სეზონის ფინიშზე „გაგრა“, შეიძლება ითქვას, სათამაშო ფორმის პიკზე გავიდა. გუნდმა მიჯრით ორი თამაში მოიგო და ამით, ფაქტობრივად, პროგრამა მინიმუმი შეასრულა. გაგა კირკიტაძის გუნდი პლეი აუტის ზონას 7 ქულით უსწრებს და დარჩენილ 4 ტურში ნაკლებად სავარაუდოა პოზიციები დათმოს. მით უფრო, რომ მთავარი კონკურენტები („ზუგდიდი“, „გურია“, „ცხინვალი“) ერთმანეთს ეთამაშებიან.

„გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან თბილისის „შევარდენი 1906-თან“ ისეთი თამაში აჩვენა, რასაც გუნდის ქომაგი მთელი სეზონის მანძილზე ელოდებოდა. ამ თამაშში მრავლად იყო სივრცეები შეტევაში, იყო ზუსტი გამჭოლი პასები, როცა ერთი გადაცემით მთელი დაცვა იჭრებოდა და შემტევი ფეხბურთელი მეკარის წინ, დასარტყმელ პოზიციაზე რჩებოდა. იყო ზუსტი დარტყმები და ლამაზი გოლები.

საყოველთაო აღიარებით, ასეთი ხარისხის თამაშით „გაგრას“ თავისუფლად შეეძლო პლეი ოფისთვის ბრძოლა. თუმცა, სეზონის მანძილზე გუნდს არაერთი კატაკლიზმის დაძლევა მოუხდა, რამაც გაგრელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა. საკმარისია ითქვას, რომ გუნდმა ჩემპიონატის მსვლელობისას სამჯერ განიცადა სახეცვლილება. ოპტიმალური შემადგენლობის შეთამაშებას კი დრო სჭირდება. სწორედ ამ დროის განმავლობაში დაკარგა გუნდმა ოქროს ქულები, რაც პლეი ოფში გასვლისთვის იყო აუცილებელი. დასკვნით წრეში კი „გაგრამ“ სრულად გამოავლინა თავისი პოტენციალი.

აშკარაა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. არადა „შევარდენთან“ მატჩის წინ გაგა კირკიტაძეს დიდი თავსატეხი გაუჩნდა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ცენტრალური მცველი ჯაბა კასრელიშვილი, დისკვალიფიკაციის მიზეზით კი მარჯვენა მცველი ვასილ ხოსიტაშვილი. ფაქტობრივად, გუნდი 2 მცველის ამარა დარჩა და მწვრთნელს მოუხდა დაცვის ცენტრში ნახევარმცველი, გიორგი ქობულაძე გაემწესებინა. მარცხენა მცველის პოზიციაზე კი შემტევი ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე. მატჩის მე-13 წუთზე მცველმა ომარ პატარკაციშვილმა ტრავმა მიიღო და მწვრთნელი იძულებული გახდა ის კიდევ ერთი ნახევარმცველით, ცოტნე ფაცაციათი შეეცვალა. ფაქტობრივად, „გაგრა“ ერთადერთი ნომინალური მცველის ამარა დარჩა.

მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის სარისკოა. არავინ იცის, როგორ გაართმევენ ფეხბურთელები თავს იმ პოზიციაზე თამაშს, რომელსაც მიჩვეულნი არ არიან. მაგრამ გაგა კირკიტაძეს არჩევანი აღარ დარჩა. საამაყოა, რომ ნახევარმცველებმა დაცვაში შესანიშნავი ტრიო შექმნეს და მეტოქეს არცერთი რეალური საგოლე მომენტის შექმნის საშუალება არ მისცეს. ცოტნე ფაცაცია კი მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

თამაში თავიდანვე ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. უკვე მატჩის მე-5 წუთზე ივანე ოქროპირიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ლაშა-გიორგი ობოლაძემ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ეს ლაშა-გიორგის სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. ამის შემდეგ, „გაგრას“ კიდევ ჰქონდა კარის აღების რეალური შანსები, მაგრამ პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. გაგა კირკიტაძის გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ჯერ ფაცაციას გამჭოლი პასით მეკარის წინ დარჩენილმა ბექა ნიკოლაშვილმა გაზარდა ანგარიშში სხვაობა, – 2:0, ხოლო შეხვედრის 71-ე წუთზე უკვე თავად ფაცაციამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით წერტილი დაუსვა მატჩს, – 3:0. მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 4 ნოემბერს შინ, „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „ყველამ დავინახეთ, რომ საკადრო პრობლემების მიუხედავად, გუნდს აშკარად მეტი შეუძლია. სეზონის მსვლელობისას არსებული ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები რომ არა, უკეთესი შედეგის მიღწევის შანსი ნამდვილად გვექნებოდა. დღევანდელ შეხვედრაში გუნდი კარგად აკონტროლებდა თამაშს, ეფექტურად უტევდა და საგოლე მომენტების რეალიზაციაც შესძლო. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტს მივაღწევთ.“

ლაშა-გიორგი ობოლაძე („გაგრას“ შემტევი ნახევარმცველი): „კონკრეტული დავალება გვქონდა გვეკონტროლებინა ბურთი და შეძლებისდაგვარად, სწრაფი გოლი გაგვეტანა. კარგია, რომ დავალება შესრულდა. გოლი სწრაფი შეტევის შედეგად გავიტანეთ. ივანე ოქროპირიძემ მარჯვენა ფრთიდან კარგი პასი გამიკეთა, მეკარის მოძრაობა შევნიშნე და კარის წინ დარჩენილმა ზუსტად დავარტყი. მეორე ტაიმში ბურთის კონტროლი და სწრაფი კონტრშეტევების წარმოება გვევალებოდა. ვფიქრობ, ამ მატჩში იმ გუნდმა გაიმარჯვა, ვისაც გამარჯვება უფრო მეტად სურდა.“

ცოტნე ფაცაცია („გაგრას“ შემტევი ნახევარმცველი): „სამწუხაროა, რომ წლევანდელ სეზონში რამდენიმე ჩავარდნა გვქონდა. რომ არა ეს ჩავარდნები, ახლა შეიძლება მაღალი მიზნებისთვის გვებრძოლა. დღევანდელ მატჩში ბიჭებმა თამაშში ყველაფერი ჩადეს, თავგანწირვით იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ქულების დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ჩვენი თამაში სწრაფ შეტევებზე ავაგეთ. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. მან საშუალება მოგვცა თამაში გვეკონტროლებინა.“

გაგრა: ბექა ქურდაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, გიორგი ქობულაძე, ომარ პატარკაციშვილი (ცოტნე ფაცაცია, 13’), ლაშა მანაგაძე, ლევან ბარაბაძე (მათე ტერელაძე, 86’), ერეკლე სულთანიშვილი, სანდრო შეწირული, ბექა ნიკოლაშვილი (ლაშა ოზბეთელაშვილი, 65’), ივანე ოქროპირიძე, ლაშა-გიორგი ობოლაძე

გოლები: 1:0 – ლაშა-გიორგი ობოლაძე (5’), 2:0 – ბექა ნიკოლაშვილი (62’), 3:0 – ცოტნე ფაცაცია (71’)