სეზონის განახლებას „გაგრა“ არაერთი სიურპრიზით ხვდება. განხორციელდა საკადრო ცვლილებები, ახლახანს გუნდმა მემორანდუმი გააფორმა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანებასთან, რაც სამომავლოდ კლუბისთვის დიდ პერსპექტივას ხსნის. ამ და სხვა სიახლეებზე საუბრობს ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე.

– ამ დღეებში ლატვიის დედაქალაქ რიგას ვეწვიე, სადაც ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ასაკობრივ გუნდებში ძალიან ძლიერ საფეხბურთო ტურნირებს ატარებს. გაერთიანებას მჭიდრო კავშირები აქვს საფეხბურთო ევროპასთან. მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში თამაშობენ ისეთი სახელოვანი კლუბები, როგორებიც არიან: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ვალენსია“, „რაიო ვალეკანო“, „ლევანტე“.

– და ამიერიდან „გაგრაც“?

– დიახ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც „გაგრა“ ამ გაერთიანების პარტნიორი გახდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პარტნიორობა, კლუბის განვითარების კუთხით დიდ დივიდენდებს მოგვცემს.

– როდიდან ვიგრძნობთ ამ პარტნიორობის პირველ ნაყოფს?

– უკვე შემოდგომიდან თანამშრომლობის პირველი ეტაპი დაიწყება. მემორანდუმი ითვალისწინებს, როგორც ჩვენი გუნდების ბალტიისპირეთში მივლინებას, ისე მათ სტუმრობასაც საქართველოში. ეს გაერთიანება სერიოზულ ივენთებს აწყობს. მის ტურნირებზე ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები თამაშობენ, რაც ჩვენი გუნდის ზრდისა და ცნობადობის ამაღლებისთვის ძალიან კარგი შანსია.

– ნიშნავს, თუ არა ეს, რომ „გაგრა“ აპირებს დაიბრუნოს მისი კუთვნილი ადგილი საქართველოს საფეხბურთო რუქაზე?

– აუცილებლად. ჩვენი საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის. დღეისთვის, კლუბი თაობათა ცვლის პროცესშია, ამიტომ აქვს ის შედეგი, რაც აქვს. მოგეხსენებათ, სეზონის წინ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ასეთ პირობებში რთულია მაღალ შედეგებზე გასვლა. ჩვენ მზად ვიყავით ამ შედეგისთვის. ამიერიდან, კი გულშემატკივარს ვპირდებით, რომ „გაგრა“  აუცილებლად დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ქართულ საფეხბურთო ელიტაში.

– ანუ კლუბი გადახალისდება?

– რა თქმა უნდა. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. ამჟამად, გუნდი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა (ქორიძე, ხარებაშვილი, ჩოთალიშვილი, მძევაშვილი, კიკალიშვილი, ნემსაძე). ყველა ამ ფეხბურთელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეიძლება ითქვას, რომ რებრენდინგის პროცესში ვიმყოფებით.

წასული ფეხბურთელების ნაცვლად სერიოზული შევსება მივიღეთ. „ცხინვალიდან“ დაბრუნდა ნახევარმცველი ერეკლე სულთანიშვილი. თბილისის „დინამოდან“ დაგვემატა ახალგაზრდა მარცხენა მცველი ფირუზ გაბიტაშვილი, „შევარდენიდან“ ცენტრალური მცველი ბუბუ პატარკაციშვილი, რომელიც პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მარტვილის „მერანიდან“ კი, იჯარის წესით, გუნდს შემოუერთდა შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც ასაკობრივი ნაკრების შეხვედრაში იტალიელებს, ჯარიმიდან გამარჯვების გოლი გაუტანა. მეორე წრიდან „გაგრა“ სულ სხვა გუნდი იქნება.