21 თებერვალს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ქვეყნის თასის გამარჯვებული “გაგრა” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა “მიხეილ მესხის სახელობის” სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდი შეკრების ფინალურ ეტაპზე იმყოფება და ახალ სეზონს კვირას გასამართ სუპერთასის მატჩით გახსნიან.

გაგრა

გაგა კირკიტაძის გუნდმა შეკრება საქართველოში გაიარა. “გაგრამ” რამდენიმე სპარინგ-მატჩი გამართა, სადაც აღსანიშნავია გამარჯვება თბილისის “ლოკომოტივთან” ანგარიშით 3-0. გუნდში მრავლად არიან ახალწვეულებიც. “გაგრამ” ახალი სეზონისთვის შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: დავით საჯაია (სიონი), გურამ სამუშია (თელავი), ლუკა კიკაბიძე {ჩიხურა}, დავით იონანიძე {ტორპედო), თორნიკე მუმლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ მარკოზაშვილი (დილა) და სანდრო შეწირული (არაგვი).

“გაგრა” გასულ სეზონში საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა, სადაც გაგრელებმა პენალტების სერიაში წყალტუბოს “სამგურალი” დაამარცხეს. ფინალამდე კი, “გაგრამ”  ბათუმის “დინამო” 1-0 დაამარცხა, პენალტების სერიაში აჯობა გორის “დილასა” და “საბურთალოს”. ფინალში კი, როგორც გითხარით ჩვენმა კლუბმა “სამგურალი” დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “გაგრას” თასის ეგიდით არც ერთი (!) გოლი არ გაუშვია.  აქვე ვთქვათ, რომ “გაგრა” ლიგა 1-ში გადასასვლელ ორრაუნდიან მატჩში ქუთაისის “ტორპედოსთან” დამარცხდა (0-2, 1-1).

დინამო

თბილისის “დინამომ” შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც გუნდმა 8 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. “დინამომ” სპარინგ-მატჩებიდან ჯამში 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 5-ში კი დამარცხდა. “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს გიორგი ნემსაძის სახით. გუნდში  ასევე არიან ახალწვეულებიც. “დინამომ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული 18-ედ მოიპოვა. თბილისელებმა მეორეადგილოსან ბათუმის “დინამოს” 4 ქულით აჯობეს და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა.

ურთიერთშეხვედრები

“გაგრა” და თბილისის “დინამო” აქამდე ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ (საუბარია ოფიციალურ მატჩებზე), საიდანაც 9 ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა, ოთხ შეხვედრაში კი, გუნდები  ერთმანეთს თასის გათამაშებაში დაუპირისპირდნენ.  აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების მიერ გამართული პირველი მატჩი 2008 წელს გაიმართა და ის “გაგრას” გამარჯვებით 2-1 დასრულდა. გარდა ამ გამარჯვებისა, “გაგრამ” “დინამო თბილისი” კიდევ ორ შეხვედრაში დაამარცხა, რომელიც თასის ეგიდით ჩატარდა: 2014 წელს 1/4-ში და ბოლო მატჩში 2018 წელს, სადაც “გაგრამ” მეტოქე დამატებით ტაიმებში 1-0 დაამარცხა. საერთო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება

გაგრა: 3 მოგება

დინამო:  9 მოგება

ფრე: ერთი

ბურთების ბალანსი:      9/ 22

ბოლოს გეტყვით, რომ ორივე გუნდი ზაფხულში ევროტურნირებზე ჩაერთვება – “გაგრა” კონფერენს ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, “დინამო” კი ძალებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯავს.