ეროვნული ლიგა-2 ფინიშის სწორზე გავიდა და ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. „გურიასთან“ შეხვედრაში „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა განიმტკიცა. ამჟამად გაგა კირკიტაძის ბიჭები 31 თამაშში მოპოვებული 35 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.
ცუდი ის არის, რომ მძიმედ დაშავდა ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი ჯაბა კასრელიშვილი, ხოლო მარჯვენა მცველმა ვასილ ხოსიტაშვილმა მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც „შევარდენის“ წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს.
ეს გამარჯვება 3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ მოვიდა. შეიძლება ითქვას, „გაგრამ“ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი ჩაატარა, გაგრელებმა მატჩის მეორე ნახევარში მეტოქის კართან 5-6 რეალური საგოლე მომენტი შექმნეს.
გამორჩეულად წარმატებული თამაში გამოუვიდა ლაშა მანაგაძეს. მან თავის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ზუსტად გადაგზავნა გიორგი ქობულაძეს მიმართულებით და მანაც უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. გიორგისთვის ეს ბოლო 3 შეხვედრაში გატანილი მეორე გოლი იყო, რაც სტაბილურობის კარგი საზომია.
გოლი შეხვედრის 39-ე წუთზე გავიდა და ფაქტობრივად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. პირველი გატანილი გოლის შემდეგ „გაგრა“ საკუთარ ძალებში დარწმუნდა, მოედნის ცენტრში თამაში დაალაგა და მიზანმიმართული შეტევები განავითარა. ეს უფრო აშკარად მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა გაგრელები მეტოქის ნახევარზე რიცხობრივ უპირატესობას ხშირად ქმნიდნენ.
მიზანმიმართულმა შეტევებმა შედეგი გამოიღო, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ლაშა მანაგაძე „გურიას“ მეკარესთან პირისპირ დარჩა, თებიძემ „გაგრას“ შემტევი წააქცია, რის გამოც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად დაზარალებულმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას, – 2:0 „გაგრას“ სასარგებლოდ.
გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): ბიჭებმა ამ თამაშში თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ისეთი თამაშით როგორიც მეორე ტაიმში გვქონდა არც „სამტრედია“ იქნება საშიში მეტოქე და არც „თელავი“. რაც შეეხება გამოუყენებელ მომენტებს, ვფიქრობ გამოცდილებასთან ერთად მათი რეალიზაციაც საგრძნობლად გაიზრდება.“
გიორგი ქობულაძე („გაგრას“ ნახევარმცველი): „გუშინ მთელი 25 წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდით „გურია“-ს ფეხბურთელთა მოძრაობას კუთხურების დროს, შეიძლება ითქვას რომ ზეპირად შევისწავლეთ. გადავწყვიტეთ რომ კუთხურების მოწოდებისას შეტევის 4 ეშელონი ჩამოგვეყალიბებინა, როგორც ვხედავთ ამან გაამართლა. გოლი გავიტანეთ და თითქმის ყველა კუთხური სახიფათო დარტყმით დამთავრდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ამ მატჩის წაგება არ შეიძლებოდა, ამიტომ მთელმა გუნდმა ყველაფერი ჩავდეთ გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორც ნახეთ შრომა დაგვიფასდა. „გაგრა“ არასდროს დაქვეითებულა ლიგა-2-დან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არც არასდროს მოხდება.“
ვასილ ხოსიტაშვილი („გაგრას“ კაპიტანი): „ყველა ჩემი მოქმედება, კარის მიმართულებით გამჭოლი გადაცემები, აჩქარებები, ვარჯიშზე დამუშავებული სქემებია, ხან კარგად გამოდის ხან ისე არა როგორც მსურს, მაგრამ დღეს ამ მნიშვნელოვან მატჩში ყველაფერი კარგად წარიმართა. აშკარაა რომ ჩვენს გუნდს მეტი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ ასეთი ხარისხის თამაშით ლიგის ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია პაექრობა. კალენდრის მიხედვით მომდევნო 3 ტურში ლიდერებს ვხვდებით („შევარდენი“, „თელავი“, „სამტრედია“) და შევეცდებით მათ წინააღმდეგაც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.“
გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი (ფირუზ გაბიტაშვილი, 14’), ომარ პატარკაციშვილი, ივანე ოქროპირიძე (ლევან ბარაბაძე, 79’), ერეკლე სულთანიშვილი, სანდრო შეწირული, ლაშა-გიორგი ობოლაძე, ლაშა მანაგაძე, გიორგი ქობულაძე, ლაშა ოზბეთელაშვილი (ბექა ნიკოლაშვილი, 72’)
გოლები: 1:0 – გიორგი ქობულაძე (39’), 2:0 – ლაშა მანაგაძე (87’, პენ.)
გაფრთხილება: ფირუზ გაბიტაშვილი, ვასილ ხოსიტაშვილი