ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაამარცხა მეტოქე – 3:1. ამ გმარჯვებით ქობულეთელებმა სატურნირო მდგომარეობა კი გამოისწორეს, მაგრამ „გაგრას“ უკიდურესად გაურთულეს საქმე.

თამაში ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ფეხბურთელებს გამარჯვების მისაღწევად ძალა არ დაუზოგავთ. „გაგრა“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს აკლდა ჩამშლელი ტიპის საყრდენი ნახევარმცველი კაკიაშვილი და მცველი ერეკლე კილაძე. ამას გარდა, „გაგრას“ უკვე კარგა ხანია ვერ ეხმარება დაცვის ლიდერი ავთანდილ ბრაჭული. შესაბამისად, შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ გაგრელთა დაცვის ცენტრი პრაქტიკულად მოშიშვლებული იყო.

თამაში სტუმართათვის კარგად დაიწყო. უკვე თამაშის მე-7 წუთზე, მარჯვენა ფრთიდან შეტევას თორნიკე გაფრინდაშვილის გოლი მოჰყვა და „გაგრა“ დაწინაურდა. თუმცა, გოლის შემდეგ დენის ხომუტოვის გუნდმა რატომღაც დათმო ინიციატივა და „შუქურამ“ მასირებული შეტევები დაიწყო სტუმართა კართან, რასაც საჯარიმოს კუთხიდან დოს რეის რამოსის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ამას გაგრელთათვის ცივი წყლის გადასხმის ეფექტი მოჰყვა. გუნდმა გადაწყობა ვერ მოასწრო და გოლიდან 3 წუთში გიორგი ჩელებაძემ, ისარგებლა რა დაცვის შეცდომით, მეორედ აიღო სტუმართა კარი. 2:1 – „შუქურა“ დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „გაგრა“ თავგამოდებით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა. მინდორზე 3 ფორვარდი შეუშვა, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გუნდის ლიდერმა რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ქობულეთელთა კარის ძელს გაარტყა. არავინ იცის რატის რომ ეს გოლი გაეტანა შეძლებდა, თუ არა „გაგრა“ თამაშის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას, მაგრამ მინდორზე მდგომარეობას აშკარად დაძაბავდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძელმა კიდევ ერთხელ იხსნა ქობულეთელთა კარი გოლისგან, მაგრამ სულ ეს იყო. დღეისთვის 39 ქულით „გაგრა“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება და 2 ქულით ჩამორჩება თელავს, რომელიც მიჯრით 4 გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე აღზევდა.

მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, გათამაშების ლიდერის ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.

შუქურა – გაგრა 3:1

შუქურა: აზამათ ჯიოევი, გიორგი კალანდაძე, გიორგი კალანდია, დოს რეის რამოსი (ომარ ბულუხაძე), ერეკლე ლებანიძე (გიორგი ჭანუყვაძე), გიორგი ჩელებაძე, ოთარ მუხულიშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, ფელიპე ნუნიეში, შალვა სანაშვილი, ჯეფერსონ ჯერალდო

გაგრა: ვადიმ შევჩუკი, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი (ლევან პაპავა), გიგა სამხარაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე ხაბელაშვილი (ნიკა მაგრაქველიძე), თამაზ ლომსაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი (გიორგი ივანიაძე), ერეკლე სულთანიშვილი

გოლები: 0:1 – თორნიკე გაფრინდაშვილი (7’), 1:1 – დოს რეის რამოსი (15’), 2:1, 3:1 – გიორგი ჩელებაძე (18’, 78’-პენ)

ავტორი კახა ფაჩუაშვილი