პირველი ქულა

„გაგრამ“ ფოთში, ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ შეხვედრაში პირველი ქულა აიღო და ეს მხოლოდ დასაწყისია. წელს გაგა კირკიტაძის ბიჭები უფრო გუნდურ თამაშს აჩვენებენ, ვიდრე შარშან იყო. შუახაზში კარგად მუშაობს ჩვენი გუნდის კვინტეტი – ნიკოლაშვილი, პაპუაშვილი, ხარებაშვილი, ბრეგვაძე, შალამბერიძე. შეტევაში კი პოზიციურად შთამბეჭდავად გამოიყურება ზვიად მეტრეველი და ეს კომბინაცია ქმნის საშუალებას, რომ გუნდმა შეტევაში წარმატებას მიაღწიოს, ხოლო, როცა „გაგრა“ სათანადოდ შეთამაშდება, შედეგიც არ დააყოვნებს.

შემტევი კვინტეტის მოქმედებამ მეტოქის მცველები აიძულა მწყობრი დაერღვიათ და შეცდომა დაეშვათ. სწორედ ამას მოჰყვა შალამბერიძის გოლი მატჩის დებიუტში. ხარებაშვილმა ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმო ხაზიდან მეკარე რომან ტაკიძეს ძლიერად დაურტყა. ქობულეთელთა კიპერმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველაზე მოხერხებული შალამბერიძე აღმოჩნდა, რომელმაც გახსნა კიდეც აგარიში – 1:0.

სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ გაგა კირკიტაძის ბიჭები მოედნის ცენტრალურ ხაზშივე ცდილობდნენ დაკარგული ბურთის დაბრუნებას. ამ პრესინგმა რიგ მომენტებში შედეგი გამოიღო და „გაგრამ“ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, რომელსაც საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს ზვიად მეტრეველმა ჯაბა კასრელიშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გოლიც კი გაიტანა, მაგრამ მატჩის არბიტრმა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ამის შემდეგ, თენგიზ ბრეგვაძეც ურტყამდა კარში სახიფათოდ. საბოლოო ჯამში, კი გაგრელთა ზეწოლამ ის შედეგი გამოიღო, რომ მასპინძლებს პირველ ტაიმში ერთხელაც არ დაურტყამთ კარში.

მეორე ტაიმი ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, რომ ლაშა ჩიხლაძემ ანგარიში გაათანაბრა. ამან თამაში გახსნა და ტაიმი უფრო დახუნძლული გამოდგა სახიფათო მომენტების მხრივ, ვიდრე პირველი. პაპუაშვილი და ხარებაშვილი ურტყამდნენ სახიფათოდ. თუმცა, ყველაზე რეალური შანსი კობა შალამბერიძეს ჰქონდა, რომელსაც შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე კი ნემსაძემ ვეღარ მოარტყა ბურთს ფეხი.

ასეა, თუ ისე, მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა და „გაგრამ“ აქტივში პირველი ქულა მიითვალა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 მარტს, შინ „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

შუქურა – გაგრა 1:1

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი (გიორგი ცერცვაძე, 84’), ოთარ ჯავაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე (ანდრე ნემსაძე, 63’), ბექა ნიკოლაშვილი (ნიკა ქორიძე, 58’), გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ბექა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი.

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

გოლები: 0:1 – შალამბერიძე (3’), 1:1 – ჩიხლაძე (46’)