საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ მომდევნო სეზონისთვის ემზადება. როგორც კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე აცხადებს, – გუნდი წელს ეროვნული ლიგა 2-ში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურების საშუალებას იძლევა.

დღეისთვის „გაგრას“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კლუბი დატოვეს: ივანიაძემ, ლაღაძემ, ბუიღლიშვილმა, სანაშვილმა, ოქროპირიძემ, ერგემლიძემ (ის კარიერას თურქეთის „ადანასპორში“ გააგრძელებს), მანაგაძემ და პაპუაშვილმა.

მათ ნაცვლად გაგრელთა შემადგენლობაში გამოჩნდნენ: ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე (საჩხერის „ჩიხურა“), შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშია („თელავი“), ცენტრალური ნახევარმცველი თემურ მარკოზაშვილი (გორის „დილა“), შემტევი ნახევარმცველი დავით იონანიძე (ქუთაისის „ტორპედო“), ფორვარდი თორნიკე მუმლაძე (ფოთის „კოლხეთი“), მარცხენა მცველი დავით საჯაია (ბოლნისის „სიონი“).

აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, კლუბი კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან აგრძელებს მოლაპარაკებას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემადგენლობით დასახული მიზნის მიღწევას შესძლებს.

„გაგრა“ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ემზადება. გუნდმა ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა. ორივე ევროტურნირების მონაწილე – გორის „დილასთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გორში გაგრელებმა – 5:3 მოიგეს, ხოლო ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

სეზონის დაწყებამდე „გაგრას“ კიდევ ექნება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა. ცნობილია, რომ 4 თებერვალს გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ შეეჯიბრება, შემდეგ კი 13 თებერვლამდე შეკრებაზე გადავა და საქართველოს სუპერთასისთვის მზადებას გააგრძელებს, სადაც გაგრელების მეტოქე, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ იქნება.

გიორგი შანიძე („გაგრას“ სპორტული დირექტორი): „ჩვენ გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით სტაბილურად გამოვიყურებით. ამ ეტაპზე სუპერ თასის ფინალისთვის ვემზადებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მატჩია ჩვენთვის. წლევანდელი სეზონი  უაღრესად გადატვირთული  იქნება, . გუნდს სამ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს – ლიგა 2, ეროვნული თასი და ევროპის კონფერენსლიგა. ბუნებრივია ამ ტურნირებისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. გუნდს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაემატა, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემადგენლობით „გაგრა“ პირველობისთვის იბრძოლებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 პლეი ოფი ვითამაშეთ და ეროვნული ლიგისგან ერთ ნაბიჯში ვიყავით. გასულ წელს ეროვნული თასის გათამაშება მოვიგეთ. შედეგად, ფინალის წაგების სინდრომი დავძლიეთ. მიმაჩნია, რომ მოგების დრო დადგა. შესაბამისად, გუნდი სამივე ფრონტზე წარმატების მიღწევას შეეცდება. რაც შეეხება კონკურენტებს, ლიგა 2 ისეთი ტურნირია, რომ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, ამიტომ ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სეზონისთვის მზადების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი თბილისში იქნება, ზაფხულში კი ევროტურნირების დაწყებამდე, უცხოურ შეკრებაზე წასვლას ვგეგმავთ. არ არის გამორიცხული კონფერენსლიგისთვის გუნდი რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერდეს. ჩვენთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა დიდი პატივია.“

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „სეზონისთვის გუნდი „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება და ამავე ბაზაზე ჩაატარებს საშინაო თამაშებს. კლუბში რამდენიმე ახალწვეული დავიმატეთ. ზოგი სინჯებზე იმყოფება. ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, რამაც საშუალება მოგვცა გუნდის შესაძლებლობები დაგვენახა. პოტენციალი აშკარად ჩანს. მზადების პირველ ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდა. ამჟამად, ტექნიკურ-ტაქტიკურ კომპონენტებზე ვმუშაობთ. შემადგენლობიდან გამომდინარე რამდენიმე სათამაშო სქემა გვექნება. შედეგზე ვიქნებით ორიენტირებულნი. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ახალი ფეხბურთელების გუნდთან შერწყმა იქნება. ვეცდებით ახალწვეულებმა, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაიარონ ადაპტაციის პერიოდი. როცა ეს მოხდება, ვფიქრობ ყველა რგოლში დაბალანსებულ გუნდს მივიღებთ, რომელიც ლიგა 2-ში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ოთხ თებერვალს ამხანაგური შეხვედრა გვექნება თბილისის „ლოკომოტივთან“, შემდეგ შეკრებაზე გადავალთ და ქვეყნის სუპერთასისთვის მოვემზადებით. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებებს განიცდის. ეს ნორმალურია. ჩემპიონატის მსვლელობისას დავაკვირდებით რაზე გვაქვს სამუშაო და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ევროტურნირებში ჩართვამდე ზაფხულში კიდევ ერთი შეკრება გვექნება და არ არის გამორიცხული რამდენიმე ლეგიონერი დავიმატოთ. ჩვენთვის პრიორიტეტი საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა იქნება.“