ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრე გაგრამ მე-2 პოზიციაზე დაასრულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 9 ტურის შემდეგ გათამაშებას 18 ქულით ვიტ ჯორჯია ლიდერობს, გაგრას 16 ქულა აქვს და მეორეა, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 15-15 ქულით ნორჩი დინამო და ბათუმის დინამო იყოფენ.
მეორე წრის პირველ შეხვედრაში გაგრელები მერანს უმასპინძლებენ. გუნდები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს ოფიციალურად 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 4-ჯერ გაგრელებმა იმარჯვეს, 5-ჯერ მარტვილელებმა, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაგრამ, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში 4-0 სძლია მეტოქეს. გოლები ლაშა კალანდაძემ, ლევან შარიქაძემ, ჯონ ჯერემიამ და გიორგი ტყეშელაშვილმა გაიტანეს. ჯამში გაგრას მარტვილელთა კარში 12 ბურთი აქვს გატანილი, მიღებული კი 8.
გასულ სეზონში გუნდები ერთმანეთს 4 ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ერთი შეხვედრა გაგრელებმა მოიგეს, 2-ჯერ მარტვილელებმა, ხოლო ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩი მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ სეზონშიც აღნიშნული დაპირისპირებით გაიხსნა ჩემპიონატი და იმავე სტადიონზე გამართული შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით, 0-0 დასრულდა.
მიმდინარე სეზონის პირველი წრის შემდეგ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა საკმაოდ სოლიდურია. 16 ქულით გაგრა მეორე პოზიციაზეა, 8 ქულით კი მერანი ბოლოდან მე-2 ადგილს იკავებს. გაგრამ 9 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოიგო, 1 წააგო, 4 კი ფრედ დაასრულა. მერანმა კი ამდენივე ჩატარებული მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, 5-ში კი დამარცხდა. გაგრელებმა მეტოქის კარი 10-ჯერ აიღეს, საკუთარში კი 7 ბურთი გაუშვეს. რაც შეეხება მერანს, მათ 5 ბურთი აქვთ გატანილი, საკუთარ კარში მიღებული კი 8.
გაგრადან საუკეთესი მაჩვენებლით რატი ცაცკრიალაშვილი გამოირჩევა. მან 9-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება მერანს, მათ რიგებში დათა სიჭინავა გამოირჩევა, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
აღნიშნული დაპირისპირება 5 მაისს, 16:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართება.