საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საკუთარ თავს კარგი საჩუქარი მიუძღვნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა. „გაგრამ“ საუკეთესო თამაში აჩვენა წლევანდელ სეზონში და დიდი ანგარიშით პირველად დაამარცხა მეტოქე. ეს ის თამაში იყო, რომელსაც ჩვენი კლუბის გულშემატკივარი ფეხბურთელებისგან მოელის. გუნდი საათივით მოძრაობდა დაცვაში და ზამბარასავით იშლებოდა შეტევის დროს. ფეხბურთელები ერთმანეთს დროულად აზღვევდნენ და მეტოქეს კარის აღების ერთი შანსიც კი არ მისცეს.
მეორენაირად ეს მატჩი შეიძლება სანდრო შეწირულის ბენეფისადაც გამოვაცხადოთ, რომელიც უნარიანად შლიდა მეტოქის შეტევის ყველა მცდელობას. სანდრომ „გურიას“ ნახევარმცველებს იოტისოდენა შანსიც არ მისცა საგოლე იერიში განევითარებინათ.
შეტევაში ფორვარდებთან ერთად მცველებიც აქტიურად მოქმედებდნენ. გიორგი პაპუაშვილის გადაცემის შემდეგ, თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა ჯაბა კასრელიშვილმა, ასევე ჩინებული იყო ხარებაშვილი-მეტრეველის კომბინაციაც, რომლის ლოგიკური დასასრული ბარაბაძის გოლი გახდა.
დღეისთვის, 13 თამაშიდან 18 ქულით „გაგრა“ ისევ მე-7 ადგილზე იმყოფება, მაგრამ პლეი ოფის ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 31 მაისს, „შევარდენის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის ზღვის საფეხბურთო ბაზაზე 17.30 საათზე დაიწყება.
გაგა კირკიტაძე (გაგრას მთავარი მწვრთნელი): „შედეგით კმაყოფილი ვარ. ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ხარვეზებიც იყო, მაგრამ ბიჭებმა კარგად შეასრულეს დავალება, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მინდოდა ბიჭებს მობილური ფეხბურთი ეთამაშათ, ბურთი ტემპში ეგორავებინათ, რომ დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასულიყვნენ. გუნდმა კარგად შეასრულა თავისი საქმე და შედეგიც სახეზეა.
რაც შეეხება „შევარდენთან“ მომდევნო შეხვედრას, გვიბრუნდება კობა შალამბერიძე და ამიტომ ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ამ დღეებში დავაკვირდებით ფეხბურთელთა მდგომარეობას და თამაშის წინ კონკრეტულად გვეცოდინება რა სახის ცვლილებები იქნება“.
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი (დავით კიკალიშვილი, 74’), ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ანდრო ნემსაძე, გიორგი ქობულაძე, სანდრო შეწირული, გიორგი პაპუაშვილი, ლევან ბარაბაძე, გიორგი ხარებაშვილი (ივანე ოქროპირიძე, 77’), ზვიად მეტრეველი (ლუკა მძევაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გოლები: 1:0 – თორნიკე კიკნაძე (39’, ა.გ.), 2:0 – ჯაბა კასრელიშვილი (57’), 3:0 – ლევან ბარაბაძე (70’)