ეროვნული ლიგა 2-ის XIII ტურის მატჩში გაგრა სტუმრად ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა 24 მაისს, 17:00 საათზე, თემქაზე მდებარე სტადიონ “შატილზე” გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.
დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ჯერ ნორჩი დინამოს საუკეთესო ბომბარდირი, იაგო დეისაძე ცდილობდა შორეული დარტყმით მეტოქის კარის აღებას, თუმცა ვადიმ შევჩუკმა აჯობა, შემდეგ უკვე ლევან პაპავას შორეული დარტყმა ბექა შეყრილაძემ მოიგერია კუთხურზე. ანგარიში 21-ე წუთზე იაგო დეისაძემ გახსნა, რომელმაც რევაზ გეწაძის ჩამოწოდებული კუთხური თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა და ნორჩი დინამო დააწინაურა. რამდენიმე წუთში კვლავ ლევან პაპავას შეეძლო ნორჩი დინამოს კარის აღება, რომელმაც რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებულ სტანდარტს თავური დარტყმით უპასუხა, თუმცა ბურთი ხარიხას რამდენიმე სანტიმეტრით გადასცდა. 28-ე წუთზე გაგრელებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს. ყველაფერი ბექა შეყრილაძის შეცდომით დაიწყო, რომელიც ბურთის ამოტანას ცდილობდა, თუმცა იგი თამაზ ლომსაძეს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა რატი ცაცკრიალაშვილი იპოვა, რომელმაც უძლიერესი დარტყმა განახორციელა დინამოელთა კარისკენ. მისი დარტყმულის მოგერიება ბექა შეყრილაძემ კი მოახერხა, თუმცა ბურთი ხელიდან გაუვარდა და დამატებაზე კვლავ თამაზ ლომსაძემ იმარჯვა, 1-1. გაგრელთა მხრიდან ყველაზე აქტიური გუნდის ვიცე კაპიტანი, რატი ცაცკრიალაშვილი იყო, რომელსაც პირველ ნახევარში კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა. ჯერ იყო და მისი შორეული დარტყმული ბექა შეყრილაძემ მოიგერია, შემდეგ უკვე საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენაც მოსინჯა, თუმცა ბურთი ოდნავ გადასცდა დინამოელთა კარს. უქმად არც გამოცდილი “ნორჩი დინამო” ყოფილა, ტაიმის მიწურულს გაგრელთა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც იაგო დეისაძემ შეასრულა და ძელს მოარტყა. თითქოს ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე, ალექსანდრე გოგობერიშვილის აქტიურობას მარცხენა ფლანგიდან სახიფათო შეტევა მოჰყვა, ვეტერანმა ფეხბურთელმა იაგო დეისაძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, ამ უკანასკნელის ჩაწოდებულს კი ვანო შენგელიძე გამოეხმაურა და სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ნორჩი დინამო კიდევ ერთხელ დააწინაურა. პირველი ნახევარიც ამ შედეგით დასრულდა, 2-1 მასპინძელთა სასარგებლოდ.
მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა აბსოლიუტურად სამართლიანად დააფიქსირა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ მიეცა ნორჩ დინამოს სხვაობის გაზრდის შანსი, ვანო შენგელიძემ ტექნიკურად აუარა გვერდი გაგრელ მცველებს, საჯარიმოშიც შევიდა და დარტყმაც მოახერხა, თუმცა ვადიმ შევჩუკი დამაჯერებელი იყო და ბურთი მოიგერია. ამის შემდეგ უკვე გაგრა გააქტიურდა, საჯარიმოს მისადგომებთან ივანე ხაბელაშვილმა იაქტიურა, რომელმაც ლევან პაპავა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კარისკენ შემობრუნება და დარტყმა მოასწრო, თუმცა დინამოელთა კარის დარაჯი უშეცდომოდ დახვდა ბურთს. 72-ე წუთზე გაგრამ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მარცხენა ფლანგიდან რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს ივანე ხაბელაშვილი გამოეხმაურა და ბურთი ნორჩი დინამოს კარის ბადეში გაახვია, 2-2. ამ გოლის შემდეგ სრული უპირატესობა გაგრელთა მხარეს იყო, რასაც ვერ ვიტყვით ფორტუნაზე, რომელიც ნამდვილად არ წყალობდა ლურჯ-თეთრებს. რატი ცაცკრიალაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ავთანდილ ბრაჭულის თავური დარტყმა საოცარი რეაქციის წყალობით, ბექა შეყრილაძემ მოიგერია. ამ ეპიზოდში გაგრელები გოლსაც ითხოვდნენ, ვინაიდან ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. შემდეგ უკვე თავად რატი ცაცკრიალაშვილს შეეძლო გატანა, რომელიც ანდრო სოფრომაძემ მეკარის პირისპირ, კარის ხაზიდან ათიოდე მეტრში დატოვა, თუმცა მისმა დარტყმულმა მილიმეტრებით ჩაუარა მასპინძელთა კარის ძელს. ვერ გაიტან, გაგიტანენო ნათქვამია. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, 89-ე წუთზე, მთელი ძალებით შეტევაში წასულ გაგრას, საკუთარი კარის უსაფრთხოება დაავიწყდა და სახიფათო კონტრ-შეტევა მიიღო. დეისაძე-ფიფია-დეისაძის კომბინაცია, ამ უკანასკნელმა დაასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 3-2 ნორჩ დინამოელთა სასარგებლოდ.
ნორჩი დინამო 3-2 გაგრა | ეროვნული ლიგა 2 – XIII ტური
გოლები: 1-0 იაგო დეისაძე 22′, 1-1 თამაზ ლომსაძე 28′, 2-1 ვანო შენგელიძე 45+1′, 2-2 ივანე ხაბელაშვილი 78′, 3-2 იაგო დეისაძე 89′
ნორჩი დინამო: შეყრილაძე, თოდუა (კ), დეისაძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, კაშია, თევზაძე, ტყეშელაშვილი, შენგელიძე, კაკაშვილი, გეწაძე
სათადარიგო: მიქავა, ჯოჯუა, ჩიმაკაძე, ბეროშვილი, მიქელაძე, ფიფია, ძამსაშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, გაფრინდაშვილი, მაგრაქველიძე, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა (კ), ლომსაძე, სოფრომაძე, კაკიაშვილი, კილაძე
სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, ცირდავა, გოგატიშვილი, გაბრიჩიძე, სპანდერაშვილი, სულთანიშვილი
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები
არბიტრი – შ. ქუხილავა
პირველი ასისტენტი – დ. ახვლედიანი
მეორე ასისტენტი – პ. ბელთაძე
მეოთხე მსაჯი – მ. კიკორია
გაფრთხილება: ივანე ხაბელაშვილი 90+3′ (გაგრა)
ამ მარცხის შემდეგ გაგრამ ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვა, თუმცა ლიდერ ნორჩ დინამოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულაა. შემდეგ შეხვედრას გაგრელები “ბასაზე”, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავენ. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება, რომელიც მცხეთაში გაიმართა, უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრა 8 ივნისს, 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს ოფიციალურ Youtube არხზე შემოგთავაზებთ…