გაგრა – სამტრედია 1:0
წარმატებით დაგვირგვინდა ის მოლოდინი, რომელიც „გაგრას“ გულშემატკივრებს და მის სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა. 7 ტური დასჭირდა გუნდს, რომ სეზონის საუკეთესო თამაში ეჩვენებინა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი დაემარცხებინა, თანაც ისე, რომ „გაგრას“ უპირატესობაში ეჭვი ვერავის შეეტანა.
გაგა კირკიტაძის გუნდს, პირველი ტურიდან მოყოლებული, ფატალურად არ უმართლებდა, რის შედეგადაც არაერთი ქულა დაკარგა და ვინ იცის, რომ არა საფეხბურთო ფორტუნის მუხთლობა, გაგრელები შესაძლოა სატურნირო ცხრილის სათავეშიც ყოფილიყვნენ.
„სამტრედიასთან“ შეხვედრაში კი „გაგრა“ მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამდენი მომენტი, რაც მასპინძლებმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, „სამტრედიის“ კართან შექმნეს, ალბათ, 3 თამაშს ეყოფოდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოხერხდა. უფრო სწორად, გოლი კი გავიდა, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა კვირიკაშვილმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
ტრადიციულად ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა მასპინძელთა მარჯვენა ფრთა. ვასილ ხოსიტაშვილმა და გიორგი ხარებაშვილმა აიკლეს სტუმართა დაცვა. ყველა სახიფათო, გამჭოლი პასი ამ ფრთიდან განხორციელდა, კარში დარტყმებიც იყო, მაგრამ ბოლო პასის მიმღები არ ჩანდა. გაგრელები სინქრონულად ვერ მოქმედებდნენ. ხარებაშვილის, თუ ხოსიტაშვილის გამჭოლი გადაცემების მომენტში, დასწრებაზე მიმსვლელი შემტევები პოზიციაზე ჩასვლას ვერ ასწრებდნენ და სამტრედიელთა კართან ხიფათიც ამით მთავრდებოდა.
მეორე ტაიმში კობა შალამბერიძის ნაცვლად თენგიზ ბრეგვაძის გამოსვლის შემდეგ, გიორგი ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, მაგრამ ეს სტუმართათვის დიდი შვება ვერ გამოდგა. გაგა კირკიტაძის გუნდი 3 მცველით და 3 ფორვარდით აგრძელებდა თამაშს. ეს ყველაფერი ავანტიურას ჰგავდა, მაგრამ გაგრელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ეს მათი უკანასკნელი მატჩი იყო ამ ცისქვეშეთში.
ამ ავანტიურისტულ თავგანწირვას ბოლოს მაინც მოჰყვა შედეგი. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. ვასილ ხოსიტაშვილმა მაინც გაიტანა თავისი. მარჯვენა ფრთაზე სახიფათოდ შეუტია, ბექა ნიკოლაშვილი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და ბექამაც ტყვიასავით გაუშვა ბურთი სამტრედიელთა კარის მარცხენა მაღალ კუთხეში – 1:0. ეს ამბავი თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მოხდა. დარჩენილ დროში კი გაგრელებმა მეტოქეს რაიმე ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
დღეისთვის 7 თამაშიდან 8 ქულით „გაგრა“ გათამაშების ცხრილში მყარად დამკვიდრდა მე-7 ადგილზე. წინ კი მთელი ჩემპიონატია. მომდევნო შეხვედრას გაგრელები კვლავ საკუთარ მინდორზე, ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში ჩაატარებენ და 17 აპრილს ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებენ.
გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „სეზონის სტარტზე ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან არ გაგვიმართლა. რამდენიმე ისეთი ქულა დავკარგეთ, რომლის დაკარგვასაც არ ვიმსახურებდით. დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ვიგებთ, ეს აუცილებლად დღეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. ბევრი ვიმუშავეთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ბიჭები მინდორზე ძალიან დამუხტულები გამოვიდნენ. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. ეს გამარჯვება ბიჭებს მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად დაეხმარება. შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, 3 მცველით და 3 ფორვარდით, რადგან დასაკარგი არაფერი გვქონდა. მეორე ტაიმში ბრეგვაძის შესვლის შემდეგ ხარებაშვილი მარცხენა ფრთაზე გადავიდა. ბრეგვაძემ კი მისი ადგილი დაიკავა. მინდოდა ამ ფეხბურთელებს საყრდენი ფეხი უკეთ გამოეყენებინათ და ეს გადაადგილებაც ამიტომ განხორციელდა.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, 17 აპრილს თასის გათამაშების ფარგლებში ქობულეთის „შუქურას“ ვხვდებით. ამ მატჩისთვის ჩვეულებრივად მოვემზადებით. მინდა, რომ ის ფეხბურთელები, რომელთა მხრებზეც ამ 4-მატჩიანმა ციკლმა გადაიარა, დავასვენო. ანუ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მაგრამ მიზანი უცვლელია, – ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ოთარ ჯავაშვილი, ბექა ნიკოლაშვილი (ლევან ბარაბაძე, 90’), გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი, კობა შალამბერიძე (თენგიზ ბრეგვაძე, 66’), ზვიად მეტრეველი (ლაშა-გიორგი ობოლაძე, 81’).
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გოლი: 1:0 – ბექა ნიკოლაშვილი (84’)
გაფრთხილება: ნიკოლაშვილი, ხარებაშვილი
