„გაგრამ“ „ცხინვალი“ 3:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ისე მოხდა, რომ წლევანდელ სეზონში გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, ამიტომ ჩვენ ბიჭებს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უჭირთ. აქედან გამომდინარე „გაგრამ“ ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და შეიქმნა მდგომარეობა, როცა „ცხინვალთან“ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.

სასიხარულოა, რომ გაგა კირკიტაძის გუნდს გადამწყვეტ მომენტებში მობილიზების უნარი გააჩნია და მოსაგებ თამაშებს იგებს. ასე მოხდა ამჯერადაც. თამაში უაღრესად დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ უიღბლო დებიუტის მიუხედავად, „გაგრამ“ მოახერხა ძალების მობილიზება და თამაშის საკუთარ რელსებზე გადაყვანა.

მატჩის მე-14 წუთზე საჯარიმო მოედანში წაქცეულ აჩიკო შალამბერიძეს, ბურთი ქუსლში მოხვდა და მაღალი ტრაექტორიით თავზე გადაევლო მეკარე ბექა ქურდაძეს – 0:1. ასეთი კურიოზული დასაწყისი ნებისმიერ გუნდს დააბნევდა, მაგრამ არა „გაგრას“. მას უბრალოდ, ამ თამაშის წაგების უფლება აღარ ჰქონდა. გოლის შემდეგ „ცხინვალმა“ მთელი გუნდით უკან დაიხია და ძლიერი თავდაცვითი ორი ზღუდე შექმნა. ამ ზღუდეების დაძლევა მეტისმეტად გაჭირდა. ამიტომ მწვრთნელის მითითებით, გაგრელებმა საკუთარ ნახევარზე ბურთის გორება დაიწყეს, რომ მეტოქის დაცვა როგორმე გაეშალათ და იქ, ცხინვალელთა საჯარიმოს მისადგომებთან, დიდი სივრცეები წარმოქმნილიყო. ამ ტაქტიკამ გაამართლა. ჯერ 41-ე წუთზე ლევან ბარაბაძის გამჭოლი პასით ბექა ნიკოლაშვილმა აღადგინა წონასწორობა, – 1:1, ოთხიოდე წუთში კი კუთხურიდან თავური დარტყმით ჯაბა კასრელიშვილმა დააგვირგვინა – 2:1. ეს ჯაბას მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში და როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი.

მატჩის მეორე ნახევარი იგივე სცენარით წარიმართა. „გაგრა“ ბურთს აგორავებდა, მეტოქე კი ცდილობდა ართმევაზე ეთამაშა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გამოსდიოდა. ერთი დასამახსოვრებელი მომენტი 54-ე წუთზე შეიქმნა, როცა მარცხნიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან, ფირუზ გაბიტაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით წერტილი დაუსვა თამაშს. 3:1 „გაგრას“ სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით გაგა კირკიტაძის გუნდმა 31 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „თვითონაც ხედავთ, რომ გუნდი ახალგაზრდულია, გამოუცდელი და სტაბილურად თამაში უჭირს. ჩვენ რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ ძლიერ მეტოქეებთან, მაგრამ შედარებით სუსტებთან ვმარცხდებოდით. ეს პრობლემაა და ამაზე უნდა ვიმუშავოთ. „ცხინვალთან“ მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. კარგად შევისწავლეთ ამ გუნდის თამაში და სათანადო დასკვნაც გამოვიტანეთ. იყო დადებითი მომენტები. რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა გამოგვივიდა. კარგად შევასრულეთ ვარჯიშებზე დამუშავებული კუთხური, მაგრამ იყო უარყოფითი მომენტებიც. ხშირი პასები უკან. განსაკუთრებით მეორე ნახევარში. რის გამოც სახიფათო მომენტები იქმნებოდა. ჩვენ ვიცით რაზე უნდა ვიმუშავოთ და შევეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ.“

ჯაბა კასრელიშვილი („გაგრას“ მცველი): „ძალიან ცუდად დავიწყეთ. არეულმა თამაშმა განაპირობა ის კურიოზული გოლი, რომელიც მატჩის დებიუტში მივიღეთ. შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, ტემპს მოვუმატეთ და გოლიც გავიტანეთ. სასიამოვნოა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შევძელი თავის გამოჩენა. ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც საშუალება მოგვცა წინ გავსულიყავით. თან გოლი ვარჯიშზე დამუშავებული კონბინაციიდან გავიდა, რაც ძალიან კარგია. მეორე ტაიმში უპირატესობის გაზრდა და შენარჩუნება მოვახერხეთ, რაც გუნდის კარგ მომზადებაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე თამაში არ გამოგვდის. სეზონის მიმდინარეობისას გუნდი იცვლებოდა, რის გამოც სტაბილურობის ხარისხმა დაიკლო, მაგრამ ეს ფეხბურთია. დიდი გამარჯვებები თანდათანობით მოდის.“

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი ქობულაძე, ლევან ბარაბაძე (ლაშა მანაგაძე, 72’), სანდრო შეწირული, ბექა ნიკოლაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი, ლაშა-გიორგი ობოლაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი, 79’), ივანე ოქროპირიძე (ცოტნე ფაცაცია, 72’).

გოლები: 0:1 – აჩიკო შალამბერიძე (14’), 1:1 – ბექა ნიკოლაშვილი (41’), 2:1 – ჯაბა კასრელიშვილი (45’), 3:1 – ფირუზ გაბიტაშვილი (54’)