შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს.
ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას სახელს უკავშირდება. რთული პირობების მიუხედავად, მწვრთნელმა ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება მოახერხა, რომლის შემადგენლობაში ასაკობრივი ნაკრების წევრებიც იმყოფებოდნენ და შედეგსაც მიაღწია.
გუნდის ამბიციები, არც ოქროს ლიგაში დაცხრება. მწვრთნელი მიზნად საპრიზო სამეულში დამკვიდრებას ისახავს და ამისთვის სათანადოდაც ემზადება. 19-წლამდელებმა მოსამზადებელ პერიოდში 8 ამხანაგური თამაში გამართეს. ბოლო თბილისის „მერანის“ 17-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს, – 9:3. ამ შეხვედრაში გამოჩნდა დადებითი მხარეებიც და ის პრობლემებიც, რაზეც მწვრთნელი აუცილებლად იმუშავებს.
პაპუნა ტაბაღუასთან ინტერვიუ სწორედ ამ მატჩის ირგვლივ დავიწყეთ.
– დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი სწორი, ხარისხიანი ფეხბურთის თამაში იყო, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ჩვენ დავინახეთ თამაშის კარგი ორგანიზაცია. შეიძლება ითქვას, რაც დავგეგმეთ, ის მინდორზეც კარგად გადავიტანეთ. კარგი იყო პრესინგი. თუმცა, ინდივიდუალურ ფაზაში ბურთის კონტროლის დროს პრობლემები იყო. ანუ რიგ ეპიზოდებში ბურთის ამოტანა გაგვიჭირდა. რამდენიმე არაზუსტი პასი გავაკეთეთ, რიგ შემთხვევებში პოზიციებზე ჩამოსვლა დავაგვიანეთ, რაც საბოლოო ჯამში, გაშვებულ გოლებად დაგვიჯდა. ვფიქრობ ეს უფრო შეთამაშების პრობლემაა.
– როგორ აპირებთ შეთამაშების პრობლემის დაძლევას. ჩემპიონატის დაწყებამდე ხომ ცოტა დრო რჩება?
– მართალია, ძალიან რთულია ერთ თვეში ისეთი გუნდი მოამზადო, რომელიც იდეალურ ფეხბურთს ითამაშებს. პრაქტიკულად ერთი თვის წინათ შევკრიბეთ გუნდი და მოვამზადეთ, რაც შეთამაშებისთვის ცოტა დროა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ თამაშიდან თამაშამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ ხარისხი და გადამწყვეტ ფაზაში ისეთი გუნდი მივიღოთ, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. ბიჭებიც მოგვყვებიან და ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწევთ. რაც მთავარია, შემადგენლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაღალ შედეგზე ვიფიქროთ.
– ასაკობრივი გუნდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის ყოველ წელს იცვლება. რა გაძლევთ ასეთი ოპტიმისტური განცხადების საფუძველს?
– გუნდი ყოველ წელს იცვლება. შარშან შემადგენლობაში 2001 წელს დაბადებული ჭაბუკები ირიცხებოდნენ, წელს კი 2002-წლიანებს უწევთ, მაგრამ სელექცია ძალიან სწორად წარიმართა და 19-წლამდელებში საკმაოდ ძლიერმა ბიჭებმა მოიყარეს თავი. რა თქმა უნდა, რთული ჩემპიონატი იქნება. 10-გუნდიანი ტურნირი 3 წრედ ჩატარდება და აქ ეროვნული ლიგის გუნდებთან ერთად, ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბიც იასპარეზებს. შარშანდელი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა. სწორედ ისინი წარმოადგენენ ძირითად ბირთვს. დავიწყეთ შედარებით სუსტი რგოლების შევსება. ამ პროცესში დავიბრუნეთ „საბურთალოში“ იჯარის წესით განათხოვრებული დიტო ფაჩულია (ნახევარმცველი), საქართველოს 18-წლამდე ნაკრები გუნდის წევრი) და სფფ-ის აკადემიიდან თევდორე თელია (შემტევი ნახევარმცველი, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდის წევრი). აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელები ლუკა ნონიაშვილთან და გიორგი ბურდულთან ერთად აკადემიის დაარსებიდან მოდიან. შედეგად, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შეიკრიბა. მინდა მათ ახალ სეზონში წარმატება ვუსურვო.
– თქვენი მოღვაწეობის საბოლოო მიზანი რა არის?
– ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი დაწინაურდეს „გაგრას“ მთავარ გუნდში და ასევე, ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში. ამისთვის ფართო მუშაობა გვაქვს გაჩაღებული. დღეს ჩვენ გვყავს „გაგრა“ მთავარი გუნდი, 21-წლამდელები, 19-წლამდელები, 17-წლამდელები და 15-წლამდელები. ამის ქვემოთ ასაკობრივი გუნდები აღარ გვყავს. ამიტომ დავიწყეთ მემორანდუმების გაფორმება საფეხბურთო კლუბებთან და სექციებთან. მემორანდუმის მიზანია ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა, ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვა მათი განვითარებისა და შემდგომში 15-წლამდელთა გუნდში დაწინაურებისთვის. ანუ ვცდილობთ მთავარი გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე ჩავჯდეთ ერთიან სისტემაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, შემდგომში დიდ გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდეთ.
ოქროს ლიგის გათამაშების პირველ ტურში, 8 მარტს „გაგრას“ 19-წლამდელები „შევარდენს“ შეხვდებიან.