განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „გაგრას“ გათამაშების ლიდერ თბილისის „მერანთან“ მოუხდა თამაში. ეს დაპირისპირება ისეთი ხასიათის იყო, რომ ორივე გუნდს შეეძლო მოგება. საბოლოო ჯამში, კი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. შეიძლება ეს ანგარიში ლოგიკურიც იყო, მაგრამ გაგრელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში აშკარად სჯობდნენ მეტოქეს და ოდნავ რომ გამართლებოდათ, აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.
გაგა კირკიტაძის გუნდი სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდში რამდენიმე ახალწვეული მოვიდა და კარგადაც წარმოაჩინა თავი. ჩვენი გუნდიც ოდნავ განსხვავებულად ათამაშდა. შემტევები უფრო აგრესიულები გახდნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან. ორ შემთხვევაში „მერანი“ მეკარე ბექა შეყრილაძის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა, ორჯერ ბურთი ძელმა მოიგერია, რამდენჯერმე კი კარს სანტიმეტრებით ჩაუარა ბურთმა.
მეორე ტაიმში „გაგრამ“ ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელები 90 წუთის სათამაშოდ არიან მზად. ეს კი ძალიან კარგი ტენდენციაა. ახალწვეულებიდან განსაკუთრებით სახიფათონი იყვნენ – შემტევი ლაშა მანაგაძე და თბილისის „დინამოდან“ იჯარის წესით გადმოსული ფირუზ გაბიტაშვილი.
მართალია ამ ჯერზე გოლი არ გავიდა, მაგრამ ასეთი აგრესიული თამაში შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს უბრალოდ, დროის ამბავია. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი ქობულეთში „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს.
გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „სეზონისთვის მზადების პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ. ზოგმა კარგად წარმოაჩინა თავი, ზოგს კი შესაბამის კონდიციაში შესვლა სჭირდება. დღეს გათამაშების ლიდერს ვეთამაშებოდით. პრინციპში მატჩი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართა. მართალია პირველი 15 წუთი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ სრულ უპირატესობას დავეუფლეთ და, როგორც ნახეთ, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. ვიცოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა, ამიტომ ვცდილობდი ბიჭებისთვის მოტივაცია ამემაღლებინა და ფეხბურთელებში საკუთარი თავის რწმენა გამეღვივებინა. შესვენებაზე მათ სწორედ ეს ვუთხარი, რომ თუ ირწმუნებდნენ, ამ თამაშის მოგება შეეძლოთ. ბიჭებმაც ირწმუნეს, მაგრამ ვფიქრობ, უბრალოდ არ გაგვიმართლა.“
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი ქობულაძე (ერეკლე სულთანიშვილი, 76’), კობა შალამბერიძე (ივანე ოქროპირიძე, 87’), ლაშა მანაგაძე, ზვიად მეტრეველი (ლაშა ოზბეთელაშვილი, 64’).