თამაზ მაქაცარიამ ფეხბურთის თამაში გუბაზ დოლიძის აკადემიაში დაიწყო. 15 წლის ასაკში ის ვოვა ხაჩიძემ შეამჩნია და სათამაშოდ „ცხინვალში“ წაიყვანა. 16 წლისამ პირველ გუნდში 7 გოლის გატანა მოახერხა. ითამაშა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა და ევროტურნირები. მერე იყო ბათუმი და ცხინვალში დაბრუნება, 21 გოლი ჩემპიონატში და გადაბარგება რუსთავში.
2020 წლიდან მაქაცარია „გაგრას“ შეუერთდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. გასულ სეზონში ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კლუბს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. მეორედ დააჭაშნიკა ევროპული ტურნირები. რის შემდეგაც მიწვევა მიიღო გორის „დილასგან“. ამჟამად, თამაზი „გაგრას“ ფეხბურთელი და ჩვენი სტუმარია.
– „ცხინვალის“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგა და ევროტურნირები ვითამაშე, მაგრამ „გაგრასთან“ ერთად პირველი დიდი ტიტული, საქართველოს თასი მოვიგე და კონფერენსლიგაზე ვითამაშე, რაც დაუვიწყარი ემოცია იყო. ამიტომ როცა სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა, „გაგრაში“ დაბრუნება ვამჯობინე. ეს კლუბი ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება.
– „დილაში“ გატარებულ პერიოდზე რას იტყვი?
– „დილა“, რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, მაგრამ მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი კარიერული ზრდისთვის თამაში მსურს. სხვანაირად, განვითარება შეუძლებელია. როცა ბომბარდირის რანგში გადასულ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე გსვამენ, ეს რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნოა, ამიტომ კლუბის დატოვება გადავწყვიტე და „გაგრაში“ დავბრუნდი. ის, სადაც ჩემი კარიერის საუკეთესო ემოციები მეგულებოდა.
– როგორი გუნდი დაგხვდა „გაგრა“, ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც დატოვე?
– 4 დღეა, რაც ვვარჯიშობ. დავინახე გუნდის სულისკვეთება, რითიც „გაგრა“ ყოველთვის გამოირჩეოდა. დავინახე თბილი ურთიერთობები, რაც ოჯახურ გარემოს ჰგავს. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ერთობა და ძლიერი სულისკვეთება ბრძოლის უნარს გაგვიღვივებს, რაც საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
– ამისთვის დასაწყისისთვის „ლოკომოტივის“ დამარცხება იქნება საჭირო, რომელსაც 14 აგვისტოს ვეთამაშებით…
– საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით. უბრალოდ შეთამაშება გვჭირდება. რაც შეეხება „ლოკომოტივს“ საკმაოდ კარგი თაობა ეზრდება. ძალიან მოტივირებული იქნება, არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად. მას დასაკარგი არაფერი აქვს და ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯება. ჩვენ სრული კონცენტრაცია გვმართებს, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება.
ზოგადად კი ასე ვიტყოდი, – მოსაგები თამაშები, თუ მოვიგეთ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს.

 

 

 

 

ვასილ ხოსიტაშვილი: „ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით“

„გაგრას“ კაპიტანი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ ხოსიტაშვილი შეკრების შესახებ გვესაუბრება.
– სეზონის განახლების წინ კლუბი ლიდერებმა დატოვეს და გუნდის თავიდან შეკოწიწება მოგვიხდა. ერთი თვის წინ შევიკრიბეთ. ამჟამად, შეთამაშების პროცესში ვართ. მიმაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია ამ ეტაპზე. შეთამაშების და ახალ ფეხბურთელებთან ადაპტაციის პროცესი მალე უნდა გავიაროთ.
– ახალ მოთამაშეებზე რას იტყვი?
– მინდა ვთქვა, რომ კარგი პიროვნებები არიან, როგორც ადამიანები და როგორც ფეხბურთელები. ისე შეეწყვნენ ჩვენ გუნდს, თითქოს დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ. მაქაცარია, მაგალითად, ჩვენი მეგობარი და თანაგუნდელი იყო წლების განმავლობაში. ახლა დაბრუნდა და მას ბუნებრივია, ადაპტაცია არ გასჭირვებია. აფრიკელი ლეგიონერებიც საინტერესო ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით.
– 14 აგვისტოს ეროვნული ლიგის ეგიდით თამაშია „ლოკომოტივთან“ რას იტყვი ამ თამაშზე?
– ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ბუნებრივია გამარჯვება გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშში 3 ქულის მოპოვება, – ფსიქოლოგიურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც. ბფიქრობ, შეგვიძლია მოგებაზე თამაში.