გაგრა – შევარდენი 1906 0:1

საფეხბურთო ფორტუნამ „გაგრას“ ზურგი აქცია. ამ სეზონში ეს უკვე მეორედ მოხდა, როცა გაგა კირკიტაძის გუნდს არ უნდა წაეგო, მაგრამ დამარცხდა. პირველად გაგრელებს თბილისის „მერანთან“ შეხვედრაში არ გაუმართლა, როცა 93-ე წუთზე დაშვებულმა ერთმა შეცდომამ წყალში ჩაყარა გუნდის მთელი გარჯა და ძალისხმევა.

„გაგრამ“ „შევარდენთანაც“ სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. გუნდი მოედნის ყველა მონაკვეთისთვის თავგამოდებით იბრძოდა, შექმნა არაერთი სახიფათო მომენტი, მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ფეხბურთელებს სიზუსტე ღალატობდათ. რიგ შემთხვევაში კი „შევარდენის“ მეკარე, გიორგი ჩოჩიშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

გიორგი პაპუაშვილმა შეასრულა სახიფათო სტანდარტი, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა და მოიგერია რთული ბურთი. მარჯვენა ფრთაზე ვასილ ხოსიტაშვილმა და გიორგი ხარებაშვილმა აიკლეს სტუმართა დაცვა, არაერთი ჩაწოდება განახორციელეს მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ „შევარდენის“ მცველები ზუსტად ირჩევდნენ პოზიციებს და მეკარეც უშეცდომოდ უძღვებოდა თამაშს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. უკომპრომისო ბრძოლა მოედნის ყველა მეტრისთვის მიმდინარეობდა. მატჩის კვანძი კი 69-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევისას გაგრელებმა მიიჩნიეს, რომ მსაჯს თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინა და ინსტიქტურად წამით შეჩერდნენ. ამით ისარგებლა სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ ბატალსკიმ და ზუსტი გადაცემით მეკარის მოედანზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი გიორგი ივანიაძე მოძებნა, რომელსაც ისღა დარჩენოდა ხუთიოდე მეტრიდან თავური დარტყმით გაეხსნა ანგარიში. „გაგრას“ ყოფილმა შემტევმა საჩუქარი კარგად გამოიყენა და „შევარდენი“ დაწინაურდა – 0:1.

თამაშის ხასიათიდან გამომდინარე გაგრელები მარცხს არ იმსახურებდნენ, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი გადაწონა. ასეთია ფეხბურთი, 90 წუთი სიფხიზლეს მოითხოვს. საბოლოო ჯამში, გაგა კირკიტაძის გუნდი მინიმალური სხვაობით დამარცხდა და დღეისთვის 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 8 აპრილს, თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს.

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ცერცვაძე (ნიკა ქორიძე, 73’), ანდრო ნემსაძე, ლევან ბარაბაძე (ბექა ნიკოლაშვილი, 87’), გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი, კობა შალამბერიძე (თენგიზ ბრეგვაძე, 61’), ზვიად მეტრეველი.

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

გაფრთხილება: გიორგი ხარებაშვილი (68’)

გოლი: 0:1 – გიორგი ივანიაძე (69’)