ვიტ ჯორჯია – გაგრა 2:0
საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თავისი 14-წლიანი არსებობის მანძილზე საამაყოც ბევრი ჰქონია და საფიქრალიც. კლუბმა ჩვენი ქვეყნის თასის მოგება მოახერხა და უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსაც მოუსინჯა გემო. „გაგრა“ დღესაც პრო 2-ის პირველობის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მიზნად ეროვნულ ლიგაში გადასვლა დაუსახავს.
ჩემპიონატის 23-ე ტურში „გაგრას“ „ვიტ ჯორჯიამ“ უმასპინძლა. ამ შეხვედრას გაგრელები სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. ტრავმების გამო გუნდს აკლდა ცენტრალური მცველი ავთანდილ ბრაჭული, მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე და შემტევი გიორგი ივანიაძე. ძირითად შემადგენლობაში ეს ფეხბურთელები, შესაბამისად, ჯაბა კასრელიშვილმა, ნიკა მაგრაქველიძემ და ნუგზარ სპანდერაშვილმა შეცვალეს.
თამაშის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ფეხბურთელები მოედნის ყოველი მეტრისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ და ცდილობდნენ მეტოქისთვის უპირატესობა არ დაეთმოთ.
ტაიმის შუაწელში, გაგრელთა შემადგენლობაში აშკარად იჩინა თავი შეცდომებმა, განსაკუთრებით დაცვის ცენტრალურ ზონაში. „ვიტ ჯორჯიამ“ სამჯერ დაურტყა სახიფათოდ საჯარიმოს ცენტრალური ნაწილიდან მეკარე შევჩუკს, მაგრამ სამივე დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
დაირღვა ბალანსი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის. ჩნდებოდა ბევრი სივრცე, რაც მასპინძლებს კონტრშეტევების წარმოების საშუალებას აძლევდა. 31-ე წუთზე სწორედ ამ დისბალანსს მოჰყვა გოლი სტუმართა კარში. პაპავამ მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, „ვიტ ჯორჯიამ“ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რასაც გაგრელთა მეკარისა და ცენტრალური მცველის შეუთანხმებელი მოქმედება დაემატა და მასპინძლებმა უპრობლემოდ გახსნეს ანგარიში, – 1:0.
ტაიმის დარჩენილი დრო გაგრელთა შეტევებში მიილია. სატუმრები განსაკუთრებით სტანდარტების დროს აქტიურობდნენ. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მცველი ჯაბა კასრელიშვილი გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმა ოდნავ ასცდა კარს. საჯარიმოს გარედან სახიფათოდ ურტყამდა რატი ცაცკრიალაშვილიც, სამწუხაროდ მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი იმავე მოტივით გაგრძელდა, რაც პირველი ნახევრის ბოლო 14 წუთი. გაგრელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ საკუთარ კარში პენალტი მიიღეს, რამაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, – 2:0.
„გაგრას“ მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა სცადა თამაშის ჩარხი სათავისოდ შემოებრუნებინა. შეტევის გასაძლიერებლად მან სამი ცვლილება გამოიყენა. სპანდერაშვილის, კასრელიშვილის და ცაცკრიალაშვილის ნაცვლად მინდორზე, ლომსაძე, სულთანიშვილი და მათიაშვილი შემოვიდნენ, მაგრამ ამ ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. „გაგრამ“ შეწყვიტა 4-მატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
მომდევნო შეხვედრას გაგრელები 14 სექტემბერს, “ცხინვალთან” გამართავენ. მანამდე კი, 8 სექტემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ გაეჯიბრებიან.
დენის ხომუტოვი („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „მინდა ვთქვა, რომ ეს თამაში დღეს კი არა, ერთი კვირის წინათ წავაგეთ. მომზადების პროცესში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. ახლა 2-კვირიანი შესვენება გვექნება და უამრავი დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ჩვენ დავსხდებით, ყველაფერს ავწონ-დავწონით და გადავწყვეტთ: ან მოვემზადებით, როგორც საჭიროა ან კარდინალური ცვლილებების დრო დადგება.
რაც შეეხება „ცხინვალთან“ შეხვედრას, ვნახავთ ამ გუნდის თამაშის ფრაგმენტებს, დეტალურად შევისწავლით და სათამაშო სქემასაც მხოლოდ ამის შემდეგ შევიმუშავებთ. გავითვალისწინებთ ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნას და მინდორზე მხოლოდ ის მოთამაშე გავა, ვინც მოცემული მომენტისთვის საუკეთესო კონდიციაში იქნება“.