1-ელ მარტს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 დაიწყება. “გაგრა” თავის პირველ მატჩში  2 მარტს მარტვილის “მერანს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ზესტაფონში, “დავით აბაშიძის სახელობის” სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

 

                                                                      ჩვენი  მეტოქე – “მერანი”

მარტვილის “მერანი” ახალი სეზონისთვის საქართველოში ემზადებოდა. გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩი ფოთის “კოლხეთთან” გამართა და 4-2 იმარჯვა, მანამდე “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუზავდა (0-0), ზუგდიდის “დინამოსთან” კი ჩვენმა მოწინააღმდეგემ 5-2 იმარჯვა. მარტვილელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ: გუნდს ცოტნე მონიავა ჩაუდგა სათავეში, რომელიც შარშანდელ სეზონში გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. კლუბში ასევე მრავლად არიან ახალწვეულებიც. მარტვილის “მერანმა” 2019-2020 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და ლიგა 2-ში დასარჩენ ფლეი-აუტის ორრაუნდიან ბრძოლაში “გორი” დაამარცხა ( 0-0, 3-1).

 

ურთიერთშეხვედრები

“გაგრა” და მარტვილის “მერანი” ერთმანეთს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრებიდან ორი ლიგა 1-ს ფარგლებში გაიმართა, ორიც სათასო ბატალიების ეგიდით ჩატარდა, დანარჩენ 10 მატჩში კი, გუნდები ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის მასშტაბით დაუპირისპირდნენ. გამართული 14 მატჩიდან “გაგრამ” 4 მოიგო, 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 6 შემთხვევაში კი გამარჯვება მარტვილელებს დარჩათ. გატანილ-გაშვებული ბურთების მხრივ უპირატესობა ჩვენი გუნდის მხარესაა – “გაგრამ” მეტოქეს ჯამში 16 ბურთი გაუტანა, საპასუხოდ კი, საკუთარ კარებში 13 ბურთი მიიღო.

16-13