2 მარტს სტარტს აიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ახალი სეზონი, პირველ ტურში „გაგრა“ მუხიანში ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს. ფეხბურთის მოყვარულები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება, ვიდრე შარშანდელი იყო.
ამ მოსაზრებას თავისი ობიექტური არგუმენტები გააჩნია, წელს ლიგა 2-ში საინტერესო გუნდებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ასევე გამოცდილი და საინტერესო მწვრთნელები უდგანან სათავეში. აქედანვე ცხადია, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას ოდნავი მოდუნებაც არ შეიძლება.
ჩვენი გუნდი სეზონს განახლებული შემადგენლობით ეგებება. გუნდმა გაიარა შეკრება, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა და თანდათან ფორმაში შედის. უნდა ვაღიაროთ, რომ „გაგრა“ საკმაოდ გაძლიერდა. წინა ხაზში რამდენიმე შემტევი და გამოცდილი ფეხბურთელი დაიბრუნა, რომლებიც 2018 წლის სეზონში „გაგრას“ ღირსებას იცავდნენ და მოახერხეს კიდევ საპლეი ოფო ზონაში გასვლა.
ნახევარმცველები: რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილისის „მერანი“), გიორგი ივანიაძე („სამტრედია“), რატი კაკიაშვილი („თელავი“).
ეს ბიჭები სხვებთან ერთად 2018 წელს ერთ ნაბიჯში იყვნენ ისტორიის გადაწერასთან და ფორტუნას ზურგი რომ არ შეექცია ჩვენი ქვეყნის თასსაც დაეუფლებოდნენ როგორც 2011 წლის სეზონში.
წელსაც კლუბის ხელმძღვანელობას, ამ „ძველი გვარდიის“ დიდი იმედი აქვს. თუ ეს მოთამაშეები ფორმაში შევლენ ისინი ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემად გადაიქცევიან.
ამათ გარდა, კლუბში ჩაირიცხნენ: გიორგი ვეკუა („ვიტ ჯორჯია“, საყრდენი ნახევარმცველი), რომელიც ასევე „გაგრას“ აღზრდილია და მის ღირსებას იცავდა, შალვა სანაშვილი („შუქურა“ ქობულეთი, მარცხენა მცველი), თამაზ მაქაცარია („ვიტ ჯორჯია“, ფორვარდი), გია ჩადუნელი („დილა“ გორი, ცენტრალური მცველი), ლუკა ნოზაძე (რუსთავი, ცენტრალური მცველი), ნიკა ქავთარაძე („ვიტ ჯორჯია“, მეკარე). იჯარით, ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრები დავით სამსონია (ბათუმის ,,დინამო” ცენტრალური მცველი), თბილისის „ლოკომოტივიდან“ – ცენტრალური მცველი ბექა ბუიღლიშვილი და მარცხენა მცველი ლუკა ჯაფარიძე.
გიორგი შანიძე („გაგრას“ სპორტული დირექტორი): „გაგრა“ წელს ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, მაქსიმალისტები ვიქნებით ყველაფერში. სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. ის ფეხბურთელები ვინც შევიძინეთ აუცილებლად გაგვაძლიერებენ. გვაქვს მოლოდინი რომ წელს ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი გვექნება, შეიძლება საუკეთესოც იყოს კლუბის ისტორიაში. რამდენიმე ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში. ასაკობრივი გუნდი კი „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს, რაც ასევე დიდი მიღწევაა. გუნდმა შეკრება გაიარა, კარგი ატმოსფეროა როგორც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ისე ფინანსური კუთხით. იმის თქმა მსურს, რომ ყოველმხრივ მზად ვართ საუკეთესო შედეგის საჩვენებლად. სეზონის მსვლელობისას ვიმედოვნებთ, რომ რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ მოგვიწევს. თუ საჭირო გახდება, ამისთვისაც მზად ვართ, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს.
გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, შესაბამისად პერსპექტივაც დიდი აქვს. შეკრება გავიარეთ ორჯერადი ვარჯიშებით, მოტივაცია დიდია, ეროვნული ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. მსგავსი ამბიცია სხვა გუნდებსაც ექნებათ, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. პოტენციალი ნამდვილად არის, ისეთი ჩემპიონატი იქნება რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება. ლიგაში ბევრი ძლიერი გუნდია გამოკვეთილ ფავორიტს ვერ დავასახელებ, უფრო თანაბარი ძალის გუნდების ჩემპიონატი იქნება სადაც ღირსეული გაიმარჯვებს.“
გოდერძი ჩიხრაძე („გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი): „ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. პერსპექტივა ნამდვილად არის. გუნდში ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. კარგი ატმოსფეროა. კლუბის მენეჯმენტი გამართულად მუშაობს. შესაბამისად, ფეხბურთელებს ახლა აქვთ შანსი, რომ ქართული ფეხბურთის სამყაროში ავტორიტეტი მოიხვეჭონ. ამ გზაზე პირველ რიგში ნდობა უნდა დაიმსახურონ, როგორც მწვრთნელების, ისე გულშემატკივრების მხრიდან. ჩვენი საფეხბურთო კლუბი ფეხბურთისადმი სწორი მიდგომით გამოირჩევა. აქ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს სხვანაირად ვერ იქნება, ამიტომაც ხდება, რომ „გაგრაში“ ფეხბურთელებს თავის გამოჩენა არ უჭირთ. ამის მაგალითი რატი ცაცკრიალაშვილია. მის სანახავად თამაშებზე სპეციალურად დადიოდნენ, მაგრამ სხვა გუნდებში ასეთი გამორჩეული არ იყო. იმედი მაქვს რატი წელსაც დიდ სარგებელს მოგვიტანს. ფავორიტებს რაც შეეხება, რთული სათქმელია ვის მხარეს იქნება ფორტუნა. ვფიქრობ, 4-5 ტურის შემდეგ გამოჩნდება ვის რა შეუძლია. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც ყველას თანაბრად აძლევს შანსს და კლუბისთვის ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებს. მინდა მას და მის გუნდს წლევანდელ სეზონში წარმატებები ვუსურვო.“