“გაგრას” პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე: “ზალცბურგთან” ვითანამშრომლებთ, აქციონერები მზად ვართ, მოსამზადებელ ცენტრი ავაშენოთ, მაგრამ ჩემი მთავარი სურვილია, სტადიონი გაგრაში ავაშენო”

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარი “გაგრა” ავსტრიის ბოლო წლების საუკეთესო კლუბ “რედ ბულ ზალცბურგთან” ითანამშრომლებს, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ გვითხრა, რომელთანაც ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

საიდან დაიწყო პრტნიორობა, რას ისახავს მიზნად, რა შეიცვალა “გაგრაში” და როგორ გახდა კლუბი სააქციო საზოგადოება?

ყველაფერი დაიწყო იმით, რაც ბესიკ ჩიხრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა – “დღეს ზალცბურგის “რედ ბულში” თანამშრომლობისთვის კარი გაგვიღეს. რეპორტაჟს მალე შემოგთავაზებთ”.

“გაგრს” პრეზიდენტს ავსტრიიდან დაბრუნებისთანავე ინტერვიუზე შევუთანხმდით. ჩიხრაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი პრეზიდენტია, რომელმაც ევროპაში პარტნიორის ძებნა დაიწყო. ეს მოთამაშეებისთვის “ტრამპლინი” უნდა ყოფილიყო…

გემახსოვრებათ საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბი “ლემანი”, რომელმაც “გაგრადან” ვახტანგ ფანცხავა და ამირან სანაია წაიყვანა, მერე კიდევ ბევრს შეუწყო ხელი – გიორგი გაბედავას, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი გადანის, გიორგი ჯგერენაიას, ლაშა თოთაძის ტრანსფერებიც გემახსოვრებათ.

ამ გზის გაჭრა ლამის კლუბის დაარსების (2004 წლი) დღიდან დაიწყო. ჩიხრაძემ უკრაინაში საფეხბურთო სკოლა დააფუძნა, მაგრამ ხელშესახები შედეგი ახლა მიიღო და, რაც მთავარია, “გაგრაში” ვითარება სასიკეთოდ შემოატრიალა.

თანამშრომლობა დიდი სისტემის წარმომადგენელთან

– როგორ დაუკავშირდით “ზალცბურგს”?

 13 წელია ვმუშაობთ “რედ ბულთან”, რომელსაც მსოფლიოში საფეხბურთო კლუბების სერიოზული ქსელი აქვს. მათთან ბიზნესი გვაქვს ჩვენ და “გაგრას” პარტნიორ კომპანიას. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოში ინტერესი გაუჩნდათ და გაზაფხულზე “რედ ბულის” გენერალური დირექტორი ბიზნესთან დაკავშირებით გვეწვია.

საუბრის დროს გაიგო, რომ ფეხბურთში ვიყავით და მისგან წინადადება წამოვიდა, რომ გვეთამაშრომლა. თავიდან ეს მეგობრულ ჟესტად ჩავთვალე, მაგრამ ერთი თვის წინ ავსტრიაში საქმიანი ვიზიტით მიგვიწვიეს და “გაგრაში” ჩემს პარტნიორებთან – მიხო სვიმონიშვილთან და გიორგი მახათაძესთან ერთად ახლა ჩავედით.

საათნახევრიანი პრეზენტაცია გვქონდა, დაგვათვალირებინეს ბაზა და სტადიონი, საფეხბურთო აკადემია, გვაჩვენეს, როგორ მუშაობს “ზალცბურგი” და აკადემია. იქ სტუმრობისას უეფა-ს ახალგაზრდული ლიგაზე “ზალცბურგისა” და ზაგრების “დინამოს” მატჩს დავესწარით.

“რედ ბულმა” ფეხბურთში პირველად სწორედ “ზალცბურგი” აიყვანა. მერე იყო “ლაიპციგი”, კიდევ 2 კლუბი ბრაზილიაში, ამერიკაში “ნიუ-იორკ რედ ბული” ჩამოაყალიბა, 10 დღის წინ კი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბი “პარიზი” იყიდა. ამ კომპანიასთან თანამშრომლობით კლუბები როგორ იცვლებიან, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ – ყველა მათგანი თავისი ქვეყანაში წამყვან პოზიციებზეა.

– ანუ თქვენ “რედ ბულის” სისტემის მე-8 გუნდი გახდებით?

– არა, თუმცა ამ დიდი სისტემის წარმომადგენელ “ზალცბურგთან” თანამშრომლობა დავიწყეთ. “რედ ბულის” სისტემას რალფ რანგნიკის შემდეგ სათავეში იურგენ კლოპი ჩაუგდა. ამ სისტემასთან თანამშრომლობის დაწყება ძალიან გვაიმედებს.

მათი გამოცდილება “გაგრას” დაეხმარება

– საბოლოოდ, რაზე მოილაპარაკეთ?

– კლუბების თანამშრომლობაზე, რომ “გაგრას” მეთოდოლოგიით და მწვრთნელების სტაჟირებასა და გაზრდაში დაგვეხმარებიან. ეს ძალიან სერიოზული თანამშრომლობის წინაპირობაა და იმედი მაქვს, ძალიან კარგ საქმეს დავუდეთ სათავე. მათი გამოცდილება “გაგრას” აუცილებლად დაეხმარება.

ასევე მოვილაპარაკეთ, რომ ჩამოვლენ, ადგილზე ნახავენ, ქართულ ფეხბურთში რა ხდება, ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან და გამორჩეულებს სტაჟირებაზე წაიყვანენ. რა თქმა უნდა, გავლენა იმ ფაქტმაც იქონია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კარგად იციან ვინ არის კიტეიშვილი, კვარაცხელია, მამარდაშვილი და დაახლოებით მოხარულები არიან. ნაკრების წარმატებაც ნახეს და მიხვდნენ, თანმაშრომლობა ღირდა. ესაა პირველ ეტაპზე მოლაპარაკების შედეგი. რა განვითარება მოყვება ამ ყველაფერს, შემდეგ ვნახოთ.

სხვათა შორის, “ზალცბურგის” ფარმკლუბ “ლიფერინგთანაც” ვითანამშრომლებთ, რომელიც ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. გუნდის მწვრთნელს მიხაილ ბრანდნერს და აკადემიის მთავარ კორდინატორ დანიელ რაიხს ვესაუბრე და დეტალებში გვითხრეს, როგორ მუშაობენ და ბავშვებს როგორ ზრდიან.

ამ გუნდში “ზალცბურგის” 17-18 წლის აღზრდილები პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ. მათ ტავსი გამოსავლენად მხოლოდ ერთი წელი აქვთ. საუკეთესოებს “ზალცბურგში” აწინაურებენ, ხოლო დანარჩენებს სხვა კლუბებში უშვებენ. პარტნიორობისთვის ესეც საინტერესო მიმართულებაა.

“გაგრას” ამბავი გულთან ახლოს მიიტანა…

– საერთოდ, არ დაგიმალავთ და, ფეხბურთის გუნდის მდგომარეობაზე სულ ვფიქრობდი და მადარდებდა. ფეხბურთისთვის სერიოზულად ხელი რომ მომეკიდა, ჯერ კოვიდმა და მერე უკრაინის ომმა შემიშალა ხელი. საკუთარ თავს ვუთხარი, ყველა ბიზნესი წარმატებული მაქვს და ფეხბურთიც ასეთივე წარმატებული უნდა გავხადო-მეთქი. ეს მაშინ მოხდა, ძალიან მძიმედ რომ ვიყავი…

– მახსოვს, “გაგრას” ყოფნა-არყოფნის საკითხიც იდგა…

– იყო გაჭირვების პერიოდი, მაგრამ “გაგრას” დაშლაზე არ მიფიქრია, რადგან ეს ჩემთვის აფხაზეთის და იქ დაბრუნების სიმბოლოა, მხოლოდ კლუბი არ არის. კოვიდის და უკრაინაში ომის გამო პრობლემები რამდენჯერმე შეიქმნა, ხელფასების დაგვიანებებიც გქვონდა. მაგრამ ყველა ვალი გავისტუმრეთ და ფეხზე ვდგებით.

– გულშემატკივრებისთვის უცნობია, რომ კლუბის აქციონერები მოძებნეთ. მსგავსი იდეა ბევრჯერ დაანონსდა, მაგრამ ამ კუთხით საქართველოში “გაგრა” პირველია…

gagra-1729899453.jpeg

– ასე გამოდის. პირველი აქციონერი მიხეილ სვიმონიშვილი იყო, რომელიც ბიზნესმენია და როდესაც შევხვდი, ავუხსენი, რა პრობლემები გვქონდა. “გაგრას” მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. ყველაფერი აქედან დაიწყო.

– მოლაპარაკება როდისღა დაიწყო?

– 2023 წლის დეკემბერში. სააქციო საზოგადოების საკითხი კარგად აქვს შესწავლილი. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და გუნდის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა გადავწყვიტეთ.

– ახლა რამდენი აქციონერი გყავთ?

– მიხო სვიმონიშვილის შემდეგ, კლუბის წინსვლაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს გიორგი და მამუკა მახათაძეებმა, ლადო ჭელიძემ, თორნიკე ჭიკაძემ, კომპანია “სარაჯიშვილმა”, გიორგი მანაგაძემ… ამას გარდა, ისრაელში ერთი, ხოლო შვეიცარიაში ორი პარტნიორი გვყავს.

კლუბის აქციების 75 პროცენტი დაბინავებულია

– სულ რამდენი აქცია გაყიდეთ?

– კლუბის აქციების 75 პროცენტი დაბინავებულია, 25 კი – თავისუფალი, რადგან მისი გაყიდვა დავამუხრუჭეთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ბევრი მსურველი გამოჩნდა. ჩვენი სურვილი კი ისაა, რომ აქციონერებს უკეთესი კლუბი, ანუ, უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ.

– აქციონერების მოსვლით “გაგრას” მდგომარეობა გააუმჯობესდა?

– რა თქმა უნდა. ამან “გაგრას” სტაბილურობა შეგვძინა და ამაზე ახალ, ბევრად უფრო ამბიციურ კლუბს ვაშენებთ. საამისოდ, სერიოზული მარკეტინგული პროგრამის დამუშავებაც მიმდინარეობს.

…ეს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია

– წლების წინ გსურდათ საკუთარი ბაზის აშენება, მაგრამ ვერ მოხერხდა. სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ ამ საკითხში წინსვლა არ არის?

– საკუთარი მოსამზადებელი ცენტრის არქონა ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს ძალიან გვიშლის. ეს კლუბის არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმია. ავსტრიაში რომ ვიყავი, გამიკვირდა, სახელმწიფო ფეხბურთს და კლუბებს როგორ ეხმარება.

– კონკრეტულად რაში ეხმარება?

– ეს მხარდაჭერა ბაზებისთვის ტერიტორიების გადაცემაში გამოიხატება. ამას ავსტრიაში მუნიციპალიტეტის დახმარებით აკეთებენ. ასე მაგალითად, “ზალცბურგს” 10 ჰექტარი გამოუყვეს და უნდა ნახოთ, როგორი თანამედროვე, კომფორტული და ფუნქციონალური სპორტული კომპლექსი აქვთ.

– უცნაურია, მაგრამ მსგავს საქციელს საქართველოში, რატომღაც, ბევრი კომუნისტურ გადმონაშთად თვლის…

– არ არის ასე და ამგვარი დამოკიდებულება ინფორმაციის არქონის შედეგია. ავსტრიაზე გითხარით. სხვადასხვა დროს “გენკთან” და “ლე მანთან” ვთანამშრომლობდი და იქაც იგივე სურათი ვნახე.

მაგალითად, ბელგიაში სახელმწიფომ “გენკს” 12-მოედნიანი ბაზა და საფეხბურთო აკადემია აუშენა, უფასოდ გადასცა და პლუს ახლა თვეში თითო ბავშვს 160 ევროს უხდის. საფრანგეთში “ლე მანს” სტადიონი გადასცეს, კლუბმა მხოლოდ საერთო ღირებულების 20 პროცენტი დახარჯა.

დასავლეთ ევროპაში ფეხბურთთან შეხება მქონდა და ზუსტად ვიცი, რომ მუნიციპალიტეტების კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის გარეშე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოუდგენელია.

აქციონერები მზად ვართ, ინვესტიციები ჩავდოთ

– ბაზაზე თქვენ კონკრეტული ჩანაფიქრი გაგაჩნიათ?

– გვაქვს და ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი ბაზა აუცილებლად გჭირდება. ახალი ბაზის ტერიტორიაზე სიტვიერი შეთანხმება გაგვაჩნია. აქციონერები სერიოზული ცენტრის აშენებისთვის მზად ვართ. საამისოდ მინიმუმ 4 ჰექტარი გჭირდება.

– რა თანხაზეა ლაპარაკი?

– გააჩნია, რა ტერიტორიას გადმოგვცემენ. ვიმეორებ, აქციონერები მზად ვართ, ინვესტიციები ჩავდოთ და მოსამზადებელი ცენტრი ავაშენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში “რედ ბული” გვერდში დაგვიდგება. მაგრამ ჩემი მთავარი სურვილი სტადიონის გაგრაში აშენებაა.

სხვათა შორის, ავსტრიაში არა მხოლოდ ის დავინახე, თუ რატომ ჩამოვრჩით თანამედროვე ფეხბურთს, არამედ ისიც, რამდენად ნიჭიერები ვართ. მათი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც ძლიერი ნაკრები გვყავს და მაგარ მოთამაშეებს ვზრდით.

– წლების წინანდელ ინტერვიუდან თქვენი ფრაზა დღემდე მახსოვს – ჩვენი ნიშა მსოფლიო ფეხბურთში შემოქმედი “10 ნომრების გაზრდა უნდა გახდესო…

– ახლაც ამ აზრზე ვარ. ევროპაში ნასწავლი ფეხბურთი იციან, ჩვენ კი არასტანდარულები ვართ. ერთხელ უკრაინაში მითხრეს, კარგად ვიცით, ჩვენი გაზრდილი მოთამაშე რას გააკეთებს, ქართველის მოქმედებას კი წინასწარ ვერ გათვლიო.

ჩვენ დიდი მცველები გვყოლია, მაგრამ რაშიც შეგვიძლია გამორჩეულები ვიყოთ, შემტევები და კრეატიული მოთამაშეებია – იმპროვიზაცია და ინდივიდუალიზმია ჩვენი ნიშა და აქცენტი ამ ნიჭის მქონე ბავშვებზე უნდა ავიღოთ.

– მაგრამ ევროპული დონის მისაღწევად მოთამაშეს ევროპაში წასვლა სჭირდება. ახლა რატომ ვერ ვზრდით ასეთ მოთამაშეებს?

– ამისთვის გჭირდება საკუთარი ბაზა, სადაც ფეხბურთელს მოსამზადებლად ყველა პირობები ექნებათ. ავსტრიაში ვარჯიშები ვნახე და 19-წლამდელების გუნდშიც კი ისეთი ინტენსივობაა, ჩვენთან ეროვნული ლიგის თამაშებზე რომ ვერ ნახავთ.

მიზეზი მიდგომებშიცაა – ავსტრიაში ბრძოლის საშუალებას აძლევენ, აქ კი ერთ შეხებაზე აჯარიმებენ. საერთოდ, მომზადებას ბევრი დეტალის გათვალისწინება უნდა, რაშიც “რედ ბული” დაგვეხმარება.

gagra-2-1729899489.jpeg

წყარო : Lelo.ge