მუხიანის სპორტულ კომპლექსში, „გაგრასა“ და „თელავს“ შორის, ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ნამდვილ ფეხბურთს რომ ეკადრება. გასულ სეზონში, გაგრელთა მწვრთნელი გაგა კირკიტაძე „თელავის“ მთავარი მწვრთნელის დენის ხომუტოვის თამაშემწე იყო და შესანიშნავად იცის მისი საფეხბურთო ხედვა. შესაბამისად, მან გუნდისთვის ისეთი ტაქტიკა შეარჩია, რომელიც თელაველთა სწრაფი შემტევების მოქმედების არეალს ზღუდავდა. ხელსაყრელ მომენტში კი „გაგრა“ სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა.

ამ წყობამ შედეგი გამოიღო. პირველ ტაიმში სტუმრებს საგოლე მომენტი, ფაქტობრივად, არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ, „გაგრას“ ჰქონდა რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაცია მეტოქის კარის ასაღებად. სახიფათოდ უტევდნენ შალამბერიძე და ხოსიტაშვილი. კარგი დარტყმები შეასრულეს მეტრეველმა და ტყეშელაშვილმა, მაგრამ ბურთი თელაველთა კარში არ გასულა.

მეორე ნახევარში მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. „გაგრამ“ დებიუტში ზეწოლა მოახდინა მეტოქეზე, ის სათამაშო მდგომარეობიდან გამომდინარე ცვლიდა სამოქმედო გეგმას, – ხან უტევდა, ხან პრესინგს თამაშობდა, ხან თავს იცავდა და კონტრიერიშებზე გადადიოდა. ამან თავისი შედეგი გამოიღო. შეხვედრის 54-ე წუთზე თელაველთა საყრდენი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან შეცდა, ბურთი ზვიად მეტრეველს მიუვიდა, მან მცირე პაუზა გააკეთა, მდგომარეობა ზუსტად შეაფასა და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, – 1:0. ეს ზვიად მეტრეველის მეხუთე გოლი იყო მიმდინარე სეზონში და ამ მაჩვენებლით ის „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირია.

გოლის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, ერთ-ერთ ეპიზოდში ბექა ქურდაძემ ფანტასტიკური სეივი განახორციელა, როცა ცხრიანიდან ჩამოხსნა ბურთი. კარგი შესაძლებლობები ჰქონდათ იგივე მეტრეველს, თენგიზ ბრეგვაძეს, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. საბედნიეროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

დღეისთვის, 21 ქულით „გაგრა“ სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება და მესამე საფეხურზე მყოფ „სამტრედიას“ 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გაგა კირკიტაძის გუნდი 19 ივნისს, ჩვენი ქვეყნის თასის გათამაშების ფარგლებში გამართავს და ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მთავარი ამოცანა, „თელავის“ სწრაფი გარემარბების შეჩერება იყო. ვნახეთ, რომ ჩანაფიქრი გამოგვივიდა. ვერც გოგოლიძემ და ვერც რუხაძემ დიდი საფრთხე ჩვენს კართან ვერ შექმნეს. გოლის შემდეგ ბიჭებს ვთხოვე გამოეყენებინათ ის სივრცეები, რომლებიც მეტოქის თამაშში გამოჩნდა და შეძლებისდაგვარად შეეტიათ. შედეგად, კიდევ გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ“.

ზვიად მეტრეველი („გაგრას“ ფორვარდი): „გოლის მომენტში მეტოქის საყრდენი შეცდა და ბურთი მივიღე. პაუზა გავაკეთე იმის გამო, რომ კუთხიდან ვუტევდი და მეკარის პოზიცია შევაფასე. საბედნიეროდ გოლი გავიტანე, რაც ძალიან მახარებს. საინტერესო თამაში გამოვიდა. ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. ჩვენ მატჩის მსვლელობისას ტაქტიკას ვცვლიდით, ხან დაცვაზე ვიყავით ორიენტირებული, ხან კონტრშეტევებზე, ხან ვდომინირებდით. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა და 3 ქულა მოვიპოვეთ“.

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი (გიორგი ცერცვაძე, 72’), ანდრო ნემსაძე, სანდრო შეწირული, გიორგი ქობულაძე, გიორგი პაპუაშვილი, ლევან ბარაბაძე (თენგიზ ბრეგვაძე, 64’), კობა შელამბერიძე (ბექა ნიკოლაშვილი, 79’), ზვიად მეტრეველი.

გოლი: 1:0 – ზვიად მეტრეველი (54’)

გაფრთხილება: გიორგი ქობულაძე, ზვიად მეტრეველი, გიორგი ცერცვაძე