ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში „გაგრამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა. გულშემატკივარმაც მოიკალათა ტრიბუნაზე და მუხიანის სპორტულ კომპლექსში საზეიმო გარემომ დაისადგურა.

 

გაგრელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მოედნის ცენტრში ბურთს უნარიანად აკონტროლებდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ შეტევის გადამწყვეტ ფაზაში ზუსტი დარტყმის განხორციელება უჭირდათ. რამდენიმე ეპიზოდში კი კარგად ითამაშა სტუმართა მეკარე მალხაზ ეხვაიამ.

საბოლოო ჯამში, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და თამაში ფრედ – 0:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 10 მარტს, სტუმრად, არაგვის წინააღმდეგ გამართავს.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „ბიჭებს გამარჯვების მისაღწევად, მცდელობა არ დაუკლიათ. მაქსიმალურად დაიხარჯნენ, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადე. გარკვეულ მომენტებში სიზუსტემ გვიმტყუნა. იყო მომენტები, როცა უწყინარ სიტუაციაში ბურთი იკარგებოდა. ეს უფრო შეუთამაშებლობის ბრალია. ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე გუნდი მოუმატებს, სასურველ კონდიციაში შევა და ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებს.“

გაგრა: დავით კერესელიძე, ვასილ ხოსიტაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა ნოზაძე, ივანე ოქროპირიძე, გიორგი ივანიაძე, ივანე ხაბელაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი (შალვა სანაშვილი, 85’), გიორგი ქობულაძე, გიორგი ვეკუა (ლაშა მანაგაძე, 60’), ერეკლე სულთანიშვილი