მარტვილის სტადიონზე, როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული ბრძოლა გაჩაღდა. წყალტუბოს „სამგურალსა“ და „გაგრას“ ჰაერივით სჭირდებოდათ ქულები. გაგრელებს ეროვნულ ლიგაში ასასვლელად, წყალტუბოელებს კი ლიგა 2-ში დასარჩენად. მასპინძლები ამ თამაშამდე სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ და შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ.
ისე გამოვიდა, რომ ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც „სამგურალმა“ წარმატებით დააგვირგვინა. შეიძლება ითქვას, რომ წყალტუბოელებმა სეზონის მატჩი ითამაშეს. ისინი მაქსიმალური ყურადღებით გამოირჩეოდნენ მოედნის ყოველ მონაკვეთზე და ჩვენ ბიჭებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. იქნებ ამის ბრალიც იყო, რომ „გაგრას“ თამაშს სისწრაფე აკლდა. შეტევაში კი გამჭრიახობა.
ჩვენები ბევრს ეცადნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ შეტევაში გადამწყვეტი, ბოლო პასის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ. წყალტუბოელები ყოველთვის ასწრებდნენ პოზიციებზე გადაწყობას, ამიტომ „გაგრამ“ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. პირიქით, 44-ე წუთზე გიგა ჩხეტიანის შეტევა გამოეპარა და მასპინძლებმაც ანგარიში გახსნეს.
მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი უფრო გახელებით უტევდა, მეტოქის საჯარიმომდე უპრობლემოდ აღწევდა, მაგრამ კარში ვეღარ ურტყამდა. საკმარისია ითქვას, რომ დასკვნით 45 წუთში დენის ხომუტოვის ბიჭებმა მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს ზუსტად მეკარე ანდრე ნონოსის კარში. ორი მათგანი „სამგურალის“ ლეგიონერმა მოიგერია, აი ლომსაძის სასოწარკვეთილ დარტყმას კი ვეღარაფერი მოუხერხა. სამწუხარო ის იყო, რომ ლომსაძემ გოლი მხოლოდ მატჩის 90-ე წუთზე გაიტანა და დროც აღარ რჩებოდა თამაშის გადასარჩენად.
ჩვენებმა მაინც სცადეს, მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ და როგორც ასეთ მომენტებში ხდება ხოლმე, კონტრიერიში გამოეპარათ. მეკარე ვადიმ შევჩუკთან პირისპირ დარჩენილმა მამუკა ღონღაძემ კარგად ისარგებლა ამ საჩუქრით და საბოლოო წერტილი დაუსვა თამაშს – 3:1. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდისთვის სამწუხარო კიდევ ის იყო, რომ მსაჯმა ვადაჭკორიამ მინდვრიდან რატი ცაცკრიალაშვილი გააძევა, რომელსაც მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ტურის მეორე შეხვედრაში „შევარდენი 1906-მა“ 3:2 მოუგო „ნორჩ დინამოელს“ და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დატოვა. „გაგრა“ კი ინარჩუნებს მესამე პოზიციას. 29-ე ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს, საკუთარ მინდორზე „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს.
სამგურალი – გაგრა 3:1
გაგრამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ვადიმ შევჩუკი, გიგა სამხარაძე, ერეკლე კილაძე თორნიკე გაფრინდაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი (გიორგი ივანიაძე), ივანე ხაბელაშვილი (ლევან პაპავა), თამაზ ლომსაძე, ვაჟა მათიაშვილი (ნუგზარ სპანდერაშვილი), გიორგი გაფრინდაშვილი, რატი კაკიაშვილი
გოლები: 1:0, 2:0 – გიგა ჩხეტიანი 44’, 48’, 2:1 – თამაზ ლომსაძე 90’, 3:1 – მამუკა ღონღაძე 90+3’
გაფრთხილება: თორნიკე კაკუშაძე 28′, ცოტნე ხარაბაძე 77′ – თორნიკე გაფრინდაშვილი 45′, რატი ცაცკრიალაშვილი 70′
გაძევება: რატი ცაცკრიალაშვილი 73′