შარშანდელ სეზონში დენის ხომუტოვი „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი იყო, გაგა კირკიტაძე კი მისი თანაშემწე. წელს ხომუტოვი „თელავს“ უდგას სათავეში, კირკიტაძე კი „გაგრას“. ეს მწვრთნელები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთის ხედვას და საფეხბურთო სტრატეგიას, – მწყობრი შეტევა და სწრაფი კონტრიერიშები.
მართალია წელს ორივე გუნდი განახლებული შემადგენლობით თამაშობს, მაგრამ მწვრთნელთა ხედვა ხომ იგივე დარჩა? ამიტომ ამ გუნდების შეხვედრაში ფეხბურთელებს ერთმანეთის დაზვერვა მაინცდამაინც არ უცდიათ, პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ და მატჩი დახუნძლული გამოდგა სახიფათო მომენტებით.
„თელავი“ მასპინძელი იყო და მეტი აქტიურობა მართებდა. თელაველებმა რამდენიმე სახიფათო დარტყმაც განახორციელეს სტუმართა კარში, მაგრამ კარგად მუშაობდა გაგრელთა დაცვის ხაზი და მეკარე. ერთ ეპიზოდში ბურთი ხარიხამაც აისხლიტა, თუმცა მეკარე ბექა ქურდაძის კარი უვნებელი დარჩა.
„გაგრამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა, გაუძლო მასპინძელთა მიძალებას და თავადაც გადავიდა შეტევაზე. მე-40 წუთზე ოთარ ჯავაშვილის გადაცემით თენგიზ ბრეგვაძემ გახსნა კიდეც ანგარიში. იდეაში, გაგრელებს ის ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, რაც მსგავსი თამაშების მოსაგებად აუცილებელია. ალბათ, ასეც მოხდებოდა, გაგა კირკიტაძის შეგირდებს, პირველ ტაიმში, კარი მშრალად რომ შეენარჩუნებინათ, მაგრამ გუნდმა ეიფორიაში გადაწყობა ვერ მოახერხა და ორიოდ წუთში გიორგი ტყეშელაშვილის ავტოგოლი მიიღო. კიდევ 4-ოდე წუთში კი დიმიტრი ტატანაშვილის პენალტი და ის ფსიქოლოგიური უპირატესობა, რომელიც „გაგრას“ უნდა მიეღო, თელაველთა ხელში აღმოჩნდა.
თანამედროვე ფეხბურთში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრს ნიშნავს და სამწუხაროდ, გაგრელებმაც ვერ მოახერხეს ჩარხის უკუღმა დატრიალება. დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ნახევარში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. 68-ე წუთზე დმიტრო პუდიმ მესამე გოლიც გაიტანა და რომ არა ბექა ქურდაძის შესანიშნავი თამაში, შეიძლებოდა დიდი ანგარიშიც დაფიქსირებულიყო.
საბოლოო ჯამში, „გაგრა“ დამარცხდა – 3:1 და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დარჩა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ლიდერებთან ჩამორჩენა უფრო გაიზარდა, ვიდრე მანამდე იყო.
მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 12 აპრილს გამართავს და მუხიანის სპორტულ კომპლექსში, გათამაშების ლიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება.
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი (ნიკა ქორიძე, 67’), გიორგი ტყეშელაშვილი, ოთარ ჯავაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, ლევან ბარაბაძე (ბექა ნიკოლაშვილი, 46’), გიორგი პაპუაშვილი (სანდრო შეწირული, 81’), გიორგი ქობულაძე, კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გოლები: 0:1 – ბრეგვაძე (40’), 1:1 – ტყეშელაშვილი (42’, ა.გ.), 2:1 – ტატანაშვილი (45+1’, პენ), 3:1 – პუდი (68’).
გაფრთხილება: ჯავაშვილი (34’), შალამბერიძე (69’)