ნავსი გატყდა. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ „გაგრამ“ მოიგო, თანაც ლამაზ სტილში. ორი უპასუხო გოლი გაუტანა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „შევარდენი 1906“ და ამ გამარჯვებით, პირველ რიგში, თვითრწმენა გაიღრმავა. ასეთი მატჩი ჩვენ გუნდს ადრეც ჰქონდა ლიდერ „მერანთან“, „ძელებიც ჩამოუხსნა“ მეტოქეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამჯერად კი საქმე ისე წარიმართა, როგორც „გაგრას“ მთავარ მწვრთნელ გაგა კირკიტაძეს ჰქონდა დაგეგმილი.

თქმა არ უნდა, რომ მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომ ფეხბურთელები მოედნის ყოველი მონაკვეთისთვის თავგანწირვით იბრძოდნენ. გაგრელთა მთავარი ამოცანა მეტოქის ფეხბურთელებისთვის სათამაშო დიაპაზონის შეზღუდვა იყო. უნდა ითქვას, რომ ჩვენებმა ამ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

ფლანგებზე აქტიურობდნენ ვასილ ხოსიტაშვილი და ლევან ბარაბაძე, თავდასხმის ცენტრალურ ზონაში კი ლაშა ოზბეთელაშვილი. სწორედ მას ჰქონდა პირველ ნახევარში კარის აღების ყველაზე რეალური შანსი, როცა ახლო მანძილიდან ურტყამდა მეკარე გიორგი ნადირაძის კარში, მაგრამ „შევარდენის“ კიპერმა ბურთი მოიგერია.

თამაშს ისეთი პირი უჩანდა, რომ „გაგრას“ გოლი უნდა გაეტანა. ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო და გულშემატკივართა მოლოდინმაც არ დააყოვნა. 56-ე წუთზე მოედანზე ცოტნე ფაცაცია შემოვიდა. ცოტნე ერთი წუთის შემოსული იყო, რომ მარცხენა ფრთიდან ლევან ბარაბაძის გამჭოლი პასი მიიღო და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. ეს ცოტნეს სადებიუტო გოლი იყო „გაგრას“ რიგებში.

ამის შემდეგ, თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. გუნდები სახიფათოდ უტევდნენ ერთიმეორის კარს. ორ ეპიზოდში შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა ჩვენი გუნდის კიპერმა ბექა ქურდაძემ, რომელმაც ურთულესი ბურთები მოიგერია. 10 წუთის შუალედში გაგა კირკიტაძემ ორი ცვლილება განახორციელა. მინდორზე ნახევარმცველი ივანე ოქროპირიძე და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე შეიყვანა, რამაც თვისობრივად შეცვალა „გაგრას“ შემტევი პოტენციალი.

თამაშის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, როცა 17 წლის ლუკა ტორონჯაძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბოლომდე იბრძოლა. წაგებული ბურთი აართვა მცველებს და პირისპირ დატოვა ივანე ოქროპირიძე, რომელმაც ზუსტი დარტყმით, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ჩასვა ბურთი, – 2:0. ეს გოლი ოქროპირიძისთვისაც სადებიუტო იყო ოფიციალურ მატჩებში.

ლუკა ტორონჯაძის დებიუტი კი წარმატებული გამოდგა. ლუკა 19-წლამდელთა გუნდის ბომბარდირი იყო. ბოლო 6 შეხვედრაში მან 12 გოლი გაიტანა. ასეთი ფორვარდისგან კი ნებისმიერი მეტოქე უსიამოვნებას უნდა ელოდოს და ლუკამაც პირველივე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ პირველ გუნდში თამაშს იმსახურებს. თავის ანგარიშზე საგოლე პასი ჩაიწერა.

ამ გამარჯვებით „გაგრამ“ 28 წულა მოაგროვა. „ცხინვალს“ გადაასწრო და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით აღზევდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 31 აგვისტოს თელავში, ადგილობრივი „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „გუნდში რამდენიმე ცვლილება განხოცრიელდა. 19-წლამდელებიდან დაწინაურდნენ ლუკა ტორონჯაძე და მათე ტერელაძე. დღეს ლუკას დებიუტი შედგა. მოხარული ვარ, რომ არ ნერვიულობდა და დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი. საგოლე მომენტების რეალიზაციისას პრობლემებია, თუმცა, ამაზე ყოველ ვარჯიშზე ვმუშაობთ და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. თელავში რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ეს არ გვაშინებს. შევეცდებით იქაც ღირსეულად ვითამაშოთ.“

ლუკა ტორონჯაძე („გაგრას“ ფორვარდი): „ძალიან მიხარია, რომ წარმატებული დებიუტი გამომივიდა და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარე. მინდორზე შესვლის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ მეტოქის მცველებისთვის საჯარიმოდან ბურთის თავისუფლად ამოტანის საშუალება არ მიმეცა. მიხარია, რომ ამ მითითებამ შედეგი გამოიღო და საგოლე პასის ავტორი გავხდი. გუნდს კარგად შევეწყვე, ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ.“

ივანე ოქროპირიძე („გაგრას“ ნახევარმცველი): „ჩემი სადებიუტო გოლი იყო დღეს, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მახარებს. ამ გოლს ჩემს ოჯახს და მეგობრებს ვუძღვნი. ყოველთვის, როცა მინდორზე გავდივარ მაქსიმალურად ვიხარჯები და შევეცდები „გაგრასთვის“ გოლების გატანა მომავალშიც გავაგრძელო. ლუკასთან ერთად მეორე გუნდში მითამაშია და შეიძლება ითქვას, რომ შეთამაშებულები ვართ. გოლის მომენტიც კარგად გამოგვივიდა. ლუკამ პასი მომცა და მეც ზუსტად დავარტყი. ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას.“

ცოტნე ფაცაცია („გაგრას“ ნახევარმცველი): „ჩემი დავალება იყო დავხმარებოდი შემტევებს და მაქსიმალურად დამეძაბა თამაში. ლევან ბარაბაძემ მარცხნიდან გამჭოლი პასი გააკეთა მე ბურთს ადგილზე დავხვდი და დავინახე, რომ მეკარე სხვა კუთხისკენ იხრებოდა, ოდნავ პაუზა დავიჭირე და კარში შევაგორე ბურთი. ვარჯიშებზე ასეთ კომბინაციებს ვამუშავებთ ხოლმე და მიხარია, რომ რეალურ შეხვედრაში გოლი გავიტანე. ამ გამარჯვებამ, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შეგვმატა. შევეცდებით თელავშიც დადებით შედეგს მივაღწიოთ.“

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ბექა ნიკოლაშვილი (ცოტნე ფაცაცია, 56’), ლევან ბარაბაძე, ერეკლე სულთანიშვილი, სანდრო შეწირული, ლაშა მანაგაძე (ივანე ოქროპირიძე, 67’), გიორგი ქობულაძე, ლაშა ოზბეთელაშვილი (ლუკა ტორონჯაძე, 77’).

გოლები: 1:0 – ცოტნე ფაცაცია (57’), 2:0 – ივანე ოქროპირიძე (89’)

გაფრთხილება: ლაშა მანაგაძე (63’)