გაგა კირკიტაძე: „ჩვენი მიზანი უცვლელია“

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპის დრო დადგა. 1 ოქტომბერს „გაგრა“ „დინამო არენაზე“ გორის „დილას“ ეთამაშება და პოზიციების გამყარებას შეეცდება. გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ მზადების პროცესი შეაფასა.
– ჩვენი მიზანი უცვლელია. გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. გვესმის, რომ დასკვნით ეტაპზე შეცდომების დრო აღარ არის, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. სრული კონცენტრაციით ვემზადებით. ჩემპიონატის ბოლომდე გუნდის მომზადებაში სერბი სპეციალისტი დაგვეხმარება. ჩვენი ბიჭები ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯებიან. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გორის „დილასთან“ გადაიდგმება.
– გორის „დილა“ ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის. რა შეგიძლიათ, თქვათ ამ გუნდის შესახებ?
– ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, – ჩვენი მეტოქე კარგად დაბალანსებული გუნდია. რთული შეხვედრა იქნება, ისევე, როგორც ყოველთვის. ჩვენ მათი თამაში მაქსიმალურად შევისწავლეთ და შევეცდებით სრული კონცენტრაციის პირობებში დადებით შედეგს მივაღწიოთ. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები, თუმცა, ეს ფეხბურთია, თამაში, სადაც ერთ წუთში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
– ჩემპიონატის პირველ მეოთხედში გუნდმა 11 ქულა მოაგროვა. დაამარცხა თბილისის „დინამო“, „საბურთალო“, შემდეგი ორი წრის მანძილზე კი 7-7 ქულა. რა გახდა ამის მიზეზი?
– ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. პირველ წრეში ჩვენთან ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა. შემდეგ გუნდი ლიდერებმა დატოვეს და ფაქტობრივად, სეზონის მსვლელობისას ახალი შემადგენლობის ძებნა მოგვიხდა. ბუნებრივია, ეს ნებისმიერი გუნდისთვის მტკივნეული პროცესია და „გაგრა“ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე შედეგის დინამიკამაც იკლო.
– ბოლო თამაშებში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაში. ესეც ამ პროცესის ნაწილია?
– შემადგენლობას რაც შეეხება, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. ვცდილობთ, ის ფეხბურთელები ვათამაშოთ, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში საუკეთესო კონდიციაში იმყოფებიან. ასე იქნება ხვალაც. მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ერთადერთი, დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ნოზაძე გამოგვაკლდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს გეგმა და ვფიქრობ, ამის გამო პრობლემები არ შეგვექმნება.