ცნობილია იმ 10 გუნდის ვინაობა, რომელიც 2018 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. ეროვნულ ლიგაში აღზევდა რუსთავი, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა ქობულეთის შუქურა, ლიგა 3-დან აღზევდა შევარდენი, ხოლო ლიგა 3-ში დაქვეითდა ზუგდიდი.
ეროვნული ლიგა 2-ის საგზურისთვის ბრძოლაში, თელავმა ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 3-2 (2-1, 1-1) დაამარცხა ლანჩხუთის გურია, ხოლო ნორჩმა დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 (2-0, 4-0) მოუგო ტყიბულის მეშახტეს, შესაბამისად ლიგა 3-ის ორივე წარმომადგენელმა მოიპოვა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური, ხოლო გურია და მეშახტე ლიგა 3-ში დაქვეითდა.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა პლეი-ოფებს, მარტვილის მერანმა დაძაბულ ბრძოლაში დათმო ეროვნული ლიგაში ადგილი ფოთის კოლხეთთან. პირველი შეხვედრა, რომელიც ფოთის პარკი არენაზე გაიმართა, მასპინძლებმა 2-1 მოიგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ფრედ 2-2 მორჩა, შესაბამისად კოლხეთი 1913-მა ეროვნულ ლიგაში შეინარჩუნა ადგილი, ხოლო მერანი ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა.
დრამატულ მატჩში გადაწყდა ბოლო წყვილის ბედი. ამჯერად ეროვნულ ლიგაში ადგილს ბათუმის დინამო და ბოლნისის სიონი ეცილებოდნენ. პირველი შეხვედრა ბოლნისში გაიმართა და ადგილობრივი სიონის გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. ანალოგიური შედეგი განმეორთა ბათუმშიც და გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოავლინეს გამარჯვებული, რომელიც ბოლნისის სიონი აღმოჩნდა.
შესაბამისად უკვე ვიცით ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 10-10 გუნდის ვინაობა:
ეროვნული ლიგა: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, სამტრედია, საბურთალო, საჩხერის ჩიხურა, თბილისის ლოკომოტივი, გორის დილა, ფოთის კოლხეთი 1913, რუსთავი და ბოლნისის სიონი.
ეროვნული ლიგა 2: გაგრა, მარტვილის მერანი, ბათუმის დინამო, ქობულეთის შუქურა, ცხინვალი, წყალტუბოს სამგურალი, ვიტ ჯორჯია, შევარდენი 1906, თელავი და ნორჩი დინამო.