კოლხეთი 1913 – გაგრა 0:2

„გაგრამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და საგრძნობლად გამოიკეთა ხასიათი. მსგავსი სპურტი სწორი ორგანიზაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. გამოიკვეთა შემადგენლობაც და გუნდის სათამაშო სქემაც.

ჩვენი ბიჭების მორიგი მსხვერპლი ფოთის „კოლხეთი 1913“ გახდა. „პარკ არენაზე“ გასვლამდე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სამომავლოდ მეტი დამაჯერებლობისთვის, 3 ქულის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. გაგა კირკიტაძემაც სათამაშო სქემა ამ ამოცანას შეუსაბამა და გუნდმა თამაში 3-4-3 სისტემით გააჩაღა. ამ სქემაში ნიკოლაშვილი და პაპუაშვილი ზვიად მეტრეველს უმაგრებდნენ ზურგს, ხოლო ჯავაშვილი და ხოსიტაშვილი შალამბერიძეს და ბრეგვაძეს. გიორგი ხარებაშვილმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამიტომ წინა ხაზში შალამბერიძეს და მეტრეველს თენგიზ ბრეგვაძე შეუწყვილდა და საკმაოდ კარგადაც ითამაშა.

იდეაში ასეთ მიდგომას კირკიტაძის ბიჭებისთვის მოედნის ცენტრალურ რგოლში უპირატესობა უნდა მიენიჭებინა, რასაც ფორვარდების გააქტიურება მოჰყვებოდა, მაგრამ ორივე გუნდისთვის მეტისმეტად დიდი იყო 3 ქულის ფასი, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილობდნენ გადაწყვეტილების მიღებისას და პირველ ტაიმში ზედმეტ გართულებებს თავს არიდებდნენ. შესაბამისად, პირველი ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისით არცთუ თვალსასეირო გამოდგა.

მეორე ტაიმში კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თენგიზ ბრეგვაძემ მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა – 0:1. ამას გაგრელთა თამაშში გადაადგილებები მოჰყვა. გუნდი თავისთვის ჩვეულ რიტმზე, 4-3-3 სისტემაზე გადაეწყო და თამაში კონტრიერიშებზე განაგრძო. არც შემცდარა. ჩვენი ბიჭების უპირატესობა თვალშისაცემი გახდა და გატანილი გოლების გარდა, მათ კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ფოთელთა მეკარე გიგო აბულაშვილის კარის დალაშქვრა.

მეორე გოლი კობა შალამბერიძემ თამაშის დასრულებამდე 5 წთით ადრე გაიტანა და შეიძლება ითქვას, საბოლოო წერტილი დაუსვა მატჩს. ამ გამარჯვებით „გაგრამ“ 11 ქულა მოაგროვა და საგრძნობლად მიუახლოვდა ლიდერთა ტრიოს. მომდევნო შეხვედრას გაგა კირკიტაძის ბიჭები მუხიანის სპორტულ კომპლექსში, 3 მაისს გამართავენ. მათი მეტოქე „ცხინვალი“ იქნება.

 

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა ჯასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი პაპუაშვილი, ბექა ნიკოლაშვილი (ნიკა ქორიძე, 89’), ოთარ ჯავაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე (ლაშა-გიორგი ობოლაძე, 76’), კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

გოლები: 0:1 – თენგიზ ბრეგვაძე (54’), 0:2 – კობა შალამბერიძე (85’)

გაფრთხილება: გიორგი პაპუაშვილი