გაგრა – შუქურა 2:0
„სამტრედიასთან“ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ დააანონსა, რომ ქვეყნის თასის 1/16-ფინალში ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც. „გაგრამ“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მაგრამ ეს ქობულეთელთათვის დიდი შვება არ ყოფილა.
მასპინძლებმა 3-5-2 სისტემით ითამაშეს და მოედნის ცენტრში თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს. კირკიტაძის გუნდი ხშირად აკონტროლებდა ბურთს და სახიფათო ფლანგურ გადაცემებსაც არ ერიდებოდა. ამას კი მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მოწინააღმდეგე. ასეთმა ტაქტიკამ, საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო.
ქობულეთელთა დაცვამ ვეღარ გაუძლო სტრესს და შეცდომა დაუშვა. მცველის შეცდომის შედეგად, საჯარიმო მოედნის წინ ხარებაშვილმა მიიღო ბურთი, გასცდა მეურვეს და ზუსტად დაარტყა სოსო ქარდავას კარში – 1:0. ეს ამბავი 28-ე წუთზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ხარებაშვილის პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში. თამაშის სურათი არ შეცვლილა „გაგრა„ სჯობდა მეტოქეს და დამსახურებულადაც დაწინაურდა.
მეორე ნახევარში „შუქურა“ გააქტიურდა, ბურთი სულ უფრო ხშირად დაგორავდა მასპინძელთა ნახევარზე და სახიფათო გადაცემებიც მრავლად იყო, მაგრამ დაცვის ცენტრში ბურჯივით იდგა ჯაბა კასრელიშვილი, რომელიც უნარიანად ასუფთავებდა საჯარიმო მოედანს ყოველგვარი მარწუხებისგან.
რამდენიმე ეპიზოდში კი სტუმრებმა მაინც მოახერხეს მეკარესთან პირისპირ დარჩენა და კარში ზუსტი დარტყმაც, მაგრამ შეუდარებელი იყო „გაგრას“ მეკარე დავით კერესელიძე, რომელიც შარშან „ცხინვალის“ ღირსებას იცავდა. წელს კი დებიუტი ჰქონდა ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. კერესელიძემ, რომ იტყვიან, ორი „მკვდარი ბურთი“ გამოაძრო საკუთარი კარიდან. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ხარებაშვილის მიერ წამოწყებული კონტრიერიში ნიკოლაშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 2:0. „გაგრა“ ჩვენი ქვეყნის თასის 1/8-ფინალში გავიდა და კიდევ უფრო გაიმყარა სათასო გუნდის რეპუტაცია.
გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „-3-4-3 სისტემით ვთამაშობთ, მაგრამ დღეს -3-5-2 სისტემით ვითამაშეთ, იმ მიზნით, რომ ნახევარდაცვაში უპირატესობა მიგვეღო. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მომდევნო ეტაპზე გავედით. დღეს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ. ამ ნაბიჯს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, რომ მინდოდა უშუალო რეზერვს მეტი სათამაშო პრაქტიკა მისცემოდა და მეორე, – დასვენების საშუალება მიგვეცა იმ ფეხბურთელებისთვის, რომელთა მხრებზეც 4-მატჩიანმა ციკლმა გადაიარა.
22 აპრილს ფოთში გვაქვს კალენდარული შეხვედრა. იმ მატჩისთვის ვეცდებით მინდორზე ის ფეხბურთელები გავიყვანოთ, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უფრო მოტივირებული და მომზადებული იქნება. ტაქტიკასაც გადავხედავთ, მეტოქიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მცირე სახეცვლილებაც მივიღოთ.“
დავით კერესელიძე („გაგრას“ მეკარე): „დღეს სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი მქონდა. მოხარული ვარ, რომ წარმატებული გამოვიდა. ეს გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. ყველანი ძალიან მოტივირებულნი გამოვედით მინდორზე. ყოველთვის ასე ხდება, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ასე იქნება ფოთშიც. აუცილებლად გვექნება დღევანდელი შეხვედრის განხილვა. საჭირო დასკვნებს გავაკეთებთ და იქ სრულიად მობილიზებულნი ვითამაშებთ.
რაც შეეხება ჩემს მიერ მოგერიებულ ბურთებს, არ ვიცი მეტოქის შემტევი, როგორ აღმოჩნდა ჩემთან ასე ახლოს დასარტყმელ პოზიციაზე. იმ დროს ბურთზე იმდენად ვიყავი კონცენტრირებული, რომ ამ მომენტის განხილვის დრო აღარ მქონდა. მთავარია ბურთი მოვიგერიე და კარის მშრალად შენახვა მოვახერხე.“
გაგრა: დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ბარაბაძე (თენგიზ ბრეგვაძე, 76’), ნიკა ქორიძე (ბექა ნიკოლაშვილი, 70’), ზვიად მეტრეველი (კობა შალამბერიძე, 65’), გიორგი ცერცვაძე, ოთარ ჯავაშვილი, დავით კიკალიშვილი, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გოლები: 1:0 – ხარებაშვილი (28’), 2:0 – ნიკოლაშვილი (90+3)
გაფრთხილება: ბარაბაძე (8’), პაპუაშვილი (38’), ხარებაშვილი (64’), ცერცვაძე (66’)