რატი ცაცკრიალაშვილი: „ბოლო თამაშებში ისე აეწყო, რომ გოლი არ გამიტანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ნავსი გატყდა. სტიმულიც მეტი მქონდა და ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციებიც გამოგვივიდა. პირველი გოლი, როცა საგოლე გადაცემა შევასრულე, სწორედ ვარჯიშზე დამუშავებული სტანდარტი იყო. კუთხურიდან გავათამაშეთ ბურთი, საჯარიმო მოედანში კილაძე შევნიშნე კარგ პოზიციაში, გადაცემა გავუკეთე და მანაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც ასევე დამუშავებული კომბინაციის შედეგია. მარჯვნიდან თორნიკე გაფრინდაშვილმა ზუსტი პასი მომცა კარის წინ და გატანა აღარ გამჭირვებია. ახლა 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მომიგროვდა და შევეცდები, რომ ბომბარდირთა დავაშიც კარგი შედეგი ვაჩვენო. წინ რთული თამაშები გველის. ყველა გუნდს ინდივიდუალურად ვუდგებით, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე. ქობულეთის „შუქურა“ კარგი გუნდია. გასავარდნ ზონაშია და გაათკეცებული ენერგიით იბრძვის ყოველი ქულისთვის. ქობულეთელებმა ბოლო თამაშებში უფრო მეტი მოიგეს, ვიდრე წააგეს. გავაანალიზებთ ყველაფერს და ვიმედოვნებ, რომ წარმატებულ თამაშს გავაგრძელებთ“.

ავტორი: კახა ფაჩუაშვილი