ხვალ, 30 ოქტომბერს გაგრა ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურის შეხვედრაში თელავს უმასპინძლებს. ისტორიაში გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამივე შეხვედრა მიმდინარე სეზონში შედგა და იდენტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
პირველად ეს გუნდები მესამე ტურში, თელავის გივი ჩოხელზე შეხვდნენ. თელაველები გიორგი ნიქაბაძემ, 22-ე წუთზე დააწინაურა, მის გოლს კი 70-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე შეხვედრა უკვე თბილისში, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართა. ამ შემთხვევაში ანგარიში უკვე გაგრელმა რატი ცაცკრიალაშვილმა, მატჩის მე-9 წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა გაგრელებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მსაჯის სასტვენამდე სულ რაღაც 6 წუთით ადრე გოლი მიიღეს. თელაველთაგან ამ შეხვედრაშიც გიორგი ნიქაბაძე გამოირჩა.
ტრადიცია არ დაირღვა და რიგით მესამე, 21-ე ტურის შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით, 1-1 დასრულდა. გივი ჩოხელზე თელავი ამჯერად გიორგი ხარებაშვილმა, 24-ე წუთზე დააწინაურა და ტაიმიც თელავმა მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში კვლავ შეძლეს გაგრელებმა წონასწორობის აღდგენა. მატჩის საბოლოო ანგარიში ამჯერად ლევან პაპავამ, 74-ე წუთზე დააფიქსირა.
სატურნირო ცხრილში გაგრელები 46 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო თელავს 43 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში გაგრელები კონკურენტს 6 ქულით დაშორდებიან და სამეულში ადგილს განიმტკიცებენ.
მეოთხე შეხვედრაში გაგრელები თელაველებს დავით პეტრიაშვილი არენაზე უმასპინძლებენ. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს Youtube არხზე შემოგთავაზებთ.
დისკვალიფიკაციის გამო გაგრელებს ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი, რატი ცაცკრიალაშვილი დააკლდებათ, რომელსაც მარტვილში გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჩკორიამ წითელი ბარათი უჩვენა. ჯერ-ჯერობით უცნობია კიდევ რამდენი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს რატის, თუმცა არის ალბათობა, რომ გაგრას ლიდერის გარეშე თასის ნახევარფინალში, თბილისის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში.
ხვალ გაგრას კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, თორნიკე გაფრინდაშვილი დააკლდება, რომელსაც ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ერთი მატჩის გამოტოვება უწევს. ცენტრალური მცველი ავთანდილ ბრაჭული კი როგორც მოგეხსენებათ ტრავმის გამო გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ ეყოლება.