ეროვნული ლიგა 2-ის XXII ტურში გაგრელებმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ნორჩ დინამოს უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. შეხვედრა გაგრელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო და პირველი ნახევარი ასეც გაგრძელდა. გაგრას იძულებითი ცვლილების განხორციელება ჯერ კიდევ მე-18 წუთზე მოუწია, როდესაც გიორგი ივანიაძემ ფეხი დაიზიანა და ის თამაზ ლომსაძემ ჩაანაცვლა. დენის ხომუტოვს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება უკვე 38-ე წუთზე მოუწია, როდესაც გიგა სამხარაძე ნიკა მაგრაქველიძემ შეცვალა. რამდენიმე წუთით ადრე გაგრელთა განაპირა მცველს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი შეეჯახა, რა დროსაც გაგრელმა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო. იძულებითი ცვლილებები ამით არ დასრულებულა. ბოლო, მესამე შეცვლა გაგრას თავკაცს პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში მოუწია, ამჯერად გაგრელებს ცენტრალური მცველი, ავთანდილ ბრაჭული დაუზიანდათ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იგი ნუგზარ სპანდერაშვილმა ჩაანაცვლა. მიუხედავად სამი იძულებითი ცვლილებისა, პირველმა ნახევარმა გაგრელთა უპირატესობით ჩაიარა და რამდენიმე რეალური მომენტიც შეექმნათ, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს და ტაიმიც ფრედ, 0-0 დასრულდა.
მეორე ნახევარიც გაგრელთა შეტევებით დაიწყო და მალევე, 49-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი გაფრინდაშვილმა შეტევა ცენტრიდან დაიწყო და მეტოქის მარცხენა ფლანგიც უპრობლემოდ გაიარა, რასაც ამ უკანასკნელისგან საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, ბურთზე პირველი ლევან პაპავამ ითამაშა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, გაგრელთა ფორვარდის გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, რითაც ერთბაშად ორ მოწინააღმდეგეს, ვიტ ჯორჯიასა და ზემოთ ხსენებულ ნორჩ დინამოს გადაუსწრეს, მეორე ადგილზე აინაცვლეს და ლიდერთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს.
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა (C), გ. გაფრინდაშვილი, კაკიაშვიკი, ივანიაძე, კილაძე
სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, ლომსაძე, არჩუაძე, გაბრიჩიძე, სპანდერაშვილი
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
შეცვლები: 18′ ლომსაძე-ივანიაძე, 36′ მაგრაქველიძე-სამხარაძე, 45+1 სპანდერაშვილი-ბრაჭული
ნორჩი დინამო: მუჯრიშვილი, თოდუა (C), ბოლქვაძე, ბერიაშვილი, დეისაძე, ფოფხაძე, ჯაფარიძე, თევზაძე, ფიფია, კაკაშვილი, გეწაძე
სათადარიგო: შეყრილაძე, ჟვანია, დეკანოიძე, გოგობერიშვილი, ქარქუზაშვილი, კაშია, შენგელიძე
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
შეცვლები: 63′ კაშია-ბერიაშვილი, 63′ გოგობერიშვილი-ბოლქვაძე, 67′ დეკანოიძე-გეწაძე
გაფრთხილება: 57′ ლაშა ჯაფარიძე, 79′ კახაბერ კაკაშვილი
არბიტრი – ა. ნონიკაშვილი
პირველი ასისტენტი – ი. უკლება
მეორე ასისტენტი – დ. ახვლედიანი
მეოთხე მსაჯი – თ. ხუბულური