ვიდრე ევროპაში სანაკრებო ბატალიები მძვინვარებს, საფეხბურთო კლუბებმა თბილისის „დინამომ“ და „გაგრამ“ გადაწყვიტეს ამხანაგურ შეხვედრაში მოესინჯათ ძალები. მატჩი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და შეიძლება ითქვას, ორივე კლუბისთვის სასარგებლო გამოდგა.
„დინამოსაც“ და „გაგრასაც“ 15 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელით. დინამოელები ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩემპიონატის დასკვნით ტურში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, გაგრელებისთვის კი ეროვნულ ლიგა 2-ში ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს და თუ გუნდს ეროვნულ ლიგაში აღზევება სურს, მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს „ცხინვალი“.
ისე გამოვიდა, რომ კახა კაჭარავასა და დენის ხომუტოვის გუნდებმა, ერთგვარი გენერალური რეპეტიცია გაიარეს. გუნდებს თავი არ დაუზოგავთ და თამაშიც მაღალ ტემპში დაიწყო. „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა განმარტა, რომ აუცილებელია გუნდის მომზადების პროცესი დაიხვეწოს, თუ არადა, კარდინალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, სხვანაირად წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელი იქნებაო. როგორც ჩანს, გუნდმა მზადების პროცესში მართლაც შეიტანა ცვლილებები. „დინამოს“ წინააღმდეგ „გაგრა“ ისე ათამაშდა, როგორც ეროვნული ლიგის გუნდს ეკადრებოდა და უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ჯობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის აღიარებულ ლიდერს.
„ვიტ ჯორჯიასთან“ გამართული მატჩისგან განსხვავებით, მოედნის ცენტრალურ რგოლსა და დაცვას შორის დისბალანსი აღარ შეიმჩნეოდა. გაგრელები დროულად ავსებდნენ ზონებს. ეპიზოდებში მეტოქე პრესინგის ქვეშაც ჰყავდათ და სწრაფ კონტრიერიშებსაც თამამად ახორციელებდნენ. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა საგრძნობლად მოუკლეს უკან პასებს. ეს კი ერთი-ორად ზრდის შეტევით პოტენციალს.
ამ გარემოებებმა შედეგი მალევე გამოიღო და უკვე მატჩის დებიუტში, მე-9 წუთზე, მარჯვენა ფრთიდან ხოსიტაშვილის სწრაფ გარღვევას სახიფათო, გამჭოლი გადაცემა მოჰყვა მეკარის მოედანზე, თბილისელთა კიპერმა ბურთი კი ჩაჭრა, მაგრამ დასწრებაზე ზუსტად მოთამაშე ხაბელაშვილის ძლიერ დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა. „გაგრამ“ ანგარიში გახსნა – 0:1. ამ გოლს „დინამომ“ ორიოდ წუთში სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა და აღადგინა წონასწორობა, – 1:1, მაგრამ გაგრელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა შეინარჩუნა საკუთარი თამაში, რამაც საბოლოო ჯამში, გაამარჯვებინა კიდეც.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და „გაგრას“ მოუწია უკვე დაცვაში ეჩვენებინა თავისი ოსტატობა. მეკარე ისიანმა კი ორჯერ მოიგერია ბურთი. სტუმრებმა მეტოქის ამ 5-წუთიან მოძალებას თავი კარგად გაართვეს, დროულად აზღვევდნენ ერთმანეთს და კარიც მშრალად შეინარჩუნეს.
გაგრელთა თავდადების გვირგვინი თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაფიქსირდა, როცა მარცხენა ფრთიდან გიორგი გაფრინდაშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთს, მაღალ ნახტომში, ზუსტი თავური დარტყმით, შეცვლაზე შემოსული მცველი ჯაბა კასრელიშვილი შეეგება, – 1:2 „გაგრას“ სასარგებლოდ და დენის ხომუტოვის გუნდმა რეპეტიცია წარმატებით ჩაატარა.
„გაგრამ“ თავისი თავდადებით დაიმსახურა ეს გამარჯვება და „ცხინვალთან“ 15 სექტემბერს გასამართი მატჩის წინ კარგი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნა.
დინამო – გაგრა 1:2
„გაგრამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლევან ისიანი, ვასილ ხოსიტაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, ერეკლე კილაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, თორნიკე გაფრინდაშვილი, რატი კაკიაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, თამაზ ლომსაძე, ლევან პაპავა.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ვაჟა მათიაშვილი, ლუკა კაკაბაძე, ვადიმ შევჩუკი, ნიკა მაგრაქველიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი.
ავტორი: კახა ფაჩუაშვილი