„გაგრას“ სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი სახეა. მას დიდი წვლილი მიუძღვის „გაგრას“ ბოლოდროინდელ პროგრესში. ყველაფერი კი 2015 წლიდან დაიწყო.
მანამდე იყო მოკლე საფეხბურთო კარიერა. ჩვენი ინტერვიუც ბატონ გიორგისთან ამ თემით დავიწყეთ.
– ჩემი საფეხბურთო კარიერა თავგადასავლებით დახუნძლული არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე გუნდის გამოცვლა მოვასწარი. ვიცავდი 35-ე საფეხბურთო სკოლის, „სასკოს“, „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას. კარიერა მალე დავასრულე და ფუტსალზე გადავერთე. ვხელმძღვანელობდი ფუტსალის კლუბ „გრანდს“, ვიყავი „სასკოს“ სპორტული დირექტორი, ცოტა ხნით ლანჩხუთის „გურიასაც“ ვეხმარებოდი.
2015 წელს ბატონი ბესო ჩიხრაძე გავიცანი და მან „გაგრაში“ მოღვაწეობა შემომთავაზა. იყო გარკვეული იდეები, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და დღემდე ვახორციელებთ. შევქმენით საფეხბურთო აკადემია. გვყავს ასაკობრივი გუნდები, რომლებიც წარმატებით თამაშობენ თავიანთ ლიგებში. რამდენიმე წელია კლუბის სპორტული დირექტორი ვარ. ამ ხნის მანძილზე აღმავლობაც იყო და ჩავარდნაც. ეს ბუნებრივი პროცესია. ყოველ წელს ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძვით. შარშან ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან და ეროვნული თასის მოპოვებასთან, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. გამოცდილება დაგროვდა და წელსაც შევეცდებით ფლეი ოფის საგზური მოვიპოვოთ.
– შარშანდელ სეზონთან შედარებით გუნდმა მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ამ ფორმაციის გუნდს რამდენად შეუძლია ფლეი ოფისთვის რეალური ბრძოლა?
– ჩვენ ყოველთვის მაღალი მიზნისთვის ვიბრძვით. არ აქვს მნიშვნელობა გუნდში ვინ თამაშობს. წელსაც გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებისგან შემდგარი ბირთვი. ასაკობრივებიდან დავიმატეთ მეკარე, 3 გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ბევრი შეუძლიათ. სეზონის სტარტზე, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემები, ახალი შეკრებილები ვიყავით, შეთამაშება გვაკლდა და ამან იჩინა კიდეც თავი, მაგრამ გუნდი შეთამაშდება, რაც შედეგზე აუცილებლად აისახება. შარშანაც ასე იყო, სეზონის სტარტზე ობიექტური პრობლემები გაჩნდა, მაგრამ ვნახეთ, რომ კლუბი ძალიან ახლოს იყო თასის აღებასა და ეროვნულ ლიგაში გადასვლასთან.
– წელს ესპანური ვოიაჟი გქონდათ. რას მოიცავდა თქვენი ვიზიტი?
– გულშემატკივარს, ალბათ, მოეხსენება, რომ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი ესპანური ბრენდი „კელმე“, „გაგრას“ ტექნიკური პარტნიორია, რომელიც ატარებს ესპანეთის სუპერთასს ფუტსალში. იქ საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავით მიწვეული. ჩვენი გუნდი სპეციალურ კატალოგში შეიყვანეს ისეთი კლუბების გვერდით, როგორებიც არიან: „ალავესი“, „ესპანიოლი“, მოსკოვის „დინამო“, „რაიო ვალეკანო“. ეს დიდი პატივია ჩვენთვის.
– თქვენი მოღვაწეობის სფერო სემინარსაც მოიცავს, სადაც ასევე დაკავებული ხართ?
– ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პროექტია. საფეხბურთო მენეჯმენტს გვასწავლიან. „გაგრადან“ წელს მე წარმადგინეს. ვსწავლობთ მენეჯმენტს, კლუბის მართვას, რაც გუნდს მომავალში აუცილებლად გამოადგება.
– ჩანს, რომ მომავალში, „გაგრას“ დიდი ცვლილებები ელოდება?
– სამომავლოდ გვსურს კლუბი კიდევ უფრო განვავითაროთ, იმ დონეზე მაინც, რომ ეროვნულ ლიგაში დაიმკვიდროს ადგილი. მივხედავთ ასაკობრივ გუნდებსაც. ვამუშავებთ პროექტებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მეტი ასპარეზი მივცეთ. დღემდე 50-მდე ტრანსფერი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი „გაგრადან“ წავიდა. ამ კუთხით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ.
– საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
– გვაქვს პროექტები და მზადყოფნა, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. გუნდის აკადემიისთვის მინიმუმ ერთ მოედანს მაინც გავაკეთებთ. რაც შეეხება სრულფასოვან საწვრთნელ ბაზას, გვაქვს რამდენიმე პროექტი და შევეცდებით წარმატებით განვახორციელოთ.