ჩემპიონატის სტარტს „გაგრა“ აშკარად კარგ ფორმაში შეხვდა. გაგა კირკიტაძის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა დიდი ანგარიშით. ამჯერად, სტუმრად საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა 4:0 და ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას.

სიხარულის საფუძველს იძლევა თამაზ მაქაცარიას თამაში. გაგრელთა ფორვარდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა დუბლის შესრულება და 4 გატანილი გოლით სათავეში უდგას ბომბარდირთა სიას. საჩხერეში თამაში იოლი არ არის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. უამინდობის გამო მოედნის საფარი დამძიმდა, რამაც თამაშის ხარისხზე ძლიერ იმოქმედა. ფეხბურთელებს გადაადგილება და ზუსტი პასების განხორციელება უჭირდათ.  ბევრი იყო შეჯახებებიც, რამაც უსიამოვნო ეპიზოდები გამოიწვია.

პირველი ტაიმის ბოლოს, როცა სტუმრები – 1:0 იგებდნენ, მეკარის მოედანზე გაგრელთა მეკარეს, დავით კერესელიძეს ერთბაშად 3 საჩხერელი ფეხბურთელი შეეჯახა. შეხვედრის არბიტრმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა, რასაც მასპინძელთა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის აღშფოთება მოჰყვა. საჩხერლები თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის დაფიქსირებას ითხოვდნენ. მსაჯი იძულებული გახდა მასპინძელთა მწვრთნელის ასისტენტი გაეფრთხილებინა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. „გაგრა“ მეტოქეზე აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა და მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

მომდევნო ტურში, რომელიც 15 მარტს გაიმართება, „გაგრა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.

დავით გელაშვილი (“გაგრას” ტექნიკური მენეჯერი): „მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მძიმე თამაში იყო. ამას მოედნის საფარმაც შეუწყო ხელი, რომელიც უამინდობის გამო დაზიანდა. რამდენიმე ეპიზოდში იყო უკმაყოფილება, რასაც მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბსა და მსაჯს შორის კამათი მოჰყვა. მსგავსი შემთხვევები ფეხბურთში ხდება, ასე რომ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.“

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „თამაშისთვის ყოველმხრივ მოვემზადეთ. ამინდმა მინდვრის ხარისხს თავისი დაღი დაასვა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით. ჩვენ გვქონდა თამაშის წარმოების საკუთარი გეგმა და მივყევით მას. როცა ტაიმის მიწურულს ანგარიში გავხსენით, შეხვედრის მართვა უფრო გაგვიადვილდა. მეორე ტაიმი უფრო დამაჯერებლად ჩავატარეთ და ლოგიკური გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, „ვიტ ჯორჯია“, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მებრძოლი და შრომისმოყვარე გუნდი იყო. იოლი თამაში არ იქნება. ჩვენ შევეცდებით გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

გაგრა: დავით კერესელიძე, ვასილ ხოსიტაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა ნოზაძე (დავით სამსონია, 84’), ლუკა კიკაბიძე, რატი კაკიაშვილი, ივანე ხაბელაშვილი (ერეკლე სულთანიშვილი, 65’), თამაზ მაქაცარია (თორნიკე მუმლაძე, 80’), გიორგი ქობულაძე, გიორგი ვეკუა (თეიმურაზ მარკოზაშვილი, 80’), გურამ სამუშია (დავით საჯაია, 84’)

გოლები: 1:0 – მაქაცარია (42’), 2:0 – სამუშია (50’), 3:0 – მაქაცარია (77’), 4:0 – ჩადუნელი (90+3’)