ოცი წლის წინ, სახლსა და საკუთარ მიწას მონატრებული ადამიანები გაერთიანდნენ და „გაგრა“ თბილისში გადმოიტანეს. პატარა საფეხბურთო კლუბი იმ დროს მათთვის უკან დასაბრუნებელ გზაზე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. „გაგრა“ 2004 წელს, წარმოშობით გაგრიდან, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ბესიკ ჩიხრაძის, გიორგი მახათაძის , მამუკა მახათაძის და გოდერძი ჩიხრაძის მიერ დაარსდა. საერთო ოცნებისთვის, ტკივილისთვის და საფეხბურთო სიყვარულით გადაწყვიტეს კლუბისთვის „გაგრა“ დაერქმიათ. სწორედ ასე დაიბადა კლუბი „გაგრა“.
კლუბის შექმნის იდეა პერსპექტიული ახალგაზრდა თაობის წამოსვლამ კიდევ უფრო დააჩქარა. 2003-2004 წლებში ჭაბუკთა ლიგის პირველი გათამაშება ჩატარდა, სადაც მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებს შეეძლოთ მონაწილეობა. მაღალი დონის ტურნირი გოდერძი ჩიხრაძის გუნდის ჩემპიონობით დასრულდა, რომელიც შემდეგ გაგრის სახელით ასპარეზობდა. წლებთან ერთად საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ არა მარტო დამაარსებლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის არ დავიწყების და საკუთარ მიწაზე დაბრუნების სიმბოლოდ იქცა. ოცნებით განვლილი 20 წელი მარტივი არ იყო, თუმცა კლუბმა აქამდე ღირსეულად მოსვლა მაინც მოახერხა.
იმ დროს ქართულ ფეხბურთში თავის დამკვიდრება არც ისე მარტივი იყო. მიუხედავად ამისა, ახლად ჩამოყალიბებული კლუბი „გაგრა“ პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს მუდმივად იკავებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის „ჩიხურასთან“, 2008 წელს კი ცხინვალის „სპართაკთან“ დამარცხდა და უმაღლესი ლიგის საგზურს დაემშვიდობა.
თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის გარდა მცირე გამართლებაც იყო საჭირო. 2008/09 წლების სეზონში „გაგრას“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიეცა მას შემდეგ, რაც პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობის გადაწყვეტილებით, ჭიათურის „მაღაროელის“ კლუბმა ლიცენზირების კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. „გაგრამ“ კი ფინანსური გარანტიები წარადგინა და ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაგრელებმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენეს — გუნდმა პირველივე მატჩში სენსაციით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“. „გაგრამ“ უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი გაატარა და შემდეგ პირველ ლიგაში დაქვეითდა.
2010/11 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. იმ დროს „გაგრამ“ დაამტკიცა, რომ ის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას იმსახურებდა და ეს მხოლოდ გამართლება არ იყო. კლუბმა ფინალამდე ურთულესი გზა განვლო. ჯერ ფოთის „კოლხეთი“ და თბილისის „დინამო“ დაამარცხა, შემდეგ ნახევარფინალიდან „ვიტ ჯორჯია“ გამოაგდო, ფინალში კი ქუთაისის „ტორპედოს“ სძლია და ისტორიაში პირველად გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. მაშინ სპორტულმა ჟურნალისტებმა კლუბი „გაგრა“ წლის აღმოჩენად დაასახელეს.
ისტორიული გამარჯვებების შემდეგ, კლუბმა უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და სადებიუტო ევრო ტურნირებზეც იასპარეზა. ამ გამარჯვებით „გაგრამ“ ევროპის საფეხბურთო სამყაროში კლუბის სახელის და ისტორიის გატანა მოახერხა. კლუბისთვის ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო ზეიმი; გარდა სპორტული წარმატებისა, „გაგრას“ შექმნის არსი და იდეა ქალაქ გაგრაში დაბრუნება და იქ თამაშია. ეს ყველაფერი კი ევროპული ოჯახის გარეშე შეუძლებლად მოსჩანს.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაგრა“ შეხვდა ასევე ლტოლვილთა გუნდს „ანოირთოსს“. პირველი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად ანგარიშით 3-0 დათმეს, თუმცა მძიმე მარცხის მიუხედავად, ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. საბოლოოდ, „გაგრა“ ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა.
2017 წელს „გაგრამ“ ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი ზამთრის თასის გამარჯვებული. „გაგრამ“ ტურნირზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ყველა მოიგო და თასს დაეუფლა.
2019 წელს „გაგრამ“ ძველი დიდება დაიბრუნა და უმაღლეს ლიგაში კუთვნილი ადგილის დაბრუნება მოახერხა, სადაც დღემდე ღირსეულად ასპარეზობს.
2020 წელს, COVID პანდემიის დროს უმკაცრეს პირობებში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, კლუბმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა საქართველოს თასი, რაც იმის დასტური იყო, რომ „გაგრამ“ სირთულეები კიდევ ერთხელ დაძლია და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.
„გაგრამ“ დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის 1/16 ფინალში ფოთის „კოლხეთი 1913“ დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა, 1-0 მოუგო ბათუმის „დინამოს“, პენალტების სერიაში გორის „დილას“ სძლია, ხოლო საბურთალო და საგურალიც დაამარცხა და დამსახურებულად თასს დაეუფლა.
ამ გამარჯვებამ კლუბს კიდევ ერთი დიდება მოუტანა. საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში აფხაზური კლუბი, რომელიც საქართველოს სახელით მოღვაწეობს, გახდა ერთადერთი, რომელმაც ევროსარბიელზე მეორედ გავიდა და მეორედაც მეორე ლიგის წარმომადგენლის რანგში.
2020 წელს თასის მოგების შედეგად გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის სადებიუტო 2021-22 წლების სეზონზე იასპარეზა. საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“ დაუპირისპირდა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა სტუმრად მონტენეგროს „სუტიესკასთან“ პირველი თამაში 0-1 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1-1 დასრულდა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „გაგრა“ 1-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
მისია და ღირებულებები :
საფეხბურთო კლუბ გაგრას მენჯემეტი არ არის მხოლოდ ორიენტირებული სპორტულ მიხწევებზე. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაარსების დღიდან იძულებით გადაადგილებული პირების, გაგრელების ემოციური და მორალური მხარდაჭერა. კლუბის ღირებულები რამდენიმე ძირითად პრინციპზე არის აგებული:
1. მშობლიურ მიწაზე დაბრუნება
მისია, რომელიც 2004 წელს კლუბის დამფუძნებლებმა ჩაიფიქრეს 20 წელია უცვლელია, საფეხბურთო კლუბი გაგრის „გაგრა“ იქნება სიმბოლო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მან სანამ არ ითამაშებს გაგრაში ლურჯი ზღვის სანაპიროზე.
2. ფეხბურთი, როგორც ერთიანობის სიმბოლო
კლუბი გაგრა არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, ისევე როგოც ფეხბურთი, რომელიც აერთიანებს არამარტო კონკრეტულ ადამაინებსა და ჯგუფებს, არამედ სამყაროს
3. ახალგაზრდა თაობის აღზრდა და განათლება
„საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მენჯმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის ახალი თაობის აღზრდა, როგორც საფეხბურთო კუთხით ასევე მათი მხარდაჭერა საგანმანათებლო თვალსაზრისითაც. კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, ჯანსაღი და სრულფასოვანი გარემო იმისთვის, რომ მენტალურად და ფიზიკურად მზად იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის.
4. კლუბ “ გაგრას” ფეხბურთელების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა
ერთ-ერთი მთვარი გამოწვევა, რომელზეც კლუბის მენჯმენტი მუდმივად მუშაობს არის სპერსპექტიული ახალგაზრდების საერთაშორისო დონეზე წამორჩენა და ასევე კლუბ “გაგრას” მეშვეობით ქვეყნის ღირსეულად წარდგენა მსოფლიო საფეხბურთო ბაზარზე
5. ერთგულება და მებრძოლი სული:
ოცი წლის მანძილზე კლუბმა „გაგრამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ კლუბის მენჯმენტი და გუნდის წევრები არასდროს უშინდებიან გამოწვევებს, არასდროს წყვეტენ ბრძოლას გამარჯვებისთვის და განვთარებისათვის.
6. პატრიოტიზმი:
პატრიოტიზმი არის ის ღირებულბეა, რომელზეც კლუბის არსებობის ისტორია დგას. „გაგრა“ აერთიანებს ადამიანებს საერთო მიზნისთვის, რომლისკენაც სვლას ჩვენ არასდროს არ შევწყვეტთ. ჩვენ ვითამაშებთ გაგრაში!
7. ერთიანობა და გუნდის სიძლიერე:
კლუბის უკლებლივ ყველა თანამშრომელი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. თითოეული მოთამაშის როლი განუზომლელია მოედანზე. ჩვენი ერთიანობა და ურთიერთ პატივისცემა კლუბის ხელმძღვანელობისთვის ყველანაირ ტიტულზე ძვირფასია.