გურია – გაგრა 0:2
„გაგრამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს მოსალოდნელიც იყო. გაგა კირკიტაძის გუნდი მუდმივად გამარჯვების ზღვარზე იმყოფებოდა და მხოლოდ საფეხბურთო ფორტუნის უკუღმართობის გამო ვერ აღწევდა სასურველ შედეგს. ვამბობდით კიდეც წინა მიმოხილვებში, რომ გამარჯვებათა სერია აუცილებლად მოვიდოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
წინა ტურთან შედარებით „გაგრამ“ ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ცვლილება განახორციელა, ტყეშელაშვილის, ბრეგვაძის, ნიკოლაშვილის და დისკვალიფიცირებული ჯავაშვილის ნაცვლად, სასტარტოში: ცერცვაძე, ნემსაძე, ქობულაძე და ბარაბაძე გამოჩნდნენ.
შეიძლება ითქვას, ამ რისკმა მწვრთნელს გაუმართლა და გუნდმა საკმაოდ საინტერესო ფეხბურთი ითამაშა. იმაზე არანაკლები, ვიდრე წინა ტურებში. კომბინაციურ თამაშს დინამიკაში შედეგი მოჰყვა და „გაგრა“ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. გაგა კირკიტაძის ბიჭები სულ უფრო დამკვიდრდნენ მეტოქის ნახევარზე და სახიფათო მომენტებსაც თამამად ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 32-ე წუთზე გოლით დასრულდა. გიორგი ხარებაშვილის საგოლე გადაცემას კობა შალამბერიძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. „გაგრა“ დამაჯერებლად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას და ცდილობდა ტემპი დაეგდო, რითიც მასპინძელთა შეტევით პოტენციალს დააქვეითებდა. გაგრელებმა მიაღწიეს სასურველ მიზანს და რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევაც განახორციელეს, რომელთაგან ერთ-ერთი მეორე გოლით დასრულდა „გურიას“ კარში. 65-ე წუთზე ანდრო ნემსაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, „გაგრას„ ფორვარდმა ზვიად მეტრეველმა წერტილი დაუსვა მატჩს.
ამ გამარჯვებით „გაგრამ“ 4 ტურის შემდეგ 5 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. თუმცა ლიდერ თბილისის „მერანს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, წარმატებული სერიის გაგრძელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული გაგა კირკიტაძის გუნდი, ლიდერთა შორისაც ვიხილოთ.
მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 4 აპრილს „შევარდენის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩს მუხიანის სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს.
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვიული, ლევან ბარაბაძე, კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი.
გოლები: 0:1 – შალამბერიძე (32’), 0:2 – მეტრეველი (65’)
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე