი რატი ცაცკრიალაშვილის ბენეფისად გადაიქცა. რატიმ პოკერი შეასრულა, ოთხჯერ აიღო მარტვილელთა კარი და 16 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

რატიმ ანგარიში მატჩის დებიუტშივე, მერვე წუთზე გახსნა. დაახლოებით 30 მეტრიდან, მისი დარტყმული საჯარიმოს მოგერიება მეკარე მეშველიანმა ვერ მიახერხა. ამას მერანის გააქტიურება და საპასუხო გოლი მოჰყვა, რომელიც თავის ანგარიშზე მოსიაშვილმა ჩაიწერა. აღსანიშნავია რომ მოსიაშვილი წარსულში გაგრას ღირსებას იცავდა. პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რატი ცაცკრიალაშვილმა კვლავ გაიბრწყინა და მეორე საჯარიმო დარტყმა გაუტანა მეკარე მეშველიანს. 2:1 – გაგრას სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი ჩვენი გუნდის სრული დომინაციით აღინიშნა. გაგრამ კიდევ სამი გოლი მიითვალა თავის ანგარიშზე და ოთხ-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. რატი ცაცკრიალაშვილის პოკერს თორნიკე გაფრინდაშვილმაც დაუმატა ერთი გოლი. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში სამგურალის წინააღმდეგ გამართავს. 28-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.

რატი ცაცკრიალაშვილი: “პოკერი ადრეც შემისრულებია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გოლები ასეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გავიტანე. ეს გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. იმედი მაქვს, წარმატებულ წინსვლას კვლავაც გავაგრძელებთ.”

გაგრა – მერანი 5:1

გაგრამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ვადიმ შევჩუკი, ვასილ ხოსიტაშვილი, ერეკლე კილაძე, ერეკლე სულთანიშვილი, გიგა სამხარაძე (თამაზ ლომსაძე), რატი კაკიაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი (ლევან პაპავა), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, ვაჟა მათიაშვილი (ნუგზარ სპანდერაშვილი).

გოლები: 1:0 – რატი ცაცკრიალაშვილი 8’, 1:1 – თორნიკე მოსიაშვილი 19’, 2:1, 3:1, 4:1 – რატი ცაცკრიალაშვილი 45’, 62’, 84’, 5:1 – თორნიკე გაფრინდაშვილი 88’.