ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტორი „გაგრას“ 2017 წლიდან უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია. გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა და ეროვნული ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის.

დენის ხომუტოვი 1979 წელს დონეცკში დაიბადა. დაამთავრა დონეცკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი სასწავლებელი. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი (2 ვაჟი და ქალიშვილი). პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში 376 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. თამაშობდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში.

სხვადასხვა წლებში იყო დონეცკის „რუბინის“, დონეცკის „ოლიმპიკის“ მწვრთნელი. სათავეში ედგა ამ გუნდის 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა. იყო დონეცკის „შახტარის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დირექტორი. დაინიშნა დონეცკის „ოლიმპიკის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ, როცა გუნდმა ევროპის ლიგის გათამაშების საგზური მოიპოვა. 2017 წლის 31 აგვისტოდან კი „გაგრას“ მთავარი მწვრთნელია. დენის ხომუტოვს მუხრანში, გუნდის ვარჯიშზე ვეწვიეთ.

– როგორ აღმოჩნდით „გაგრაში“?

– კლუბ „გაგრას“ დამფუძნებელს, ბატონო ბესიკ ჩიხრაძეს ვიცნობდი. მან დონეცკში სინჯებზე ჩამოიყვანა ფეხბურთელი გადრანი. „ოლიმპიკის“ რამდენიმე თამაშსაც დაესწრო და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. 2017 წლის 31 აგვისტოს კი „გაგრას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზა.

– თბილისში ოჯახთან ერთად გადმოხვედით?

– ამჟამად, ჩემი მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი ჩემთან იმყოფება. სამწუხაროდ, მუდმივად აქ არ არიან. გოგონას გარდა, ორი ვაჟიც მყავს, რომლებიც ოდესაში ცხოვრობენ. დონეცკში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ასე გადავწყვიტეთ. ჩემი უფროსი ვაჟი ოდესის „ჩერნომორეცის“ ღირსებას იცავს.

– მშობლები?

– სამწუხაროდ, მამა აღარ მყავს, დედა კი კიევის მახლობლად ცხოვრობს. ბუნებრივია, როცა საშუალება გვაქვს, ერთად ვიკრიბებით ხოლმე.

– თბილისში როგორ მოეწყვეთ?

– კლუბმა ბინა მიქირავა და ამჟამად დიღომში ვცხოვრობ. საცხოვრებელი პირობები კარგი მაქვს.

– სადილს ვინ გიმზადებთ?

– როცა მეუღლე თბილისშია ის მიმზადებს, თუ არადა, მე თვითონ ვამზადებ საუზმეს. არ არის რთული საქმე. საღამოობით კი აქვე ახლოს კაფეში დავდივარ ხოლმე, ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ.

– რომელი კერძი მოგეწონეთ ყველაზე მეტად?

– ძალიან კარგი კერძია ჩაშუშული ხორცი ბევრ მწვანილში, ტყემლით.

– ჩაქაფული?

– ჩაქაფული.

– ჩვენი ქვეყნის დათვალიერება თუ მოასწარით?

– ამ უქმეებზე მეუღლესთან ერთად ბორჯომში ვიყავი. უფრო ადრე სიღნაღში, ძალიან ლამაზი ადგილებია.

– სიღნაღი კარგი ღვინით გამოირჩევა…

– თეთრი ღვინო გავსინჯე, რქაწითელი. უნდა ვთქვა, რომ სახლის ღვინო უფრო სჯობს ქარხნისას. ბევრს არ ვსვამ, მაგრამ მისი გემო განსაკუთრებულია.

– ქართველი და უკრაინელი ხალხი ჰგავს ერთმანეთს, რა მსგავსება და სხვაობა შეამჩნიეთ?

– ყველა ადამიანი სასიამოვნოა, როცა არ უჭირს. რევოლუციების შემდეგ ქართველიც და უკრაინელი ხალხიც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ორივეს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, ორივეს უჭირს. უკრაინაში რევოლუციის შემდეგ ომი დაიწყო. სიმართლე გითხრათ, მე იქაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს და აქაც კომფორტულად ვარ. იმედი მაქვს ჩვენ ქვეყნებში მალე დასტაბილურდება სიტუაცია.

– როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

– დილით ვარჯიში გვაქვს, შემდეგ ვისვენებ, საღამოს კი თამაშების ანალიზს ვუთმობ, ხან ჩვენი გუნდის, ხან მოწინააღმდეგის. როცა დრო მაქვს „გაგრას“ ასაკობრივი გუნდების მატჩებს ვესწრები.

– რა არის თქვენი მიზანი, „გაგრაში“ რისი მიღწევა გსურთ?

– მიზანი რამდენიმეა. მსურს ჩვენ გუნდს საკუთარი სათამაშო სტილი ჰქონდეს, სხვებისგან გამორჩეული. ისეთი, როგორიც გულშემატკივარს მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს. ასევე, მინდა წარმატებით გამოვიდეთ როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე და გუნდმა მოიპოვოს ეროვნული ლიგის საგზური.

– ეროვნული ლიგის საგზური კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნაა?

– არა. სეზონის დაწყების წინ მაინდამაინც არავინ მოითხოვდა გუნდის ეროვნულ ლიგაში გადაყვანას. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. იანვრის თვეში მხოლოდ 4 ფეხბურთელი გვყავდა კონტრაქტით. ფაქტობრივად, გუნდი თავიდან ჩამოვაყალიბეთ. დღეს გვყავს გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან, მაგალითად: ივანიაძე 19-წლამდელებში, სპანდერაშვილი 20-წლამდელებში. ასე, რომ გვსურს ეროვნულ ლიგაში გადავიდეთ. ხოლო, თუ გუნდი ევროპა ლიგის საგზურსაც მოვიპოვებთ, ბედნიერი ვიქნები.

– როგორ ფიქრობთდღეს არსებული რესურსი საკმარისია ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად?

– დღეს გვყავს 4-5 ფეხბურთელი, ვისაც თავისუფლად შეუძლია ევროპულ გუნდებში თამაში. ჩვენს თამაშებს ესწრებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელები. ჩვენი ამოცანაა ჯერ ეს გუნდი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი გავაძლიეროთ. ეს ნამდვილად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ძალიან გვინდა, ერთ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი გვყავდეს. ასეთი კონკურენცია კლუბის ზრდისთვის აუცილებელია. ამჟამად, ცვლილებები არ იგეგმება. ზოგადად კი 4-5 პოზიცია გაძლიერებას საჭიროებს.

– თქვენ თქვით, რომ კლუბის ასაკობრივი გუნდების თამაშებს ესწრებით. ახალგაზრდულ გუნდებში არ არის რესურსი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ?

– ყველა ასაკში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ამ ეტაპზე გამოცდილება არ ჰყოფნით ასეთ დონეზე თამაშისთვის. ყველა ფეხბურთელი, რომელიც გუნდის პოტენციურ წევრად მოიაზრება ჩემ ხელში გადის, ამიტომ მერწმუნეთ, ვიცი, რასაც ვამბობ.

– ანუ გამოდის, რომ გუნდს მოუწევს იმ რესურსით გავიდეს ფონს, რომელიც დღეს აქვს.

– რთული იქნება, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით.

– პრო 2-ის ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტური დარჩა. „გაგრა“ სამეულშია, მაგრამ არის 4 გუნდი, ვინც სამეულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. რა შანსები აქვს „გაგრას“ მათ წინააღმდეგ?

– ოთხივე კონკურენტი ძლიერია და განსხვავებულია. „ვიტ ჯორჯია“ გუნდურ ფეხბურთს ქადაგებს და მასიური დაცვით გამოირჩევა. „ნორჩ დინამოს“ დიდი რესურსი აქვს. იქ საქართველოს რჩეული ფეხბურთელები იყრიან თავს და ბევრი შეუძლია. „თელავი“ საგრძნობლად გაძლიერდა. გუნდმა ეროვნულ ლიგაში ნათამაშევი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა და ჩვენთვისაც ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. კარგად გამოიყურება „შევარდენი“ მისი თამაში ძალიან მომეწონა. ასე, რომ ქულას იოლად არავინ დათმობს. საერთოდაც ლიგაში არ არსებობს გუნდი, ვისაც რამე არ სჭირდება. ზოგი ეროვნული ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ზოგიც გადასარჩენად.

– 18 ოქტომბერს მარტვილის „მერანს“ მასპინძლობთ, შემდეგ კი წყალტუბოს „სამგურალს“ ხვდებით, თუ გუნდი ამ თამაშებს მოიგებს, მტკიცედ დამკვიდრდება სამეულში…

– ძალიან ნუ იჩქარებთ. ჯერ „მერანს“ ვხვდებით და მთელი კონცენტრაცია ამ თამაშისკენ გვაქვს გადატანილი. მარტვილელები პრო 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ქულას ადვილად არ დათმობენ. იგივე შეიძლება ითქვას „სამგურალზეც“. თანაც წყალტუბოში თამაში იოლი არ არის. ჩვენ შევეცდებით ისეთი ტაქტიკა შევარჩიოთ, რომელიც კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ გამოგვადგება.

– თქვენ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ხართ და ტაქტიკაც შესაბამისი გექნებათ…

– ყოველთვის ისე არ არის, როგორც გინდა. ყველა მეტოქეს თავისი რეცეპტი აქვს. ჩვენ მრავალფეროვანი ტაქტიკით შეგვიძლია თამაში, – დაცვიდან, შეტევითი, პრესინგი, სიღრმიდან თამაში, ხშირად ტაქტიკას თამაშის მსვლელობისას ვცვლით ხოლმე. გააჩნია კონკრეტულ მომენტში გუნდს რა სჭირდება.

– უკრაინაშიც ასე ფიქრობდით?

– უკრაინაში რომ ვიყო, იგივე პასუხს გაგცემდით.

– უკრაინაში ფეხბურთი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში. რით განსხვავდება ქართული და უკრაინული ფეხბურთი ერთმანეთისგან და რა არის საჭირო, რომ მაგალითად, საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს?

– უკრაინა სჯობს, რადგან იქ ბევრი საფეხბურთო აკადემიაა, სკოლები არსებობს, გამართული ინფრასტრუქტურა. ომამდე კიდევ უფრო მეტი იყო. ამასთან, უკრაინაში მაღალი დონის ლეგიონერები ჩამოდიან, რომლებიც ფეხბურთის საერთო დონეს ამაღლებენ. უკრაინული ფეხბურთი უფრო ძალისმიერია, ბევრს მუშაობენ. საქართველოში უფრო ტექნიკური მხარეა პრიორიტეტი, მაგრამ ფეხბურთელებს ფიზიკური და ტაქტიკური განსწავლა აკლიათ. ქართველ ფეხბურთელს უჭირს ბურთის ართმევაზე ძალისმიერი თამაში, უბურთოდ ნაკლებს მოძრაობენ და ყველა ეს დეტალი ერთობლიობაში ქმნის იმ განსხვავებას, რაც უკრაინასა და საქართველოში არსებობს. იმის თქმა მსურს, რომ უნდა შეიქმნას სისტემა და ამ სისტემის ფარგლებში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ.

– უბურთოდ მოძრაობა და ართმევაზე თამაში „ბარსელონას“ ახასიათებს. თუ შევადარებთ, ვთქვათ, კაპელოს „რეალს“ და გვარდიოლას „ბარსელონას“ რომელ სტილს უფრო მიანიჭებდით უპირატესობას?

– კაპელოს „რეალი“, რა თქმა უნდა, დიდი გუნდი იყო, მაგრამ პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული. ასეთი სტილი მე არ მომწონს. გვარდიოლას შემტევი სტილი ბევრად უფრო შთამბეჭდავი სანახავი იყო, მაგრამ ორივე მათგანი უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ და ვისაც მოისურვებდნენ იმათი ხელში ჩაგდება შეეძლოთ. მე კი მირჩევნია საფუძველი მოვამზადო. ვნახო კლუბი, რომელიც საკუთარი რესურსებით იზრდება. სწორედ ამიტომ ვმუშაობდი უკრაინაში ასაკობრივ გუნდებში. ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს. ამის ნათელი მაგალითი ბილბაოს „ატლეტიკია“. კლუბი, რომელიც მთლიანად საკუთარი რესურსით იკვებება. ბედნიერი ვიქნები, თუ „გაგრაშიც“ მსგავს რამეს ვნახავ, – გამართულ ინფრასტრუქტურას და ძლიერ ასაკობრივ გუნდებს.

– უეფამ ახალი იდეა განახორციელა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 4 კატეგორიად დაჰყო, როგორ ფიქრობთ, კარგი იდეაა?

– კარგი იდეაა იმ გუნდებისთვის, ვისაც არ ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. თუმცა, ბევრი კარგი გუნდიც გახდება ამ იდეის მსხვერპლი. მოდი ასე ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატი გამოაჩენს კარგი იდეა იყო, თუ არა. თუ მაგალითად, მეოთხე კატეგორიიდან გასული გუნდი, ფინალურ ეტაპზე ღირსეულად ითამაშებს, მაშინ გამოდის, რომ იდეა კარგი ყოფილა, თუ არადა, გადასახედი იქნება.

– საქართველო მეოთხე კატეგორიაში მოხვდა, უკრაინა მეორეში. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვთ ჩვენი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს?

– საქართველოს ჯგუფიდან გასვლა აღარ უნდა გაუჭირდეს. უკრაინამ კი, თუ ჩეხეთი შინ დაამარცხა, გასულია. თუ საქართველოს ფეხბურთის განვითარება სურს, ეროვნული ნაკრები უბრალოდ ვალდებულია, ამ კატეგორიიდან ფინალურ ეტაპზე გავიდეს. მჯერა, რომ ასეც მოხდება.

კახა ფაჩუაშვილი